ფეხბურთი

11:46 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

არველაძემ ქაისერში მოიგო, რევიშვილი სამარაში დამარცხდა

თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-4 ტურში, შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ტრაბზონსფორმა” სტუმრად “ქაისერისფორს” 1:0 მოუგო. ტრაბზონელთაგან ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე პარაგვაელმა თავდამსხმელმა ოსკარ კარდოსომ გაიტანა. არველაძემ თურქეთში სამწვრთნელო კარიერას სწორედ “ქაისერში” დაიწყო. “ტრაბზონსფორი” 10 ქულით 18 გუნდში მეორეა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში, სარანსკის “მორდოვიამ” სამარაში “კრილია სოვეტოვთან” 0:1 წააგო. სარანსკელებში მეკარე ნუკრი რევიშვილმა 90 წუთი იასპარეზა. მცველი მამუკა კობახიძე თადარიგში იყო. “მორდოვია” 7 ქულით 16 გუნდში მეთორმეტეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის 28-ე ტურში, “კუოპიონ პალასეურამ” გასვლაზე ჰიფკ-ს 3:1 აჯობა. ფორვარდი ირაკლი სირბილაძე გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 72-ე წუთზე შევიდა. “კუოპიონ პალასეურა” 34 ქულით 12 გუნდში მეშვიდეა.

კტპ-მ შინაურ კედლებში როპს-თან 0:4 წააგო. მცველი გიორგი ოსიტაშვილი მასპინძელთა თადარიგში იყო და მოედანზე პირველი ტაიმის მერე შევიდა.

რუსეთის პირველი ლიგის მე-11 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” სახლში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი 2”-ს 2:1 აჯობა. მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი და ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა ხაბაროვსკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველმა მათგანმა მე-18 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 77-ე წუთზე გააძევეს, ხოლო მეორე შესვენების მერე შეცვალეს. “სკა-ენერგიას” 12 ქულა აქვს და 20 გუნდში მეთოთხმეტეა.

არმავირის “ტორპედომ” სტუმრად იაროსლავლის “შინიკთან” 0:3 წააგო. არმავირელებში ნახევარმცველმა დავით ხურციძემ სრულად ითამაშა და 65-ე წუთზე გააფრთხილეს. შუახაზელი ლევან ჯღარკავა თამაშში პირველი ტაიმის მერე ჩაერთო, ხოლო კიდევ ერთი ნახევარმცველი ირაკლი გეფერიძე სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. სამივე ფეხბურთელი რუსეთის მოქალაქეა. თავდამსხმელი ედუარდ ბულია, რომელსაც ასევე რუსული პასპორტი აქვს, იაროსლაველთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ტორპედო” 8 ქულით 20 გუნდში მეთვრამეტეა, ხოლო “შინიკი” 14 ქულით მეცამეტეა.

კრასნოიარსკის “ენისეი” შინ ტომსკის “ტომთან” 1:2 დამარცხდა. რუსეთის მოქალაქე მეკარე გიორგი შელიამ გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა. თავდამსხმელი ანზორ სანაია ტომსკელთა თადარიგშიც არ იყო. “ტომი” 25 ქულით მეორეა. “ენისეის” 11 ქულით მე-6 ადგილი უკავია.

მოსკოვის “სპარტაკი 2”-მა გასვლაზე ნოვოსიბირსკის “სიბირთან” ქულა აიღო – 0:0. ნახევარმცველი გიორგი მელქაძე, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, მოსკოველთა 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “სპარტაკი 2” 19 ქულით მეხუთეა.

“ბაიკალი” სარატოვში ადგილობრივ “სოკოლოთან” 0:3 დამარცხდა. ფორვარდი დავით კორტავა სტუმართა სასტარტოში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. “ბაიკალი” 7 ქულით მეცხრამეტეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113649