ფეხბურთი

22:55 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა კვარაცხელია: „14 სექტემბერი შესაძლოა ქართული ფეხბურთის გადარჩენის დასაწყისი გახდეს!“

სფფს პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ მორიგი პრესკონფერენცია გამართა და ახალი ფაქტები გამოამზეურა.

მამუკა კვარაცხელია: ფეხბურთის ფედერაციიდან სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, როგორც ვვარაუდობდი, უეფას სფფ-სგან უკვე გაეგზავნა წერილი სიჭინავას გადადგომის ცრუ მიზეზების შესახებ და როგორც დაგპირდით, გადავწყვიტე თავადაც გავუგზავნო წერილი უეფას. სიცრუე ძირშივე უნდა აღმოიფხვრას! ჩემი წერილი ჩემი სიმართლის გარდა ასაბუთებს იმასაც, თუ რატომ არ აძლევს ფედერაცია წევრობას მისსავე კლუბებს. გარდა ამისა, დაწვრილებით მაქვს აღწერილი მომავალ არჩევნებში სფფს წესდებისა და სხვა დარღვევების შესახებ.

მეორე: როგორც ორი კვირის წინ გითხარით, გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაარღვია ფედერაციის წესდების მეხუთე მუხლის მე-16 პუნქტი და გამგეობასთან შეუთანხმებლად ერთპიროვნულად წარადგინა სფფს პრეზიდენტობის კანდიდატად რევაზ არველაძე, დელეგატად კი - გოჩა ტყებუჩავა.

ხელთ მაქვს 10 სექტემბრის ოფიციალური განცხადება საჯარო რეესტრიდან, სადაც დასკვნით ნაწილში წერია: „გურიის ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომელიც გურიის ფეხბურთის ფედერაციის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება“

ეს იმას ნიშნავს, რომ გურიის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ფაქტობრივად ანულირებულია.

მესამე: მერამდენედ ვლაპარაკობ სფფ-ის ეთიკის კოდექსზე - მესამე და მეხუთე მუხლები ფაქტობრივად პირდაპირ კრძალავს დაინტერესებულ პირთა დელეგატად მივლინებას. მოვიპოვე საჯარო ინფორმაცია და აღმოვაჩინე, რომ რეგიონულმა ფედერაციებმა თუ სფფ-ის სხვა წევრებმა მინიმუმ 5 ისეთი დელეგატი მიავლინეს ყრილობაზე, რომლებიც ოფიციალურად ხელფასს იღებენ ფედერაციაში! კატეგორიულად ვაცხადებ: მათ არ უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება!!! მითუმეტეს გოჩა ტყებუჩავას, რომლის დანიშვნითაც ორი კანონი დაირღვა - გურიის რეგიონული ფედერაციის წესდება და სფფ-ის ეთიკის კოდექსი!

მეოთხე: შესაძლოა 14 სექტემბერი გადამწყვეტი დღე აღმოჩნდეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ვგულისხმობ ორშაბათს, 15.00 საათზე დანიშნულ სფფ-ის აღმასკომის სხდომას, რომელმაც უნდა მიმართოს ყრილობას - მიიღოს ან არ მიიღოს ქართული კლუბები სფფ-ის წევრებად. საჭიროა კლუბებიც გამოცხადდნენ აღმასკომზე, დაუსაბუთონ მის წევრებს სიმართლე და ერთად ვნახოთ რისთვის იღწვის აღმასკომი - საკუთარი თავებისა თუ ქართული ფეხბურთისთვის. თუ აღმასკომი გადასცემს ყრილობას ამ საკითხს, მაშინ რა უფლებით არ უნდა მიიღონ წევრად ყრილობაზე საკუთარი კლუბები? უმრავლეს მათგანს ვესაუბრე და ყველა სფფ-ის კანდიდატურის მოწინააღმდეგეა - ეს კი ავტომატურად არჩევნებში ხმათა მატებისა და სფფს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მარცხის გარანტია იქნება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122923