ფეხბურთი

20:42 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის 25 წლის იუბილე

დღეს დილის 9 საათიდან დაიწყო საფეხბურთო მარათონი კანცელარიასთან მდებარე მინიმოედანზე (ამ სტადიონს დღემდე ასე ეძახიან - ცეკა-ს სტადიონი). როგორც იცით, ეს მარათონი ეძღვნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25 წლის იუბილეს.

სულ 25 მატჩი გაიმართა. ეს იყო ტურნირი არა მოგებისთვის, არამედ მონაწილეობისთვის - სიმბოლურად. ყველა გუნდმა თითო თამაში ჩაატარა. სხვადასხვა პროფესიის პიროვნებებისგან შემდგარი გუნდები თამაშობდნენ და პირველი მატჩი დილით სფფ-სა და მთაწმინდის გამგეობას შორის გაიმართა. ითამაშეს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, ლევან კობიაშვილმა და სხვებმა. ისე, სიმბოლური იყო, რომ დღის პირველი გოლი კობიაშვილმა გაიტანა.

ტურნირზე ითამაშეს ჯანდაცვის, ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკის, თავდაცვის, სპორტისა და კულტურის სამინისტროებმა; რუსთაველის, ოპერისა და ბალეტის, მოზარდმაყურებელთა მსახიობებმა, იუსტიციის სახლისა და პატრულის წარმომადგენლებმა, ძიუდოისტებმა.

ჟურნალისტებსაც გვყავდა გუნდი და ძიუდოისტებთან მოგვიწია თამაში. 5:7 წავაგეთ. ამ ხუთი გოლიდან ერთი გოგონამაც გაიტანა - ჩვენმა კოლეგა მაგდა კლდიაშვილმა.

გარდა უფროსებისა, ითამაშეს ბავშვთა გუნდებმა, გოგონებმა და კიდევ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პიროვნებებმა. იყო ცეკვები, გამამახნევებელი შეძახილები.

შეგახსენებთ, ქართული ფეხბურთი 1990 წელს გამოეყო საბჭოეთისას, იმავე წელს, 22 თებერვალს შეიქმნა ფედერაცია, ხოლო ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი 30 მარტს გაიმართა: თბილისის "იბერიამ" ფოთის "კოლხეთთან" 0:1 წააგო.

1990 წელსვე, 27 მაისს, საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა: ამხანაგურში ლიტვას უმასპინძლა და 2:2 დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135164