ფეხბურთი

11:33 | 21.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში დერბია, გორში - ცენტრალური

დღეს სტარტს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ტური აიღებს. უნდა ვთქვათ, რომ ტურში გასამართი რვა მატჩიდან ყველაზე საინტერესო შეხვედრები სწორედ დღეს შედგება.

21 აგვისტო

“დილა” – “დინამო” (ბათუმი)

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 17:00 საათი

ტურის ცენტრალური მატჩი გორში გაიმართება. ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონს უმასპინძლებს. გუნდებმა ევროსარბიელზე წარმატებით ვერ გაგვახარეს, თუმცა ჩემპიონატი ორთავემ დამაჯერებლად დაიწყო. ეს მეტწილად, ზღვისპირელებზე ითქმის, რომლებმაც საწყის ტურში “ზუგდიდს” კუდით ქვა ასროლინეს და ქობულეთში, 5:0 დაჯაბნეს. ბათუმელები წლეულსაც მაღალ მიზნებს ისახავენ და სპეციალისტებს იმის დამტკიცებას უპირებენ, რომ შარშან ვერცხლის მედლები შემთხვევით არ მოუგიათ.

“დილამ” კი პირველი მატჩიც შინ გამართა. შიდაქართლელებმა ფოთის “კოლხეთს” ორბურთიანი უპირატესობით მოუგეს. დღევანდელმა მატჩმა კი წესით უშეღავათო ბრძოლაში უნდა ჩაიაროს.

მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაცია აჭარის ტელევიზიით იგეგმება.

დისკვალიფიცირებული: რომან ტაკიძე (“დინამო”)

“ლოკომოტივი” – “დინამო” (თბილისი)

თბილისი, “მიხეილ მესხი”, 20:00 საათი

დღესვე, “მიხეილ მესხზე” თბილისური დერბია. იყო დრო, როცა ამ გუნდთა შორის საჩემპიონო ამბიცია მოძრაობდა, მაგრამ ახლა ასე არაა. “რკინიგზელებს” ის დრო აღარ უდგათ და უმაღლეს ლიგას ახალგაზრდული გუნდით ხანგრძლივი პაუზის შემდგომ დაუბრუნდნენ. სეზონი კი ამ გუნდმა ცუდად დაიწყო – თავად განსაჯეთ, “ჩიხურასთან” მარცხს, თასზე “ლიახვთან” წაგებაც დაემატა და ახლა, მათ რეაბილიტირება პრინციპულ მეტოქესთან მართებთ.

გია გეგუჩაძის “დინამოს” კი წლეულს ერთი ამოცანა აქვს – ჩემპიონობა. რამდენად გამოუვა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ეს ყოველივე, გაზაფხულზე დავინახავთ. ისე კი, პირველი მატჩი თბილისელებმა ადვილად მოიგეს დებიუტანტი “საპოვნელას” წინააღმდეგ.

ერთი სასიამოვნო ფაქტიც – ამ მატჩის და ამიერიდან, “ლოკომოტივის” ყველა შეხვედრის ტრანსლირებას “სილქ უნივერსალი” აწარმოებს.

დისკვალიფიცირებული: რენე ფერეირა (“დინამო”)

22 აგვისტო

“საპოვნელა” – “სამტრედია”

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”, 17:00 საათი

ტურის დარჩენილი 6 მატჩი შაბათს გაიმართება. მათ შორის, იმერული დერბიც. თერჯოლის “საპოვნელა” საშინაო შეხვედრებს მეზობელ ქუთაისში ჩაატარებს. მათი საუმაღლესლიგო ნათლობა საკუთარ მოედანზე “სამტრედიას” წინააღმდეგ შედგება. ამ მატჩში გამოცდილი “სამტრედიის” შანსები ბევრად ფასობს. გია ცეცაძის გუნდში წინა წელთან შედარებით ბევრი ცვლილებაა, მაგრამ ამ დროისთვის სამტრედიელები ჩინებულად გამოიყურებიან და მეზობელ ქალაქშიც სამი ქულისთვის ჩადიან.

