ფეხბურთი

20:37 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა კვარაცხელია: "უკანასკნელი სტადიონები"...

უეფას მედია ოფიცერმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა კვარაცხელიამ სტუდია რეპორტიორში პრესკონფერენცია გამართა და თბილისში გამქრალი თუ გასაქრობად გამზადებული სტადიონების შესახებ ისაუბრა:

მამუკა კვარაცხელია: „რომ არა რომან ფიფია (6 ახალი მოედანი), თენგიზ სულაქველიძე (7 მოედანი), კარლო მჭედლიძე (3 მოედანი) და ილია კოკაია (2 მოედანი თბილისის ზღვაზე) , თბილისში სტადიონები აღარ დაგვრჩებოდა. ტარიელ ხეჩიკაშვილს და კახა ჭუმბურიძეს რომ არ ევაჟკაცათ, სამედიცინოს ადგილზე ჯერ ვითომდა კრიკეტის(!!!) მოედანის აგება უნდოდათ, მერე კი ბუნებრივია, გაყიდიდნენ. შეხედეთ სამედიცინოს ირგვლივ რამდენი კორპუსი აშენდა...ამ ხალხმა შეგვინარჩუნა და ახლები ააშენა...

უეფადან საფეხბურთო მივლინებების გამო ხშირად მიწევს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ჩასვლა და მინდა ცნობისთვის გითხრათ , რომ ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში (ბოლო ათ წელიწადში ჩვენთან რომ 20 სტადიონი განადგურდა) 20 სტადიონი აშენდა, სომხეთის დედაქალაქ ერევანში კი, ორი საფეხბურთო ბაზა და ოცამდე (!!!) მოედანი... აბა გაბედოს ვინმემ და დაუკითხავად შევიდეს ამ მოედნებზე (გაყიდვაზე არაფერს ვამბობ!!!)... ჩვენთან კი, 21- საუკუნეში თბილისში მოისპო შემდეგი სტადიონები:

  • სტუდქალაქის (ვაკეში) - 1 დიდი, 1 პატარა მოედანი
  • ოქროყანის (მთაწმინდაზე) – 1 დიდი მოედანი
  • ასკს (ავლაბარში) – 1 დიდი, 1 პატარა მოედანი
  • 35-ე სკოლის (ჩუღურეთში) – 1 დიდი მოედანი
  • სპორტის აკადემიის (ვაკეში) – 1 დიდი, 1 პატარა მოედანი
  • ქარიშხალას დარბაზის წინა - 1 დიდი მოედანი
  • სპორტის სასახლის უკანა - 1 დიდი მოედანი

უკვე გაყიდულია და დასანგრევად მზადაა:

  • სიონის სტადიონი (მუხიანი) – 2 დიდი მოედანი
  • ნორჩი დინამოელის (დავით ყიფიანის ქუჩა) -3 დიდი, 3 პატარა მოედანი
  • ოლიმპი (ჯიქიას ქუჩა) – 1 დიდი , 2 პატარა მოედანი
  • ფეიქარი (ნინუას ქუჩა)- 1 დიდი მოედანი
  • ლოტკინის სტადიონი (სამღერეთის ქუჩა) – 1 დიდი მოედანი
  • მაუდ-კამვოლის სტადიონი (დიდუბე) – 1 დიდი მოედანი
  • საქართველოს უნივერსიტეტის - 1 დიდი, 1 პატარა მოედანი
  • დიღმის მასივის - 1 საშუალო მოედანი მტკვრის სანაპიროზე
  • მერანის სტადიონი ( ბ. ხმელნიცკის ქუჩაზე) – 1 დიდი, 1 პატარა მოედანი
  • ე.წ. ზეემკას სტადიონი (ისან-სამგორი) – 3 დიდი მოედანი.

ცნობისათვის: მუხიანის სტადიონი 4 ნაწილადაა დაყოფილ-გაყიდული, ახლომახლო კი მუხიან-თემქა-გლდანის რამდენიმე რაიონს საფეხბურთო მოედანი არა აქვს!!!

