ფეხბურთი

18:40 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის “კოლხეთი”: აქცია და დაპირებები
5 თვის დავალიანება – ეს უკვე მეტისმეტია

დღეს ფოთში აქცია გაიმართა. “კოლხეთის” ადმინისტრაციამ და ფეხბურთელებმაც ქალაქის მერიასთან გამართეს საპროტესტო აქცია. გასაგებიცაა, თუ რატომ: 5 თვის სახელფასო დავალიანებაა კლუბში. აქციაზე ითქვა, რომ ადგილობრივი მთავრობა მათ გასაჭირს ყურადღებას არ აქცევს. ფეხბურთელები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ დაპირებები ისმის, ქმედითი კი არაფერი ხდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და ისაუბრეს. გაირკვა, რომ მთავრობა უახლოეს დღეებში ერთი თვის დავალიანების დაფარვას დაჰპირდათ, მაგრამ ფეხბურთელებიც და ადმინისტრაციაც ამ დაპირებამ არ დააკმაყოფილა: მინიმუმ ორი თვის ხელფასი მაინც უნდა მივიღოთო. ითქვა ისიც, რომ ”კოლხეთის” ფეხბურთელები ვარჯიშს არ გააგრძელებენ და შესაბამისად, არც მომდევნო ტურში ითამაშებენ. ეს კი გუნდის დაშლას ნიშნავს...

ფოთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს სახსრები არ აქვს ორი თვის დავალიანების დაფარვისა.

“მსოფლიო სპორტი” ლაშა ჯაკობიას დაუკავშირდა და აქვე, მისი კომენტარიც:

“კლუბში გაუსაძლისი მდგომარეობაა. ახალი რა ვთქვა, მე თავად დღეს ფოთში ვერ ჩავედი, მაგრამ ვიცი, რაც ხდება. დავალიანება 300 000 ლარია, ქალაქის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ ფინანსურად უჭირს და ვერ გადარიცხავს თანხას. გუნდის ბიუჯეტისთვის მომავალი წლიდან იქნება თანხა, რომელიც 400 000 ლარს შეადგენს, დავალიანება კი საკმაოდ დიდია. სიმართლე ისაა, რომ მომავალში რა მოხდება, სრულიად გაურკვეველია. ფაქტია, დღესდღეობით კლუბი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113394