კალათბურთი

20:33 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვითას მეოთხე მარცხი

დამოუკიდებელი საქართველოს საკალათბურთო ისტორიის ყველაზე ტიტულოვანმა თბილისის ვითამ ვითიბი ლიგის გათამაშებაში მეოთხე შეხვედრა ჩაატარა და წინა მატჩებთან შედარებით ნაკლები სხვაობით დამარცხდა. ამჯერად ვითელთა მოწინააღმდეგე „სოხუმის“ ყოფილი დამრიგებლის, ლატვიელი სპეციალისტის აინარს ბაგატსკისის „ნიჟნი ნოვგოროდი“ იყო.

სტუმრები მათთვის კომფორტული სხვაობით დაწინაურებას თითქმის მთელი სათამაშო დროის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, მესამე პერიოდში კი “ვითამ” უკრაინელი ლეგიონერის ლიპოვის ზუსტი სამიანით სხვაობა 7 ქულამდეც დაიყვანა. დარჩენილ დროში “ნიჟნი ნოვგოროდმა” თამაშს უმატა და საბოლოოდ 100:78 იმარჯვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა "ნიჟნი ნოვგოროდის" ამერიკელმა ფორვარდმა ვიქტორ რადიმ მოიპოვა რომლის ანგარიშზე 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი პასია.

ვითელთა შემადგენლობაში საუკეთესო შედეგიანობით ამერიკელი ფორვარდი დარიუს კარტერი გამოირჩა - 18 ქულა. მის ანგარიშზე 7 მოხსნაცაა. ვითას კიდევ ერთმა ამერიკელმა ლეგიონერმა პიერია ჰენრიმ თბილისელებს 17 ქულა, 5-5 მოხსნა და შედეგიანი გადაცემა შესძინა. ვითიბი ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ქართველთაგან ლევან შენგელიამ პირველად გადალახა 10 ქულიანი ზღვარი. მის აქტივში 12 ქულაა. ისიც აღსანიშნავია, რომ ვითელებმა წლეულს თავისი საუკეთესო შედეგიანობა აჩვენეს.

მომდევნო შეხვედრას "ვითა" სტუმრად ვითიბი ლიგაში ესტონეთის წარმომადგენელ ტალინის "კალევთან" 25 ოქტომბერს გამართავს.

ვითა - ნიჟნი ნოვგოროდი 78:100 (22:31, 17:19, 24:24, 15:26)

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

აინარს ბაგატსკისი (“ნიჟნი ნოვგოროდის” მთავარი მწვრთნელი): “თბილისში თამაში ნებისმიერი გუნდისთვის ყოველთვის რთულია. მართალია, მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით, თუმცა დიდი უპირატესობის მოპოვებას მაინც ვერ ვახერხებდით. მეტ-ნაკლებად იდეალურ თამაშს ეპიზოდურად ვაჩვენებდით, გვქონდა პერიოდული ჩავარდნებიც, რასაც “ვითა” სათავისოდ იყენებდა. ვითიბის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კონკრეტულ მიზანს არ ვისახავთ. ვესწრაფვით, მაყურებელს მიმზიდველი კალათბურთი ვუჩვენოთ. ქართველი კალათბურთელებისთვის „ვითიბი ლიგაში“ თამაში კარგი შანსია. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემ ყოფილ შეგირდ ირაკლი ჩლაიძეზე. მას და მთლიანად გუნდს წარმატებას ვუსურვებ, ოღონდ არა ჩვენთან დაპირისპირებისას. პირადად მე რაც შემეხება, ლატვიის ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი დამიმთავრდა. სიამოვნებით გავიხსენებ სამშობლოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის პერიოდს. ეს ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ”.

პაველ გოოგე (“ვითას” მთავარი მწვრთნელი): “არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, დრო გვჭირდება და თანდათან ყველაფერი დალაგდება. ჩემი გათვლებით და რწმენით, მეშვიდე მატჩისთვის ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით. ვითიბი ლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტურნირია. ამჯერად, გეგმის შესრულებასთან ახლოს ვიყავით, თუმცა, მოწინააღმდეგემ ფიზიკური მზადყოფნით გვაჯობა. 10-ქულიანი სხვაობის შენარჩუნება მინდოდა და ჩვენი ახალგაზრდები წევრები გოგა ბითაძე, მაიზერ რევაზაშვილი ამიტომ არ ვათამაშე. ვადასტურებ, ნიკა ცქიტიშვილის მიმართ ინტერესი გვაქვს. მისი გამოცდილება ძალიან კარგ სამსახურს გაგვიწევს.

კონსტანტინ ანიკიენკო (“ვითას” კალათბურთელი): “შეხვედრის საბოლოო ანგარიში თამაშის მსვლელობას არ შეეფერება. მეტოქეს იოლი ბურთები ჩავაგდებინეთ და ჩვენ საკუთარი შანსი ბევრჯერ გავუშვით ხელიდან. თბილისის სპორტის სასახლეში თამაში მეტად სასიამოვნოა და მაყურებლის მხარდაჭერაც დიდი სტიმულია”.

0.178258