ჭადრაკი

2:00 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილის ისტორიული პარტია – ფრე მაგნუს კარლსენთან

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებულ სუპერტურნირზე პირველივე ტურში დიდი სენსაცია დაფიქსირდა და სასიხარულოა, რომ მისი გმირი ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი (2498) გახდა.

ბაციაშვილი Qatar Masters Open 2015-ის საწყის ტურში შავი ფიგურებით მსოფლიოს ჩემპიონსა და რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ მაგნუს კარლსენს (2834) დაუპირისპირდა და 57-ე სვლაზე ყაიმის დაფიქსირება მოახერხა.

საინტერესოა, რომ ენდშპილში ნინოს მცირე უპირატესობაც ჰქონდა და გამარჯვების კონტურებიც კი გამოიკვეთა, თუმცა, ცხადია, საბოლოოდ, ფრეც დიდებული შედეგი გახლდათ.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამ წარმატების გამო, ქართველი მოჭადრაკე საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა და არაერთი მილოცვაც მიიღო.

საინტერესოა, რომ ტურნირის მე-2 დაფაზეც ქართველმა მოჭადრაკემ ითამაშა, თუმცა, ბელა ხოტენაშვილმა (2496) კიდევ ერთ ფავორიტ ვლადიმირ კრამნიკს (რუსეთი, 2796) ვერაფერი მოუხერხა და მარცხი განიცადა.

წააგეს სოფიკო გურამიშვილმა (2368) და ნანა ძაგნიძემაც (2559) და თუკი პირველის იტალიელ ფრანჩესკო რამბალდისთან (2560) მარცხი მოულოდნელი არ ყოფილა, იგივეს ვერ ვიტყვით ძაგნიძის წარუმატებლობაზე. ნანამ თეთრი ფიგურებით უცნობ მაროკოელ მოჰამედ ტისირთან (2347) წააგო.

მე-2 ტურში, რომელიც დღეს შედგება, ბაციაშვილი თეთრებით მე-9 განთესვის მქონე ჰარიკრიშნას (ინდოეთი, 2743) ეთამაშება, დანარჩენი ქართველები კი შავი ფიგურებით იასპარეზებენ. ძაგნიძის მეტოქე ალექსანდერ სეიბი (გერმანია, 2425) იქნება, ხოტენაშვილის – ნარაიანან სუნილდუტი (ინდოეთი, 2494), გურამიშვილის კი – დას ნელოპტალი (ინდოეთი, 2475).

ორიოდ სიტყვით დოჰას პრესტიჟული ტურნირის რეგლამენტის შესახებაც. ყატარის ღია პირველობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და მასში 132 მონაწილე ჩაება. შეჯიბრზე ყაიმის შეთავაზება 30-ე სვლამდეა აკრძალული და საპრიზო ფონდიც ძალიან სოლიდურია. ტურნირის ჩემპიონი 27 ათას დოლარს მიიღებს, მეორეადგიოლოსანი – 16 ათასს, მესამეადგილოსანი კი – 12 ათასს.

0.114775