-საქართველოს ნაკრების უახლესი ისტორიის სამჭედლო-ჯიქიაზე მდებარე „ოლიმპის“ სტადიონის მყიდველი უცხოელი ინვესტორები უკვე კბილებს აკრაჭუნებენ სიხარულით, როდის დაჰკრავენ ექსკავატორის ჩამჩას კორპუსებში ჩაძირულ საფეხბურთო ოაზისს, რათა ჩვენი უდარდელი ერისთვის ბეტონის კორპუსები ააშენონ, ფული აიღონ და იქ მცხოვრები ბავშვები ქუჩისთვის გაწირონ...

- მაუდ-კამვოლის სტადიონმაც დაკარგა თავისი ფუნქცია და ერთ დროს ცოცხალი მექანიზმივით მომუშავე არენა საშინელ დღეშია…

- „ბამბის ნართის“ ბალანსზე ირიცხება ნაძალადევში ერთ-ერთი უძველესი სტადიონი თბილისში - ე.წ. „ფეიქარი“, რომელმაც უამრავი ფეხბურთელი გამოზარდა და ათჯერ მეტი ქუჩას ააცდინა. გამოზრდილ ფეხბურთელებში კი არიან საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ცოცხალი ლეგენდები: ალექსანდრე ჩივაძე, ვოვა გუცაევი, ძმები მაჩაიძეები, ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი....კბილებით უჭირავთ სტადიონი საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ჟანი ლეჟავას და დათო სხიერელს, რომელიც გინესების რეკორდების წიგნშია შესატანი-ბავშვები რომ ქუჩას მოაცდინოს. დათომ საკუთარ სახლში გახსნა გასახდელი და უსასყიდლოდ ემსახურება სტადიონს... ვის არ მისწერა მწვრთნელთა დუეტმა, პარლამენტიდან დაწყებული და რაიონის გამგეობით დამთავრებული, მაგრამ რად გინდა, სტადიონი „ბამბის ნართს“ ეკუთვნის და როდის მოადგებიან აქაურობას ბულდოზერები, კაცმა არ იცის...

- საქართველოს უნივერსიტეტის სტადიონი, ფაქტობრივად განწირულია და მერიამ ხვალ უნდა გამოიტანოს დასკვნა, გადარჩება სტადიონი თუ არა...

-ე.წ. ზეემკას სტადიონზე სამივე მოედანი ამოიღეს ნიშანში და სადაცაა ამ უნიკალური სპორტული სარბიელის დანგრევას დაიწყებენ!

- ნორჩი დინამოელის ისტორიული სამჭედლო ქალაქის ცენტრში გაყიდულ-გაპარტახებულია უკვე მერამდენე წელია, და 1 500 ბავშვის გულის გამხარებელ ბაზაზე ხეები ამოვიდა...

- გაიოზ ჯეჯელავას დაარსებული 35 სკოლა, სადაც მესხის, იამანიძის, კოტრიკაძეების, ყიფიანის, გუცაევის და სხვა ვარსკვლავების ოფლი და სისხლია ჩაღვრილი- ავტოსადგომადაა გადაკეთებული...

ანუ რა გამოდის - ჩვენი წინაპრების მიერ ჩვენივე ფულით ნაშენი ჩვენი შვილებისა და შვილთაშვილების გასაჯანსაღებლად აშენებული სპორტული ინფრასტრუქტურა, წინა ხელისუფლების დროს საგანგებოდ (მე ვიტყოდი დანაშაულებრივად!!!) მიღებული კანონების შედეგად გადადის ვიღაცა კერძო პირის ხელში და მერე ზედ კორპუსები შენდება, რომელთა ამშენებელს იმის ჭკუაც არა აქვს, რომ შვილს ჯანსაღი გარემო და ჰაერი დაუტოვოს!

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, გული მტკივა და თქვენს წინაშე ვამბობ ამას- გამოსავალი კი მერიამ და საკრებულომ უნდა მონახოს:

ა) ინვესტორს სხვა ადგილი გამოუყოს,

ბ) შეისწავლოს კანონიერად მოხდა თუ არა მოედნის გასხვისება (ისე - როგორ შეიძლება მოედანი კანონიერად გასხვიდეს!!!)

გ) უკეთესი იქნება, თუ თავად მერია ან საკრებულო მონახავენ თანხებს და შეისყიდიან არსებულ მოედანებს და თბილისს შეუნარჩუნებენ... იმედია, მოინახება პატრიოტი ხალხი და არ დატოვებენ თბილისს სტადიონების გარეშე“...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115181