სხვა

18:34 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პატარა ვარსკვლავი საქართველოდან

9-11 ოქტომბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა კადეტებსა და ახალგაზრდებს შორის.

ქართველების გამოსვლასა და შეჯიბრის პერიპეტიებზე უკვე გაცნობეთ. გულშემატკივარმა იცის, რომ საქართველოს 20 ვაჟთან ერთად ტურნირზე 2 გოგონაც ჰყავდა წარგზავნილი და ერთ-ერთმა მათგანმა, კადეტებს შორის 52 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ნინო მგელაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აქ სწორედ ნინოს გამოსვლაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება.

მსოფლიო ჩემპიონატს წინ დიდი მოლოდინი უძღოდა. საქართველოს ნაკრებს, როგორც უპირველეს ფავორიტს ყველა მეტოქე დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა და არავის სურდა ქართველთან ბადის ერთ მხარეს მოხვედრა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვაჟების დარად ეს ჩვენს გოგონებსაც შეეხოთ. შეჯიბრის წინ ტყუილად არ აცხადებდა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი -ქართველები უმთავრეს კონკურენტებად მიგვაჩნია, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. საქართველოს ძიუდოისტ გოგონათა ნაკრებმა ბოლო დროს განვითარებისკენ დიდი ნაბიჯები გადადგა, ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით და ვიცით მათ აქ ჩამოყვანილი ორივე გოგონა ძიუდოს ნაკრებიდან ჰყავთ. მათი ძალა მოგვეხსენება და ამიტომ სერიოზულ ბრძოლას ველითო.

ტურნირმა დაგვანახა, რომ მეტოქეები საფუძვლიანად უფრთხოდნენ ქართველებს. მომავალ მსოფლიო ჩემპიონს, რუს პლოტნიკოვას სწორედ ნინოსთან მოუხდა ყველაზე მძიმე ბრძოლის გადატანა, თორემ შემდეგ ერთი ამოსუნთქვით გაიარა გზა ოქროს მედლისკენ. სხვა მეტოქეები არც შეუმჩნევია, ფინალი კი სულაც 15 წამში მოიგო.

ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მგელაძის და პლოტნიკოვას შეხვედრა წინასწარი ფინალი და კადეტებს შორის 52 კგ. კატეგორიის მშვენება იყო. 2 წლით უფროსი რუსი ყველანაირად ეცადა საფირმო მტკივნეულ ილეთზე დაეჭირა მეტოქე, მაგრამ ქართველი ტოლს არაფერში უდებდა.

მგელაძეს მთელი შეხვედრის განმავლობაში არაფერი დაუთმია და სწორედ აქ იჩინა მსაჯების რუსისადმი სიმპათიებმა თავი. ილეთი რომ არ გამოუვიდა და სხვა გზაც არ ჩანდა, ვითომდა მეტი აქტიურობისთვის საჯარიმო ქულა დაუწერეს პლოტნიკოვას და ორთაბრძოლის ბედიც აქ გადაწყდა.

ამ დაუმსახურებელი წაგების შემდეგ ნინო მომდევნო, რეპეშაჟის შეხვედრაში ისეთი შემართებით გავიდა, ცხადი იყო ლატვიელ მეტოქეს კარგი არაფერი ელოდა. მართლაც, ორი ულამაზესი გდება და შეხვედრაც ვადამდე დასრულდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მგელაძემ 1 წლით უფროსი, მის მსგავსად ძიუდოში მოასპარეზე უძლიერესი მონღოლის წინააღმდეგობა დაძლია და საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

კომენტატორები ქართველის ჭიდაობის შემყურე აღფრთოვანებული იყვნენ. წამყვანად მიწვეულმა ერთ-ერთმა უკრაინელმა სპეციალისტმა კი ნინოს სულაც საქართველოს პატარა ამომავალი ვარსკვლავი უწოდა.

16 წლის ბათუმელი გოგონა ძიუდოისტთა ახალი თაობის წარმომადგენელია. ქართველ გულშემატკივარს კარგად მოეხსენება 2015 წელს საქართველოში რამხელა ძვრა მოხდა გოგონათა ძიუდოში.

52 კგ. კატეგორიაში მზია ბებოშვილი და 57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. იმავე ბებოშვილმა კი, კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ირგუნა. ნინო მგელაძეს ჯერჯერობით ასეთი წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ თავისი პოტენციალით აღნიშნულ ძიუდოისტებს არაფრით ჩამოუვარდება.

ქართული ქალთა ძიუდოს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მწვრთნელის, ნანი კირკიტაძის აღმოჩენილმა და აღზრდილმა მგელაძემ წლის დასაწყისში ძიუდოს რამდენიმე წარმომადგენლობით, საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავა წარმატებით, ზაფხულში კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად -გადამწყვეტი შეხვედრა ბებოშვილის მიერ ძლეულ რუს მეტოქესთან დათმო.

ნინო ახლა უკვე დეკემბერში, კადეტებს შორის სამბოს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას და გამარჯვებას გეგმავს. მომავალში კი კიდევ არაერთი წარმატება ელოდება. ის ხომ ქართველ ძიუდოისტთა ახალი, ოქროს თაობის წარმომადგენელია, ქართულ დინამიტად შერაცხული თაობის ღირსეული წევრი.

ირაკლი ხმელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090352