ფეხბურთი

19:01 | 25.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერები ევროტურნირებზე ჩატარებული მატჩებით

უეფას 2015/16 წლების სეზონის საკლუბო ტურნირები უკვე დაიწყო და მიმდინარე სეზონში ახალი რეკორდები შეიძლება დაფიქსირდეს. დანამდვილებით იმის თქმა თუ სად, როდის და რა სახის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდება, ეს მხოლოდ ალბათობაა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ იკერ კასილიასს და პეპე რეინას შედეგების გაუმჯობესების შანსი ექნებათ.

ორივე ესპანელ მეკარეს უეფას საკლუბო ტურნირებზე ჩატარებული მატჩების დიდი რაოდენობა დაუგროვდა. „რეალიდან“ პორტუში გადაბარგებული იკერის ანგარიშზე 158 მატჩია, ხოლო „ნაპოლის“ კარის დარაჯი მეათე ადგილს 143 შეხვედრით ანდრეი შევჩენკოსთან და ედვინ ვან დერ საართან ერთად იკავებს.

აქვე გთავაზობთ უეფას ოფიციალური ვებგვერდის მიერ შედგენილ ფეხბურთელთა სიას ევროტურნირებზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით:

174 - პაოლო მალდინი („მილანი“, იტალია)

მარჯვენა ფეხით მოთამაშე მცველი მოედანზე 41 წლამდე თამაშობდა და იგი „მილანის“ ისტორიის ნაწილი გახდა, ისევე როგორც მამამისი - ჩეზარე მალდინი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო, ხოლო 1962/63 წლებში ევროპის ჩემპიონტა თასიც აღმართა. პაოლომ ევროპის უმთავრესი ტურნირი ხუთჯერ, ხოლო სერია A - შვიდჯერ მოიგო.

173 - ჩავი ერნანდესი (ესპანეთი, „ბარსელონა“)

„ბარსელონას“ ერთ-ერთმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კლუბი გასული სეზონის დასრულებისთანავე დატოვა და „ალ -სადში“ გადაბარგდა. მას შეეძლო ერთი სეზონი ესპანეთში დარჩენილიყო და მინიმუმ მალდინის რეკორდი გაემეორებინა. ჩავიმ მოიგო ყველაზე მეტი ტიტული (28), ვიდრე სხვა მოთამაშეებმა ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში და ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ დააჭაშნიკა.

163 - კლარენს ზეედორფი (ჰოლანდია, „აიაქსი“, „რეალი“, „ინტერი“, „მილანი“)

ამჟამად უეფას ოფიციალური წარმომადგენელი კლარენს ზეედორფი გახლავთ ერთადერთი პიროვნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა კლუბებში სამჯერ მოიგო: „აიაქსი“ (1995), „რეალი“ (1998) და „მილანი“ (2003, 2007). ამპუით ნახევარმცველი აგრეთვე ცნობილია აკურატული თამაშით, კარიერის განმავლობაში იგი მოედნიდან არ გაუძევებიათ.

161 - რაულ გონსალესი („რეალი“, „შალკე“)

კრიშტიანუ რონალდუმ და ლიონელ მესიმ რაულის რეკორდი უეფას საუკეთესო ბომბარდირთა დავაში უკვე გააუმჯობესეს, თუმცა „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ევროპის ფებურთის ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. მის ანგარიშზე სამი ჩემპიონთა ლიგის ტიტულია.

160 - ხავიერ ძანეტი (არგენტინა, „ინტერი“)

ბუენოს აირესში დაბადებული ნახევარმცველი გახლავთ რეკორდსმენი არაევროპელი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირებზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა. ძანეტიმ აგრეთვე 858 შეხვედრა „ინტერის“ მაისურით 1995-2014 წლების განმავლობაში გამართა.

