ფეხბურთი

9:43 | 18.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე როსის საიუბილეო მატჩი

დანიელე დე როსიმ საიუბილეო, მეხუთასე მატჩი ჩაატარა “რომას” შემადგენლობაში. დედაქალაქელთა ნახევარმცველისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი 2006 წელია, როდესაც დანიელე ჯერ სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, მოგვიანებით კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მუნდიალ2006-ის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში დე როსი მინდვრიდან გააძეეს და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯეს, “სკუადრა აძურას” რიგებში კი მარჩელო ლიპიმ საფრანგეთთან ფინალურ დაპირისპირებაში დააბრუნა, როდესაც 61-ე წუთზე დანიელემ თანაგუნდელი ფრანჩესკო ტოტი შეცვალა. გეხსომებათ, გადამწყვეტ მატჩში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა და ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანის სათანადო რეალიზება დე როსიმ მოახერხა.

“რომას” ამჟამინდელ ვიცე-კაპიტანს “მგლების” შემადგენლობაში დებიუტი 2001 წლის 10 ოქტომბერს ჰქონდა. იმ დღეს “მარადიული ქალაქის” საფეხბურთო წარმომადგენელი საშინაო საჩემპიონთალიგო შეხვედრას ატარებდა ბრიუსელის “ანდერლეხტთან”, დანიელე დე როსიმ კი ასპარეზობის 70-ე წუთზე ხორვატი ივან ტომიჩი შეცვალა.

მას შემდეგ დე როსიმ ორჯერ იტალიის თასი, ერთხელაც აპენინელთა სუპერთასი მოიგო, 2009 წელს კი იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 2001 წლიდან მოყოლებული დანიელემ 52 გოლი გაიტანა, 42 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მსაჯებისგან კი 117 ყვითელი და 10 წითელი ბარათი მიიღო.

“ბრწყინვალე საღამო გამოგვივიდა. მოხარული ვარ, საიუბილეო მატჩში გოლის გატანა რომ შევძელი”, - განუცხადა დანიელე დე როსიმ Sky Sport Italia-ს კორესპონდენტს შაბათს “ემპოლისთან” 3:1 მოგებული მატჩის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109264