თამაშგარე

11:03 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სწავლობს ანა ტიტინა

პოპულარული და აშოლტილი სერბი მეჩოგნე ქალი, ანა ივანოვიჩი, დიდი ხანია მიხვდა იმ ჭეშმარიტებას, რომ მხოლოდ ჩოგნის მარჯვე ქნევით მოპოვებული პოპულარობა არ კმარა და ხანდახან არც წიგნების კითხვაა ურიგო. თუმცა, მისი დაძაბული სპორტული ცხოვრება ივანოვიჩს სერიოზული განათლების მისაღებად ნაკლებ შანსს აძლევდა.

ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, ანა ივანოვიჩმა სულ ახლახანს გადაწყვიტა, რომ დიპლომირებული იურისტი გახდეს და ლონდონის ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სერბი მეჩოგნის აზრით, იურისტობა სწორედ ის ხელობაა, რაც ნებისმიერ ადამიანს ყოველთვის გამოადგება.

როგორც “მე ბებია ილიკო და ილარიონის” გმირი, ოლღა ბებია ირწმუნება, იურისტობა მართლაც რომ სასურველი საქმეა, რადგან ცალ-ცალი კალოშით მისული მავანი მოხელე მერე რეზინის ჩექმებში გამოეწყო. შეიძლება ანა ივანოვიჩს ოლღა ბებიაზე არაფერი სმენია, მაგრამ ოლღასავით ჭკვიანი ქალი რომაა – ფაქტია.

0.160154