ფეხბურთი

13:28 | 29.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი დაშავდა, რევიშვილი თადარიგში გაამწესეს

პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-10 ტურში, შჩეცინის “პოგონმა” ბიალისტოკის “იაგიელონია” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. ქართველი თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 22-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. “პოგონი” 18 ქულით 16 გუნდში მეორეა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში, სარანსკის “მორდოვია”, სადაც მეკარე ნუკრი რევიშვილი და მცველი მამუკა კობახიძე გამოდიან, სტუმრად პერმის “ამკართან” დამარცხდა. ორივე ქართველი სარანსკელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო, მაგრამ არ უთამაშიათ. მიმდინარე სეზონში პირველი შემთხვევაა, რომ რუსეთის ჩემპიონატში რევიშვილს სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია. “მორდოვიას” 7 ქულით 16 გუნდში მე-13 ადგილი უკავია.

საბერძნეთის სუპერლიგის მე-5 ტურში, “ვერიამ”, რომელშიც გიორგი მერებაშვილი ასპარეზობს, სახლში აეკ-თან 1:2 წააგო. ქართველი შემტევი ნახევარმცველი დამარცხებულთა რიგებში პირველი წუთიდან თამაშობდა და 77-ე წუთზე შეცვალეს. “ვერია” 5 ქულით 16 გუნდში მეცამეტეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-5 ტურში, ფამაგუსტას “ანორთოსისმა” “დოქსა” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ფამაგუსტელებში 90 წუთი გაატარა. მისი თანამემამულე შუახაზელი ირაკლი მაისურაძე თამაშში 79-ე წუთიდან ჩაერთო. “ანორთოსისი” 13 ქულით 14 გუნდში მესამეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-13 ტურში, არმავირის “ტორპედო” ასტრახანში ადგილობრივ “ვოლგართან” უქულოდ დარჩა – 0:2. არმავირელებში ნახევარმცველებმა ზურაბ არზიანმა, ლევან ჯღარკავამ, დავით ხურციძემ და ირაკლი ჭეჟიამ სრულად ითამაშეს. მათ მსგავსად შუახაზელი ირაკლი გეფერიძეც სასტარტოში იმყოფებოდა და 65-ე წუთზე შეცვალეს. ჩამოთვლილი ფეხბურთელები რუსეთის მოქალაქეები არიან. “ტორპედო” 9 ქულით 20 გუნდში ბოლოსწინაა.

კრასნოიარსკის “ენისეიმ” იაროსლავლის “შინიკი” მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. მეკარე გიორგი შელია, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, კრასნოიარკელებში 90 წუთი გაისარჯა. ფორვარდი ედუარდ ბულია იაროსლავლელთა 18-კაციან განაცხადში ისევ არ იყო. ის რუსეთის მოქალაქეა. “შინიკი” 16 ქულით მეთოთხმეტეა, ხოლო “ენისეი” 13 ქულით მეთხუთმეტეა.

ირკუტსკის “ბაიკალმა” ნოვოსიბირსკში “სიბირთან” 0:1 წააგო. თავდამსხმელმა დავით კორტავამ ირკუტსკელებში 81-ე წუთიდან ითამაშა. “ბაიკალი” 10 ქულით მეთვრამეტეა.

თურქეთის სუპერლიგის მე-5 ტურში, “რიზესფორმა” სტუმრად “ქასიმფაშასთან” 1:1 ითამაშა. შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე რიზელთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “რიზესფორი” 10 ქულით 18 გუნდში მეხუთეა.

სლოვაკეთის სუპერლიგის მე-11 ტურში, “მიხალოვცე” “ჟილინას” ესტუმრა და 0:2 წააგო. ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ დამარცხებულებში შეუცვლელად ითამაშა. “მიხალოვცე” 7 ქულით 12 გუნდში მეთერთმეტეა.

0.15208