159 - რაიან გიგზი (უელსი, „მანჩესტერ იუნაიტედი“)

ამჟამად ლუის ვან გაალის თანაშემწემ საკუთარი კარიერა „წითელ ეშმაკებს“ მიუძღვნა. გიგზს ფეხბურთში გაწეული სამსახურისთვის დიდი ბრიტანეთის საპატიო ორდენი 2007 წელს მიენიჭა. მანჩესტერელთა რიგებში რაიანმა 13-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

158 - იკერ კასილიასი (ესპანეთი, „რეალი“, „პორტუ“)

ესპანელ კიპერზე ზემოთ მოგახსენეთ, ახლა კი უფრო ვრცლად გავიხსენოთ მისი ღვაწლი. იკერი „რეალმა“ არ დააფასა და კარიერის დასრულება სავარაუდოდ არამშობლიურ გუნდში მოუწევს. აღნიშნულ ჩამონათვალში მეკარეთა შორის მას ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. სანამ ესპანურ გრანდს 16 წლიანი სამსახურის შემდეგ დატოვებდა, ევროტურნირებზე 157 მატჩი „რეალის“ რიგებში ჩაატარა.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიური გუნდის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე იკერმა უკვე ითამაშა. ჯგუფში „პორტუ“ კიდევ ხუთ მატჩს ჩაატარებს და თუ კასილიასი ფორმაში იქნება, ეტაპობრივად ჯერ გიგზის, შემდეგ ძანეტის, რაულის და ზეედორფის შედეგებსაც გააუმჯობესებს.ესპანელი ხელთათმანების ლურსმებზე ჩამოკიდებას ჯერ არ გეგმავს და დიდი ალბათობით მალდინის რეკორდსაც გააუმჯობესებს.

150 - ჯემიე კარაგერი (ინგლისი, „ლივერპული“)

„ლივერპულის“ ვიცე-კაპიტანი ათი წლის განმავლობაში. ინგლისელმა დიდი წვლილი შეიტანა უეფას თასის (2000/01) და ჩემპიონთა ლიგის (2004/05) მოგებაში. კარაგერი აღნიშნულ სიაში მყოფი ფეხბურთელთაგან განსხვავებით, არ იცის ადგილობრივი ჩემპიონატის მოგების გემო, მას პრემიერლიგის თასი არ აღუმართავს.

144 - რობერტო კარლოსი (ბრაზილია, „ინტერი“, „რეალი“, „ფენერბაჰჩე“)

„სამეფო გუნდის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. კარლოსი ყუმბარისებული დარტყმებით ცნობილი გახლდათ. მან „რეალი“ 2007 წელს დატოვა. ესპანურ გრანდის რიგებში 4 პრიმერადივიზიონის და 3 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიხვეჭა.

143 - პეპე რეინა (ესპანეთი, „ბარსელონა“, „ვილიარეალი“, „ლივერპული“, „ნაპოლი“, „ბაიერნი“)

ესპანელი გოლკიპერი, რომელსაც ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ჩემპიონთა ლიგის ტიტული არ აქვს. 2007 წლის ფინალში მას შანსი ჰქონდა, თუმცა „მილანმა“ სასურველი თასი არ ააწევინა. ადგილობრივი ჩემპიონატი მას მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული, გასულ სეზონში ბუნდესლიგის ტიტული მოიგო. მიმდინარე სეზონში ევროპა ლიგაზე „ნაპოლის“ რიგებში პეპემ მატჩი უკვე ჩაატარა და სავარაუდოდ კარლოსის შედეგსაც მალე გააუმჯობესებს.

143 - ანდრე შევჩენკო (უკრაინა, კიევის „დინამო“, „მილანი“, „ჩელსი“)

უკრაინელი უეფას ბომბარდირთა დავაში 67 გოლით მეხუთე ადგილზე იმყოფება. შევჩენკომ უკრაინის პირველობა 5-ჯერ, ხოლო იტალიის - ერთხელ მოიგო. ანდრეი გახდა პირველი უკრაინელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი 2003 წელს აღმართა. მაშინ „მილანმა“ „იუვენტუსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

143 - ედვინ ვან დერ სარი (ჰოლანდია, „აიაქსი“, „იუვენტუსი“, „ფულემი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“)

მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური 13 წლის ინტერვალით მოიგო. 1995 წელს „აიაქსის“ რიგებში, ხოლო 2008 წელს - „მანჩესტერის“ მაისურით. ჰოლანდიელმა ერედივიზიონი და პრემიერლიგა ოთხ-ოთხჯერ მოიგო. მისი შვილი ჯო ვან დერ სარი „აიაქსში“ თამაშობს და ერთ-ერთ იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.226117