ჩოგბურთი

0:50 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

8 ქართველი თელავის ტურნირზე

თელავში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი), რომელშიც ერთბაშად 8 ქართველი გოგონა ჩაება.

მე-4 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ ანა ახალკაცი 6:0, 6:0 გაანადგურა და მერვედფინალში რუს სოფია გოლუბოვსკაიას გაეჯიბრება. სოფო ქვაცაბაიას მე-3 განთესვა აქვს და ბრძოლაში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაებმება, სადაც სომეხ ანი ამირაღიანთან ჭიდილი ელის.

მერვედფინალში არიან მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი და ანა შანიძეც. პირველმა მე-8 რეიტინგის მქონე ანა პრიბილოვას (რუსეთი) 4:6, 6:3, 6:3 სძლია და რუს პოლინა ნოვიკოვას ეთამაშება. შანიძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებული ტამარა ბიჟუკოვა დაჯაბნა – 6:3, 7:6 (9:7) და ძალებს მე-2 ნომრად განთესილ ანასტასია პრიბილოვასთან (რუსეთი) მოსინჯავს.

სამმა ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში საწყის რაუნდშივე დაასრულა. ლიზი მორგოშია მოლდოველ იულია ჰელბეტთან დამარცხდა – 1:6, 1:6, თამარ ჭალაგანიძე – რუს დარია ლოდიკოვასთან (მე-5) – 2:6, 3:6, ხოლო ნატო შაბურიშვილი – რუსვე ალინა ანბასთან (მე-6) – 0:6, 0:6.

წყვილებში ახალკაცმა და შანიძემ რუსები – ადელინა ბარავი და სოფია გოლუბოვსკაია 4:6, 6:3, 10:7 დაამარცხეს და მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე კიდევ ერთ რუსულ დუეტს (ლოდიკოვა-პოგრებნიაკი) ეთამაშებიან.

ჭალაგანიძე და რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაური ტურნირში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან, სადაც მე-4 რეიტინგოსანი რუსულ-სომხური დუეტი (ანშბა-ამირაღიანი) ელით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098856