ფეხბურთი

14:21 | 12.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “მგონი, შესარჩევი ციკლის განმავლობაში, გერმანიის ნაკრებთან ამდენი მომენტი არავის ჰქონია”

ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად გერმანიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძემ გერმანიის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა, ქართველ ფეხბურთელებს კი კარგი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა ცხადაძე: “გერმანიის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. მინდა ჩემს ფეხბურთელებს დიდი მადლობა ვუთხრა ასეთი ლამაზი ფეხბურთის ჩვენებისათვის. ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, იმიტომ რომ ასეთი დონის გუნდთან, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია მათ თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. ამდენი საგოლე მომენტი, მე მგონი მთელი შესარჩევი ციკლის მანძილზე არავის ჰქონია გერმანიის ნაკრებთან. მაგრამ გერმანია იმიტომაც არის მსოფლიო ჩემპიონი, რომ მათ კარში ასევე მსოფლიო ჩემპიონი და მოედანზე 10 უმაღლესი დონსი ფეხბურთელია.

ჩემთვის მთავარი იყო, თბილისში გერმანიის ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ დღეს დაგვენახა საკუთარი თავი, რა მდგომარეობაში და რა დონეზე ვიმყოფებით. მაინტერესებდა გამეგო, ვმუშაობთ თუ არა სწორი მიმართულებით”.

კახა ცხადაძის, გარდა გასული მატჩი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა შეაფასეს. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

ლევან კობიაშვილი: ”საბოლოო ჯამში თამაშს ძალიან დადებითად ვაფასებ. ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, რაც შესაძლებელი იყო. გასათვალისწინებელია, თუ რა დონის მოწინააღმდეგესთან გვქონდა თამაში. გასაგებია, რომ გერმანიის ნაკრებს მთელი მატჩის მანძილზე ჰქონდა უპირატესობა და ბევრი მომენტიც შექმნეს, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილები ვართ, პირადად მეც და დარწმუნებული ვარ კმაყოფილია ქართველი გულშემატკივარიც. ჩვენმა ნაკრებმა რიგ ეპიზოდებში მსოფლიო ჩემპიონებს არაფერი დაუთმო, რამდენიმე 100%-იანი საგოლე მომენტიც გვქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. დღევანდელი მატჩი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ჩვენ უფრო დალაგებული, ჩამოყალიბებული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი გვეყოლება.

ჯაბა კანკავა: “ვფიქრობ, რომ კარგი თამაში გამოვიდა და ღირსეულად ვითამაშეთ. შეგვეძლო ფრე გვეთამაშა, მოგებაც შეიძლებოდა, ნოიერმა რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა. თავიდან ჩვენც გაგვიმართლა, მაგრამ ვფიქრობ ფრე უფრო კანონზომიერი იქნებოდა. ტრიბუნებიდან ქართველი გულშემატკივრის თანადგომას ვგრძნობდით და ეს სასიამოვნო იყო. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო.

გურამ კაშია:'ვეცადეთ ის გაგვეკეთებინა, რაც მწვრთნელმა დაგვავალა და მომენტებში ძალიან კარგად ვითამაშეთ. შევქმენით რამდენიმე მომენტი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. დღეისთვის ამ თამაშით და შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან ნელ-ნელა ვემსგავსებით გუნდს, რომელსაც ისეთ ნაკრებებთან თამაში შეუძლია, როგორიც გერმანიაა. ასეთი მატჩების შემდეგ თავდაჯერებულობაც მოგვემატება და გერმანიის დონის გუნდებთან დროთა განმავლობაში უფრო ადვილად ვითამაშებთ. სახლში ძალიან ძლიერად ვთამაშობთ და მომავალ ციკლში მე ამ მწვრთნელთა შტაბისა და ფეხბურთელების იმედი მაქვს. ჯერ-ჯერობით ყვეალფერი კარგად მიდის, ახალ სისტემაზე გადავეწყვეთ და ვცდილობთ ფეხბურთი ვითამაშო”.

სფფ-ის პრესსამსახური, ლაიფციგი, გერმანია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112339