ფეხბურთი

14:17 | 13.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალბანური სიზმარი, რომელიც რეალობად იქცა

კაცმა ალბანეთის ნაკრების დღევანდელი შემადგენლობა რომ ამოიკითხო, განსაკუთრებულს ვერაფერს შენიშნავ. მერე, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სატურნირო ცხრილს ჩახედავ და ... ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

დრო იყო ალბანეთი და საქართველოს მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში განუყრელი მეტოქეები იყვნენ და ერთხელ შოთა არველაძემ ამაზე გაიხუმრა კიდეც, ტირანაში სახლი უნდა ვიყიდოო... ალბანეთი არც მაშინ გამოირჩეოდა რამით და არც ახლა, მაგრამ აგერ საფრანგეთში კი ითამაშებს... ჩვენთვის კარგად ნაცნობ ალბანეთს ჰანს პეტერ ბრიგელი წვრთნიდა, ხოლო მთავარ როლებში ფოტო სტრაკოშა, იგლი ტარე და სხვანი იყვნენ.

მწვრთნელი ახლაც უცხოელია, იტალიელი ჯანი დე ბიაზი, ხოლო გამორჩეულ მოთამაშეებს თვალს თუ გადავავლებთ განსაკუთრებულს ვერავის აღმოვაჩენთ. ერთია, გამოცდილი კაპიტანი ჰყავთ ფრანგული “ნანტიდან” ლორიკ სანა, “ლაციოს” სათადარიგო კიპერი ეტრიტ ბერიშა და “ნაპოლის” მარჯვენაფლანგელი ელშიედ ჰისაი.

დე ბიაზი სამშობლოში სხვადასხვა გუნდებს წვრთნიდა, მაგრამ ძირითადად მეორე ეშელონის კლუბებს. ალბანეთში კი 2011 წელს ჩავიდა და მას შემდგომ გუნდი არნახულ წარმატებამდე მიიყვანა. არადა, თითქოს, შესარჩევი ჯგუფის აუტსაიდერად ითვლებოდნენ ალბანელები: პორტუგალია, დანია, სერბეთი და სომხეთიც კი უფრო სერიოზულ ძალად აღიქმებოდნენ მავანთა მიერ...

ალბანეთმა ისტორია ჯერ კიდევ 2014 წლის 7 სექტემბერს დაწერა, როცა ლისაბონში პორტუგალიას მოუგო. სხვათა შორის, 7-თვიანი ინტერვალით ალბანელები საფრანგეთის ნაკრებს ამხანაგურად ორჯერ გაეჯიბრნენ და თუ თავდაპირველად გალიაში ფრეს გამორჩნენ, მერე სახლში მრისხანე მეტოქეს აჯობეს. ესეც ხომ რაღაცას ნიშნავს?

შესარჩევი ციკლის ბოლოს კი დე ბიაზის გუნდის აწყობილი მექანიზმი ცოტათი მოიშალა, პორტუგალიასთან და სერბეთთან მიჯრით წააგეს თანაც სახლში, მაგრამ ერევანში სომხეთის ნაკრების ძლევის შემდეგ ალბანეთს სიზმარი ცხადად ექცა!

რა თქმა უნდა, საფრანგეთში ამ გუნდს წარმატების მიღწევის არცთუ დიდი შანსი ექნება, მაგრამ თავიანთ ქვეყანაში ისინი უკვე ჩემპიონები და გმირები არიან....

მათ მაგალითზე კი ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მთავარია არ ვითაკილოთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.180275