ფეხბურთი

17:18 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტია: "თავის დროზე რუსეთში წასვლა ვიჩქარე"

აკაკი ხუბუტიამ მიმდინარე სეზონის პირველი წრე სლოვაკურ "მიხალოვცეში" გაატარა და შეუცვლელადაც თამაშობდა. ხუბუტია ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომელიც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას თითქმის მუდმივად თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში, თუმცა კახა ცხადაძეს არასოდეს გამოუძახებია.

worldsport.ge ხუბუტიას ესაუბრა.

აკაკი ხუბუტია: “ჯერ იქიდან დავიწყებ, რომ წინა სეზონი (2014/2015) კარიერაში ჩემთვის ყველაზე ცუდი იყო. ამას დაემატა საბერძნეთის "კერკირაში" მიღებული ტრავმა, რომელიც ადვილად მოსარჩენი არ იყო და 5 თვე წაიღო. ეს ტრავმა 22 თებერვალს მივიღე და მერე ვმკურნალობდი. ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდი გამიცდა. ამიტომაც სამმა გუნდმა თავი შეიკავა ჩემი აყვანისგან. არადა, იყო ვარიანტები რუმინეთიდან, რუსეთიდან და ჩეხეთიდან. "მიხალოვცეს" ვარიანტი 25 აგვისტოს გამოჩნდა. გუნდი ახალგაზრდული და პერსპექტიული ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ოღონდ გამოუცდელები იყვნენ და გამოცდილები სჭირდებოდათ. მხოლოდ მეკარეს და მე გვქონდა ნათამაშები უმაღლეს ლიგაში. ერთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, თუმცა ზამთარში შემეძლო წასვლა იმ შემთხვევაში, თუ კარგი გუნდის ვარიანტი გამომიჩნდებოდა. ასე შევთანხმდით.

- პირველ წრეში შენს თამაშს როგორ შეაფასებდი?

- ტრავმის მერე, თავიდან ცოტა შიში მქონდა, მაგრამ გადავლახე. "მიხალოვცეში" რომ მივედი, ჯერ ბოლომდე მზად არ ვიყავი. პირველი მატჩი ტრნავას "სპარტაკთან" გასვლაზე მომიწია. 1:0 მოვიგეთ და მე სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდი. ამაზე კარგი მატჩებიც ჩავატარე "მიხალოვცეში", მაგრამ ისეთებში, რომელშიც წავაგეთ და სიმბოლურში, თავადაც იცით, უფრო მოგებული გუნდის ფეხბურთელები შეჰყავთ. როცა მივედი, "მიხალოვცე" ბოლო ადგილზე იყო, ახლა კი ბოლოდან მესამეზე ვართ. უმაღლესიდან ერთი გუნდი ვარდება.

- ანუ, ნელ-ნელა უმატებდი თამაშს?

- როცა ორი წელი მოსამზადებელი არ გაგივლია, რა თქმა უნდა, გაგიჭირდება. 19 სექტემბერს დავიწყე თამაში და მას შემდეგ, ერთის გარდა, ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩავატარე. ის ერთიც იმიტომ გამიცდა, რომ ვიზის პრობლემების გამო მომიწია სლოვაკეთის დატოვება.

- რა შთაბეჭდილება დატოვა შენზე სლოვაკურმა ლიგამ? რამდენად ძლიერია?

- თავიდან მეგონა, რომ თითქოს სუსტი ჩემპიონატი იქნებოდა, მაგრამ შევცდი. საკმაოდ ნორმალური ლიგაა. რადგან რუსეთში, რუმინეთში და თურქეთში მქონდა ნათამაშები, მეგონა, სლოვაკეთში იოლი იქნებოდა თამაში, თუმცა ასე არაა. კარგი ფეხბურთელებიც თამაშობენ. მაგალითად, "მიხალოვცეშიც" კი გვყავს პრიმერა დივიზიონში ნათამაშები კაცი: მეკარე კელემენი.

- აქამდე რა გუნდებშიც თამაშობდი, სულ დაცვაზე ორიენტირებულნი იყვნენ და "მიხალოვცეც" ასეთია?

- სხვათა შორის, არა. გვყავს ბევრი ესპანელი და არგენტინელი, მათ კი დაცვიდან თამაშს ვერ დააძალებ. უფრო შემტევი გუნდი ვართ.

- სლოვაკეთში ფინანსურად ძლიერი კლუბები არიან?

- ბრატისლავის "სლოვანია" ასეთი. "სლოვანს" დაახლოებით ის ფინანსური შესაძლებლობები აქვს, რაც რუსეთის პრემიერლიგის საშუალო გუნდებს. რუსეთის პირველი ხუთეულის კლუბებს რომ აქვთ, იმათ ვერ შევადარებ. ერთი იმას ვიტყვი, რომ თავის დროზე ვიჩქარე რუსეთში გადასვლა - ანუ "მორდოვიაში". სამი-ოთხი წელი უნდა მომეცადა. მართალია, რუსეთში დიდი ფულია, მაგრამ ევროპაში უფრო გაფასებენ როგორც ფეხბურთელს.

- ამ ზამთარს კლუბის გამოცვლას ხომ არ აპირებ?

- არ ვიცი. თუ რაიმე საინტერესო წინადადებები იქნება, სერიოზულად განვიხილავ. არის ინტერესები უკეთესი ლიგებიდან და მოლაპარაკებაც მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122761