უეფამ დაამტკიცა ის სქემები, რომლის მიხედვითაც 2014/2015 წლების ევროთასების - ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მონაწილე კლუბები ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან მნიშვნელოვან თანხებს მიიღებენ.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 32 მონაწილე კლუბი, პლეი ოფების გამოკლებით, ჯამში თითქმის 988 მილიონ ევროს მიიღებს. ეს 36 მილიონი ევროთი მეტია წინა სეზონის მაჩვენებელთან შედარებით.
თითოეულმა ამ 32 გუნდიდან, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გამო საწყისი ბონუსის სახით 8,6 მილიონი ევრო მიიღო. ყოველი მოგებისთვის კლუბს 1 მილიონი, ხოლო ფრისთვის 500 ათასი ევრო ერიცხება. პლეი ოფის მონაწილე გუნდებმა, თითოეული ეტაპის გადალახვისთვის დამატებითი თანხა მიიღეს.
ჯგუფური ეტაპის გადალახვის შემდეგ, 1/8-ფინალის ყველა მონაწილე გუნდმა დამატებით 3,5 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო 1/4-ფინალში გასვლა უკვე 3,9 მილიონით დაფასდა. ნახევარფინალისტებმა დამატებით 4,9 მილიონი გამოიმუშავეს. 2014/2015 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებისთვის, “ბარსელონამ” 10,5 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ფინალში დამარცხებულ “იუვენტუსს” 6,5 მილიონი ერგო.
პლეი ოფის რაუნდის 20-მა მონაწილე გუნდმა ჯამში 42 მილიონი ევრო მიიღო და ამრიგად, ჯამში ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბებისთვის გამოყოფილმა თანხამ 1,03 მილიარდი ევრო შეადგინა. ამას ემატება 3,5 მილიონი ევრო, რომელიც ევროპის საფეხბურთო ასოციაციებს გადაეცა. გუნდებმა, რომელთაც ვერ გადალახეს სამი შესარჩევი ეტაპი, ფიქსირებული თანხებით დასაჩუქრდნენ, ქვეყნის ჩემპიონებმა კი, რომლებიც პლეი ოფის რაუნდში ვერ გავიდნენ, დამატებითი ბონუსებიც მიიღეს.
2014/2015 წლების ჩემპიონთა ლიგის შემოსავლებიდან, 85 მილიონი ევრო იმ ელიტარული ლიგების კლუბებმა მიიღეს, რომლებიც პრესტიჟულ ტურნირზე ვერ მოხვდნენ და ეს თანხა მათ მიზნობრივად, ახალგაზრდული გუნდების განსავითარებლად, ან ლოკალური პროგრამების დასაფინანსებლად უნდა გამოიყენონ. ამ თანხებს პროფესიული ლიგები და საფეხბურთო ასოციაციები თავად ანაწილებენ.
2014/2015 წლების ევროპისლიგის მონაწილე 56-მა კლუბმა, ჯამში 240 მილიონი ევრო მიიღო. ეს თანხა ჯგუფური ეტაპის მონაწილე 48 და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილის დამკავებელ იმ 8 კლუბზე განაწილდა, რომელთაც ევროპისლიგის 1/16 ფინალში გადაინაცვლეს.
ჯგუფური ეტაპის მონაწილე 48-ვე კლუბმა, სასტარტო ბონუსის სახით 1,3 მილიონი ევრო მიიღო. აქ თითოეული მოგებისთვის კლუბს 200, ხოლო ფრისთვის 100 ათასი ევრო ერგებოდა. დამატებითი ბონუსები მიიღეს 1/16-ფინალში გასულმა გუნდებმა - ჯგუფების გამარჯვებულებმა 400, ხოლო მეორეადგილოსნებმა 200 ათასი ევრო. 1/16-ფინალში მონაწილე ყველა გუნდმა 200 ათასი ევრო მიიღო, 1/8-ფინალში გასვლისთვის თითოეულ გუნდს 350 ათასი ევრო ერგო, მეოთხედფინალისთვის გუნდებმა 450 ათასი, ხოლო ნახევარფინალში მოხვედრისთვის თითო მილიონი ევრო მიიღეს. “სევილიამ” ფინალური შეხვედრის მოგებისთვის 5 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო გადამწყვეტ მატჩში დამარცხებულ “დნიპროს” 2,5 მილიონი ერგო.
ჯამში “სევილიას” მონაგარმა 19,1 მილიონი ევრო ეადგინა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე “ნაპოლი” გავიდა, რომელმაც ნახევარფინალი ითამაშა და 12,2 მილიონი ევრო მიიღო. “ფიორენტინასა” და “ვოლფსბურგს” 10,5-10,5 მილიონი ევრო შეხვდათ.







