სხვა

14:25 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ წოდებაში დაწინაურება გაინაღდა
ტოჩინოშინს კაჩი-კოშისთვის დარჩენილი ოთხივე ბრძოლის მოგება სჭირდება

ქართველმა სეკიტორმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელსაც სუმოს სამყაროში გაგამარუს შიკონათი იცნობენ, ფუკუოკაში მიმდინარე სუპერტურნირზე მე-8 გამარჯვება იზეიმა და წოდებაში დაწინაურება გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი კიუშიუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, ფუკუოკური კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) კი მას რამდენიმე საფეხურით დააწინაურებს. გაგამარუმ მხოლოდ 3 მარცხის ფონზე მორიგ წარმატებას აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა დაიეშოსთან მიაღწია, რომელიც კოტენაგეთი დაჯაბნა.

გაგამარუს მომდევნო ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკიოისთან ელის, რომელსაც ასევე 8 გამარჯვება გააჩნია. იკიოი ყველაზე ძლიერი მეტოქეა მათ შორის, ვისაც ჯუღელი მიმდინარე ბაშოზე დაპირისპირებია.

ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, წარმატებას მიაღწია აღმოსავლეთის კომუსუბის წოდების მქონე ტოჩინოშინმაც. ქართველმა სუმოისტმა 7 წაგების ფონზე მე-4 გამარჯვება (იორიკირით) დასავლეთის ვეტერან იაპონელ, მე-3 მაეგაშირა ამინიშიკისთან იზეიმა. შედეგად, ტოჩინოშინს კაჩი-კოშის დაფიქსირების შანსი შერჩა, რისთვისაც დარჩენილი ოთხივე ბრძოლის მოგება სჭირდება.

გორგაძის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის პირველი მაეგაშირა ოსუნაარაში იქნება, რომელსაც 5 მოგება და 6 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსისთვის ასევე ბოლომდე იბრძოლებს. ქართველი სუმოისტი ეგვიპტელს პირველად გასულ სექტემბრის ბაშოზე გადაეყარა და მაშინ გამარჯვება ოსუნარააშის დარჩა.

კიუშიუ ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მიჯრით მე-11 გამარჯვება ოძეკი კისენოსატოსთან იზეიმა. “თეთრი ფენიქსის” უახლოესი მდევარი მონღოლივე იოკოძუნა ჰარუმაფუჯია. მან მე-10 მოგება სეკივაკე ტოჩიოძანთან გაიფორმა.

ნოემბრის ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა – 0:35-დან, ტოჩინოშინის – 7:26-დან

0.112023