ფეხბურთი

14:02 | 2.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გადავლახოთ"

საფეხბურთო კლუბი "საბურთალო", რომელიც უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველ შეხვედრაში „მიდტიულანდთან“ 1:3 დამარცხდა, დანიიდან სამშობლოში დღეს გამთენიისას დაბრუნდა, ხვალ გეზს ქობულეთისკენ აიღებს, კვირას კი ეროვნული ჩემპიონატის მორიგ კალენდარულ შეხვედრაში ქობულეთის "შუქურას" დაუპირისპირდება.

„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დანიაში მარცხის მიუხედავად იმედიანადაა და მიიჩნევს, რომ მის გუნდს ორი მატჩის ჯამში „მიდტიულანდის“ ბარიერის დაძლევა შეიძლია. ამის შესახებ საბურთალოელთა თავკაცმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა:


"სამწუხაროდ, ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 50 პროცენტი ვითამაშეთ. მეტოქემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მიუხედავად ამისა შეგვეძლო სამშობლოში სასურველი შედეგით დავბრუნებულიყავით. თავისი როლი მგზავრობამ და კლიმატმაც იქონია, მაგრამ უკეთ გვმართებდა თამაში. რაც შეეხება მოედანს, მშვენიერ გაზონზე მოგვიწია ასპარეზობა, რასაც ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ამას მოკლებულები ვართ.


პირველი ნახევრით უკმაყოფილო ვარ, მეორე ტაიმში კი გუნდი უკეთ ათამაშდა და ბევრი პრობლემები შევუქმენით მოწინააღმდეგეს. 2:1-ზე გრიგოლ ჩაბრაძეს გოლის გატანის ასპროცენტიანი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ... ვფიქრობ, თამაშიდან გამომდინარე არალოგიკური შედეგია, მაგრამ ფეხბურთში ხშირად ხდება - შენ გასატანს მოწინააღდეგე გაიტანს.


დანიური ბარიერი რთული გადასალახავი იქნება, მაგრამ რასაც თავიდანვე ვამბობდი, ახლაც იმ პოზიციაზე ვარ - ორი თამაშის ჯამში ეს ეტაპი აუცილებლად უნდა დავძლიოთ. წინ დაახლოებით 20 დღე გვაქვს და ვეცდებით ამ პერიოდში იმაზე ვიმუშავოთ, რა შეცდომებიც პირველ შეხვედრაში გვქონდა.


"მიდტიულანდი" კარგად დაბალანსებული, სწრაფი, ათლეტურია გუნდია, რომელსაც არც ტექნიკა დაეწუნება. როდესაც ჩვენი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, უბურთოთ მოძრაობა მოუწიათ. იყო პერიოდი, როცა სათამაშო უპირატესობასაც ვფლობდით, მაგრამ ეს ყველაფერი ანგარიშში ვერ აისახა.


მატჩის დასრულების შემდეგ ოფიციალური ვახშამი შედგა კლუბებსა და უეფას წარმომადგენლებს შორის. კოლეგას მივულოცე გამარჯვება და გუნდი შევუქე, მან კი განაცხადა, რომ ასეთი ტექნიკური კლუბის წინააღმდეგ, "მიდტიულანდს" ჯერ არ უთამაშია", - განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

„საბურთალო“ „მიდტიულანდთან“ საპასუხო მატჩს თბილისში 21 ოქტომბერს გამართავს.

fcsaburtalo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112754