ფეხბურთი

10:01 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ბენიტესი: “რეალის” ფეხბურთელებს თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მივცეთ”

ჩემპიონთა ლიგის (თასის) 10-გზის ტრიუმფატორი მადრიდის “რეალი” ახალი გათამაშებას დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ გამოსვლით იწყებს. კასტილიელთა მთავარი მწვრთნელი რაფა ბენიტესი სასტარტო შეხვედრაში თავისი გუნდის წარმატებით გამოსვლას და 3 ქულის მოპოვებას იმედოვნებს.

- პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში “ესპანიოლი” გაანადგურეთ. ამასთან, მწვრთნელი ნებისმიერ წარმატებულ მატჩში თავისი გუნდის ხარვეზებს ხედავს. თვლით, რომ “რეალს” თამაშში კორექტივები აქვს შესატანი?

- მუდამ იდეალის მიღწევისკენ უნდა ისწრაფოდე. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ასპექტით თამაში გასაუმჯობესებელი გვაქვს.

- დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ხამესი დაგაკლდებათ. რა უნდა გააკეთოს ისკომ, კოლუმბიელი სათანადოდ, ღირსეულად რომ შეცვალოს?

- თავდაუზოგავად იმუშაოს და მთლიანად წვრთნისა და თამაშის პროცესში ჩაერთოს. ამ მხრივ ისკოს სასაყვედურო არაფერი მაქვს. ვფიქრობ, მას ყველაფერი კარგად გამოუვა.

- კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებთანაც ოდესმე გიმუშავიათ?

- მოდით ასე ვთქვათ – ერთ-ერთი საუკეთესო. ბევრ ნიჭიერ მოთამაშესთან მითანამშრომლია და მათ შორის პორტუგალიელი ვარსკვლავი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.

- რონალდუსა და გარეთ ბეილს შორის სათანადო პარტნიორობა და ურთიერთგაგებაა?

- მათთან ტაქტიკური კუთხით, ინდივიდუალურად ვმუშაობ. პორტუგალიელსაც და უელსელსაც შეტევაში თავისუფლების მაღალ ხარისხს ვანიჭებ.

- სამოთამაშეო და სამწვრთნელო კარიერა მადრიდის “რეალში” დაიწყეთ. რას ნიშნავს თქვენთვის სანტიაგო ბერნაბეულთა დამრიგებლობა?

- როდესაც “ბლანკოსის” გაწვრთნას დავთანხმდი და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ვიტვირთე მხრებზე, გადავწყვიტე, გუნდის შემტევი პოტენციალი არ შემემცირებინა. არ მინდა ფეხბურთელები გარკვეულ ტაქტიკურ ჩარჩოში მოვაქციო. “რეალს” ბრწყინვალე მოთამაშეები ჰყავს და მათ მინდორზე თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მივცეთ.

- “რეალის” წინა ეპოქების ფეხბურთელთაგან კრიშტიანუ რონალდუს რომელს შეადარებდით?

- სამწუხაროდ ალდრედო დი სტეფანოს თამაში არ მინახავს. ჩემი აზრით, კრიშტიანუ და რაული თანაბარი კლასის ფეხბურთელები არიან.

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დონეცკის “შახტართან” მატჩით იწყებთ. როგორ დაახასიათებთ მომავალ მეტოქეს?

- ჩვენ მომავალ მოწინააღმდეგეს კარგი ფეხბურთელები და მაღალი რანგის გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. გუნდი სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და მათთან დაპირისპირებისას ყურადღების მოდუნება ერთი წამითაც არ შეიძლება. თუ “შახტარს” თამაში წაუვიდა, მისი შეჩერება რთულია.

- ევროთასზე ბოლო მატჩი უკრაინული კლუბის წინააღმდეგ ჩაატარეთ. ევროპა ლიგის ნახევარფინალში დნეპროპეტროვსკის “დნიპროსთან” თქვენი გაწვრთნილი “ნაპოლი” დამარცხდა. “შახტართან” სარევანშოდ ხართ განწყობილი?

- არა, სხვაგვარი განწყობა მაქვს. კონკრეტული შეხვედრისთვის ვამზადებ გუნდს და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ. ჩვენი ერთგული გულშემატკივრების თვალწინ ვალდებულები ვართ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული სტარტი ავიღოთ.

0.10866