ძიუდო

20:00 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა მედლების სამი კომპლექტი გაათამაშეს

დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე დღეს მედლები საწყის სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდა.

უმსუბუქეს წონაში შიდა კონკურენცია ლოგიკური ფინიშით დაგვირგვინდა – ფინალში ერთმანეთს პირველ-მეორე ნომრად განთესილი ძიუდოისტები: ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი დაუპირისპირდნენ და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ნაკრების წევრმა პაპინაშვილმა მოიპოვა. ოქროს ბედი ერთადერთმა იუკომ გადაწყვიტა, რომელიც პაპინაშვილმა მეტოქის შებოჭვით ზედ საფინალო გონგისას გამოიმუშავა.

ჩხვიმიანთან დაჭიდებამდე ამირან პაპინაშვილმა ოთარ თამლიანი, ლერი ბედინაძე და ირაკლი კუპატაძე იპონ-იპონ ჩამოიშორა.

66 კილოგრამში პირველ ნომრად საქართველოს 3-გზის ვერცხლის პრიზიორი (2011, 2012 და 2014) მინდია ლილუაშვილი იყო განთესილი, მაგრამ ამჯერად პოდიუმზე მხოლოდ მესამე საფეხურზე ავიდა. ძირითად ბადეში გამოსვლა მან მეოთხედფინალში დაასრულა, ბექა შავდათუაშვილთან წაგებით. ამ უკანასკნელმა ნახევარფინალშიც იმარჯვა. საჩემპიონო ბრძოლაში კი თორნიკე თათარაშვილთან ვეღარას გახდა. ცნობისთვის, თათარაშვილი და შავდათუაშვილი 1 ნოემბერს, აკადემიაშივე გამართულ საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებაზეც დაეჭიდნენ ერთმანეთს და მაშინაც თათარაშვილმა მოიგო.

ამჯერად ფინალის გზაზე თორნიკემ კახა ცაგარელს, ნიკა ხუციშვილს, ლევან კირკიტაშვილსა და მეორე ნომრად განთესილ გიორგი გუგულაშვილს აჯობა.

დღის დასკვნითი შეხვედრა 73 კილოგრამის ფინალი იყო. ერთმანეთს პირველ ნომრად განთესილი ფრიდონ გიგანი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი კაციაშვილი დაეჭიდნენ და ოქროს მედალს გიგანი დაეუფლა, მეტოქის შებოჭვით, თუმცა გადამწყვეტ ილეთამდე ვაზარით და იუკოთი აგებდა.

კაციაშვილთან დაჭიდებამდე გიგანმა ლაშა ლიპარტელიანის, გიორგი მათიაშვილისა და ომარ ნიაზაშვილის ძლევა მოასწრო.

ხვალ საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისი

12 ნოემბერი

60 კგ

1 ამირან პაპინაშვილი

2 ლუხუმ ჩხვიმიანი

3 ივანე ჯავახიშვილი

3 ნიკო ჭიკაიძე

66 კგ

1 თორნიკე თათარაშვილი

2 ბექა შავდათუაშვილი

3 მინდიალილუაშვილი

3 გელა კელიხაშვილი

73 კგ

1 ფრიდონ გიგანი

2 გიორგი კაციაშვილი

3 ანზორ ხმიადაშვილი

3 ზვიად კაპანაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111958