სხვა

14:16 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი სუმოისტების მარცხიანი ნაკაბი

ფუკუოკაში მიმდინარე კიუშიუ ბაშოს შუალედური მე-8 დღე (ნაკაბი) წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. თავდაპირველად, მარცხი თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) განიცადა, შემდეგ კი, ლევან გორგაძემაც (ტოჩინოშინი) წაიფორხილა.

ეს უკანასკნელი აღმოსავლეთის იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეთი დამარცხდა. ქართველ გოლიათს, რომელიც ნოემბრის სუპერტურნირზე აღმოსავლეთის კომუსუბის რანგში ირჯება, 3 გამარჯვების წილ მე-5 მარცხი მოუგროვდა, თუმცა, ისიცაა, რომ დარჩენლ დღეებში შედარებით სუსტ მეტოქეებთან ჭიდილი მოუწევს.

ლევანის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის კომუსუბი იოშიკაძე იქნება, რომელსაც ზურგს 5 მოგება უმაგრებს. იაპონელი სეკიტორი ტოჩინოშინის დარად, სეკივაკეს წოდების მოსაპოვებლად იბრძვის, ამდენად, მომავალ შერკინებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ისიც ვთქვათ, რომ ურთიერთშეხვედრებში გორგაძე მეტოქეს 12:4-ს უგებს.

5 მოგების წილ მე-3 მარცხი შეემთხვა აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას ტიტულის მქონე გაგამარუს. ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ტაკაიასუსთან უვატენაგეთი წააგო. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს ერთადერთი მარცხი აქვს, ისევე, როგორც იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, ოძეკებს – კისენოსატოს და კოტოშოგიკუს და რიგით მაეგაშირა შოჰოძანს, ლიდერი კი იოკოძუნა ჰაკუჰოა 8 გამარჯვებით.

კიუშიუ ბაშოს მე-9 დღეს გაგამარუს პირისპირ აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ასასეკირიუ დადგება, რომელსაც 6 ბრძოლა აქვს წაგებული. მონღოლი სუმოისტი ქართველს ურთიერთშეხვედრებში მინიმალურად სჯაბნის – 3:2.

ნოემბრის ბაშოს მე-8 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 0:59-დან, ტოჩინოშინის – 9:54-დან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104225