დისკვალიფიცირებული: დავით ბერუაშვილი (“საპოვნელა”)

“შუქურა” – “გურია”

ქობულეთი, “ჩელე არენა”, 17:00 საათი

მეზობლების მატჩია ქობულეთშიც. “შუქურა” ლანჩხუთის “გურიას” დაუხვდება. აჭარლებს სტარტი წარუმატებელი გამოუვიდათ და სამტრედიიდან უქულოდ დაბრუნდნენ. შესაბამისად, პირველი სამი ქულის მოპოვებას გურულების წინააღმდეგ გეგმავენ. ლანჩხუთელებმა კი პირველ მატჩში ბოლნისის “სიონთან” გამარჯვება ბოლო წუთებზე გაანიავეს. კახი გოგიჩაიშვილის გუნდი უბრძოლველად რომ არაფერს დათმობს, ისედაც ნათელია.

დისკვალიფიცირებული: არავინ

“ზუგდიდი” – “ტორპედო”

ზუგდიდი, “ბაიას ბაზა”, 17:00 საათი

ბათუმის “დინამოსთან” განადგურების შემდეგ “ზუგდიდი” კარგ ხასიათზე ვერ უნდა იყოს. ყოველშემთხვევაში გაბრაზებული ნამდვილად იქნება და ასეთ დროს ნებისმიერი გუნდი უფრო სახიფათოა. მეგრელთა მთავარ ამოცანას ამ სეზონში მაინც არგავარდნა უნდა წარმოადგენდეს, თუმცა ქულების დაგროვებაზე თავიდანვე უნდა იზრუნოს. “ტორპედოს” სამეულში მოხვედრა უნდა. ასეთია ქუთათურთა ამბიციები. სტარტი გიორგი დარასელიას გუნდს რიხიანი გამოუვიდა – მარტვილის “მერანის” 4:0 განადგურება სწორედ ამაზე მეტყველებს.

დისკვალიფიცირებული: შალვა ფურცხვანიძე (“ტორპედო”)

“საბურთალო” – “ჩიხურა”

თბილისი, “ბენდელა”, 17:00 საათი

უმაღლეს ლიგაში საკუთარ მოედანზე პირველად ითამაშებს თბილისის “საბურთალო”. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საკმაოდ სიმპათიურ ფეხბურთს აჩვენებს და გასაკვირი არ იქნება თუ სეზონის ბოლოს ცხრილის ზედა ნაწილში ვიხილავთ. პირველ ტურში მათ გაცილებით გამოცდილ “ცხინვალს” სტუმრად აჯობეს. მართალია, შემდეგ თასზე ქვედალიგელ “ვიტ ჯორჯიასთან” უშანსოდ წააგეს, მაგრამ ამ გუნდს პოტენციალი ნამდვილად გააჩნია. “ჩიხურამ” კი ჩემპიონატი ივანწმინდაში მოპოვებული სამი ქულით დაიწყო. საჩხერლები ხელწამოსაკრავი მოწინააღმდეგე არც წლეულს უნდა იყვნენ. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო “ბენდელას” სტადიონზე განათების სიტემის გამოცვლის შემდომ “საბურთალოს” მეტოქეების მიღება საღამოსაც შეეძლება, რაც ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

დისკვალიფიცირებული: არავინ

“კოლხეთი” – “სიონი”

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 17:00 საათი

ფოთის “კოლხეთი” საშინაო მატჩებს ლანჩხუთში ჩაატარებს. სწორედ აქ მიიღებს მეგრული გუნდი ბოლნისის “სიონს”. კოლხებმა საწყისი მატჩი ცუდად ჩაატარეს და ჩემპიონ “დილასთან” უშანსოდ წააგეს. ბოლნისურმა გუნდმა კი ქულა მოიპოვა. “სიონი” პირველი ტურის მსგავსად ამჯერადაც სტუმრად ითამაშებს. ისე კი გარკვეული პაუზის შემდგომ ისინი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდნენ და მეტოქეებს “თამაზ სტეფანიაზე” მიიღებენ.

დისკვალიფიცირებული: არავინ

“მერანი” – “ცხინვალი”

მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა”, 17:00 საათი

მარტვილში, “მურთაზ ხურცილავაზე”, ადგილობრივი “მერანი” “ცხინვალს” მიიღებს. პირველ ტურში ორივე გუნდი უქულოდ დარჩა და ამჯერზე, საწყისი 3 ქულის მოპოვებას ეცდებიან. რამდენად გამოუვათ, ამას დავინახავთ. თუ “ცხინვალმა” “საბურთალოსთან” ბრძოლაში წააგო, მეგრელებმა “ტორპედოსთან” სრული კაპიტულაცია გამოაცხადეს და 4 უპასუხო გოლი გაუშვეს.

დისკვალიფიცირებული: ომარ მიგინეიშვილი (“ცხინვალი”)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114824