9-11 ოქტომბერს ლატვიის დედაქალაქმა რიგამ სამბოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა კადეტთა და ახალგაზრდებს შორის.
საქართველოს ნაკრები მრავალრიცხოვანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი - 22 სპორტსმენიდან 20 ვაჟი და 2 გოგონა გვყავდა. კადეტთა კატეგორიაში 1997-1999 წლებში დაბადებულები მონაწილეობდნენ, ხოლო ახალგაზრდა სპორტსმენთა ასაკი 1995-1996 წლებით იყო განსაზღვრული.
სამბო მართალია ოლიმპიური სახეობა არ არის და ამის გამო ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობებისა და ასევე ძიუდოსგან განსხვავებით ისეთი პოპულარობით ვერ სარგებლობს, მაგრამ მაინც ბევრი მიმდევარი ჰყავს, გვაქვს წარმატებებიც და გასაკვირი არ არის , რომ საქართველოს ნაკრები ნებისმიერი დონის შეჯიბრზე უმაღლესი სინჯის მედლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უპირველეს ფავორიტადაა მიჩნეული.
ასევე იყო ამ მსოფლიო ჩემპიონატზეც. ახალგაზრდული ნაკრებების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ცინცაძემ რჩეული ფალავნები იახლა თან. გუნდი რაოდენობრივად მხოლოდ რუსეთისა და ბელორუსის ნაკრებებს ჩამორჩებოდა.
საქართველოს ნაკრების გამოსვლა ყურადღების ცენტრში გახლდათ მოქცეული, რაც ადვილი ასახსნელია - ბოლო ორი წლის განმავლობაში გუნდურ ჩათვლაში პლანეტის უპირველეს შეჯიბრზე გამარჯვება ჩვენებს რჩებოდათ, რასაც სამბოს გამომგონებლები და მამამთავრები, რუსები ვერაფრით ურიგდებოდნენ.
რუსების ასეთი განწყობა თან სდევდა მთელს შეჯიბრს. ზოგიერთ შეხვედრაში მსაჯების მხრიდან სპორტსმენთა ისეთ ჩაგვრას ჰქონდა ადგილი, რომ სხვა სახეობებში იშვიათად თუ გვინახავს. ეს მიკერძოებული მსაჯობა მიმართული იყო არამარტო ქართველთა წინააღმდეგ. უკრაინელმა, ბელორუსმა და სხვა ქვეყნის არაერთმა ძლიერმა სამბისტმა საკუთარ მხრებზე იწვნია არბიტრთა არაობიექტურობის სიმწარე.
ამ ყველაფერმა რუსეთის ნეკრებისთვის შესაბამისი შედეგი გამოიღო და მათაც საბოლოო ჯამში 25 ოქროს, 7 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლით შესანიშნავ ხასიათზე დაასრულეს ასპარეზობა.
საქართველოს ნაკრებმა წინა წლებთან შედარებით მოკრძალებული შედეგი აჩვენა.
ერთადერთი ოქროს მედალი 75 კგ წონით კატეგორიაში კადეტთა შორის მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილმა მოიპოვა.
ფინალური შეხვედრები დათმეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს:
კადეტთა შორის: ჯამბულ ქურდიანმა ( 65 კგ ) და ნიკა სიდამონიძემ ( 87 კგ ). ახალგაზრდებს შორის: გიორგი მირუაშვილმა ( 48 კგ ) , გიორგი მეტრეველმა ( 62 კგ ) და დავით ოზბეთელაშვილმა ( 100 კგ ).
ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ---
კადეტთა შორის: ჯაბა პაპინაშვილი ( 48 კგ ) , საბა გრიგალაშვილი ( 56 კგ ) , იმედა გოგოლაძე ( 81 კგ ) და დავით რაზმაძე ( 87 კგ ) . ახალგაზრდებს შორის კი ირაკლი გოგია ( 82 კგ ) .
სასიხარულოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ჩვენი გოგონებიდან ერთ ერთმა კადეტებს შორის მოასპარეზე ნინო მგელაძემ ( 52 კგ ). მეორე გოგონა, კადეტებს შორის შარშანდელი ევროპის ჩემპიონი, ამჯერად უკვე ახალგაზრდებში მოჭიდავე სალომე აბაშიძე ( 56 კგ ) კი, რიგაში მედლის გარეშე დარჩა
ირაკლი ხმელიძე







