ფეხბურთი

10:10 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სათასო მატჩების წინ: ქუთაისში მორიგი “ტორპედო”-“დინამოა”

დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩები გაიმართება. ოთხივე წყვილი საინტერესოა და მეტ-ნაკლებად თანაბარიცაა. მართალია, ქუთაისის “ტორპედო” ცხრილში ბევრად დაბლაა, ვიდრე თბილისის “დინამო”, მაგრამ ჯერ ერთი თასია და ორ მატჩში რა მოხდება, არავინ იცის და მეორეც, პრინციპული მეტოქეები დადგებიან ერთმანეთის პირისპირ: ქუთათურებს არავისთან გამარჯვება ისე არ ახარებთ, როგორც “დინამოსთან” და პირიქით, დინამოელებიც ასე არიან განწყობილნი.

“ტორპედო”-“დინამოს” ურთიერთშეხვედრებზე. ბოლო მატჩი ამ სეზონში ქუთაისში გაიმართა და 1:1 დასრულდა. ქუთაისელები იგებდნენ დათა სიჭინავას გოლით და ბოლო წამებზე გაათანაბრა ბაჩა არაბულმა.

მთლიანობაში, 1990 წლიდან მოყოლებული, ოფიციალურ მატჩებში გუნდები 60-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 30-ჯერ დინამოელებმა იმარჯვეს, 15 “ტორპედომ”, ხოლო ასევე 15 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 105:59.

უშუალოდ თასზე კი “ტორპედოს” ჯერ არასდროს დაუმარცხებია “დინამო”. 7 მატჩიდან 4 დინამოელებმა მოიგეს, 3 კი ფრედ დასრულდა.

“დინამო” თასის მოქმედი მფლობელია და მეტიც, ზედიზედ 3-ჯერ აქვს მოგებული, სულ კი 12-ჯერ. “ტორპედო” კი წინა სათასო გათამაშებაში სწორედ მეოთხედფინალში გავარდა: “სამტრედიასთან”. ქუთაისელებს თასი ორჯერ მოუგიათ, 1999 და 2001 წლებში. ერთადერთი შემთხვევა, როცა ეს გუნდები ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, 2004 წელს მოხდა. თბილისელებმა 2:1 იმარჯვეს.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მწვრთნელებზე და ცალკეულ ფეხბურთელებზე. გია გეგუჩაძე საქართველოს ჩემპიონატის მასშტაბით გაცილებით გამოცდილია, ვიდრე ალექსანდრ შტელინი. ვფიქრობთ, დაძაბული შეხვედრა იქნება და შესაძლოა, ერთმა გოლმა გადაწყვიტოს მატჩის ბედი, ან სულაც ორმატჩიანი დუელის ბედიც.

“სამტრედია”-“სიონი”. ბოლო ურთიერთშეხვედრაში სამტრედიელებმა შინ 3:1 მოიგეს. ეს წინა სეზონის მატჩია, ამ სეზონში კი გუნდები ჯერ არ შეხვედრიან ერთმანეთს: 12 დეკემბერს ბოლნისში ითამაშებენ, ანუ ისე გამოდის, რომ ორკვირიან მონაკვეთში გუნდები სამჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს – ორჯერ თასზე და ერთხელაც ჩემპიონატში.

“სიონი” უკეთ გამოიყურება: მესამეზეა და მეხუთეადგილოსან “სამტრედიას” 7 ქულით უსწრებს. თასი ამ ორი გუნდიდან არცერთს არ მოუგია, ფინალში კი თითოჯერ ყოფილან. იმერლებმა წინა გათამაშების ფინალში 0:5 წააგეს თბილისის “დინამოსთან”, ხოლო “სიონი” 2003 წელს ასევე “დინამოსთან” 1:3 დამარცხდა.

“ჩიხურა”-“შუქურა” 2 დეკემბერს ხომ თასზე ითამაშებენ, 6 დეკემბერს ისევ ქობულეთში უკვე ჩემპიონატის მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ცხრილშიც მეზობლები არიან: ქობულეთელები მეექვსეზე, საჩხერელები მერვეზე და მათ შორის ერთი ქულაა სხვაობა.

საერთოდ, სოსო ფრუიძის გუნდი თასზე გაცილებით წარმატებულია, ვიდრე ჩემპიონატში. აქცენტიც სწორედ თასზე გადააქვთ ხოლმე და ორჯერ იყვნენ ფინალში (2013, 2014 - ორივეჯერ “დინამოსთან” წააგეს) , წლეულს კი ნახევარფინალში გავარდნენ “სამტრედიასთან”.

“შუქურას” კი საუკეთესო შედეგი სწორედ 2014 წელს ჰქონდა, როცა ნახევარფინალში გავიდა და იქ სწორედ “ჩიხურასთან” გავარდა.

და კიდევ ერთ წყვილზე: “ზუგდიდი”-“ვიტ ჯორჯია”. თენგიზ კობიაშვილის გუნდი ერთადერთი პირველლიგელია, რომელიც თასის მიმდინარე გათამაშებას შემორჩა. ვიტელები პირველ ლიგაში ცხრილის შუაში, მეცხრე ადგილზე არიან, თუმცა თასზე კარგად მიდიან, მერვედფინალში ბათუმის “დინამოს” ორივე მატჩი მოუგეს (3:2, 1:0).

“ზუგდიდს” რაც შეეხება, მათ გორის “დილა” გამოთიშეს (2:2, 1:0), რაც სახუმარო საქმე არ იყო. თუმცა ზუგდიდელები ჩემპიონატში სუსტად თამაშობენ და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე არიან. ორივე გუნდისთვის, ზუგდიდელთათვის და ვიტელთათვისაც დიდი მიღწევა იქნება ნახევარფინალში გასვლა. YY

14:00. ზუგდიდი. “ბაიას ბაზა”

“ზუგდიდი” – “ვიტ ჯორჯია”

მსაჯი: ი.კვირიკაშვილი

14:00. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”

“სამტრედია” – ‘სიონი”

მსაჯი: ა.ნონიკაშვილი

14:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”

“ჩიხურა” – “შუქურა”

მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი

17:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”

“ტორპედო” – “დინამო” (თბ)

მსაჯი: ჯ.ხორავა

საპასუხო შეხვედრები 16 დეკემბერს გაიმართება.

0.139339