ფეხბურთი

15:46 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

I ტური: არასტუმართმოყვარე მასპინძლები

სამთვიანი უქმობის შემდგომ ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა ახალი სეზონი დაიწყო. ხუთშაბათსა და პარასკევს 27-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

ევროპის სუპერთასის შემდგომ ქართულ ფეხბურთზე გადმორთვა, რაც უნდა სამწუხარო იყოს, ბევრისთვის რთულია, მაგრამ ჯერ ჩვენი უნდა გვიყვარდეს და შემდეგ სხვისი...

პირთამდე გადავსებული “დინამო არენის” ხილვა ერთი შვება და სანახაობა გახლდათ. ამით იმიტომ ვიწყებ, რომ ჩვენს ქვეყანაში სავსე ტრიბუნები ლამის სანატრელი გაგვიხდა რეალობიდან გამომდინარე.

ჰოდა, ზუსტად იგივე სტადიონი გუშინ მთლიანად ცარიელი იყო. თითქოს “დინამო არენაზე” ცხელ ზაფხულში, ცივი ზამთარი იდგა... უმაყურებლო არენამ ვერაფერი დააკლო გია გეგუჩაძის “დინამოს”, რომელმაც უმაღლესი ლიგის დებიუტანტ თერჯოლის “საპოვნელას” მარტივად მოუგო – 4:0.

“დინამოს” მეტოქესთან შედარებით გამოცდილება და კლასი ერთი შეხედვითაც ეტყობოდა. იმერულ გუნდზე კი მხოლოდ იმას თუ ვიტყვით, რომ რამდენჯერმე გოლის გატანის კარგი შანსი მიეცათ, თუმცა საბოლოო ჯამში ლოგიკური ანგარიში დაფიქსირდა. ანგარიში, რომელმაც ნათლად ასახა ის, თუ რა ხდებოდა მწვანე მინდორზე.

წარმატებული გამოუვიდა სტარტი მოქმედ ჩემპიონ “დილას”. უჩა სოსიაშვილის გუნდმა ფოთის “კოლხეთს” თითო ტაიმში თითო გოლი აკმარა. თავი კი საქართველოში დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა გიორგი ნავალოვსკიმ და ოთარ მარცვალაძემ გამოიჩინეს. წესით, შიდაქართლურმა გუნდმა წლეულსაც უმაღლესი ადგილისთვის უნდა იბრძოლოს.

დიდი ანგარიშით იმარჯვა ქუთაისის “ტორპედომაც”. იმერლებმა მარტვილის “მერანს” ძალდატანების გარეშე აჯობეს და ახლა, გიორგი დარასელიას გუნდს მომავალში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის იმედი უფრო გაუღვივდა. დანარჩენს კი უფრო ნათლად შემდგომში დავინახავთ...

უმაღლესში ლიგაში ჩინებული დებიუტი გამოუვიდა თბილისის “საბურთალოს”, რომელმაც გასულის სეზონის აღმოჩენა “ცხინვალს” ქამ-ბექი შეუსრულა. საერთოდ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთია იმ გუნდთაგან, რომელთაგანაც ახალ სეზონში სიურპირზებს უნდა ველოდეთ. მერე რა რომ თბილისელთა რიგებში გამოცდილი ფეხბურთელების ნაკლებობაა, სამაგიეროდ, მრავლად არიან ის ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც დღეს თუ ხვალ იმედით შევყურებთ... ცალკე აღნიშვნის ღირსია მათი კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი, ვისაც ამთავითვე ეტყობა, რომ თავდაუზოგავი შრომისა და სწორად გადადგმული ნაბიჯებით კარგი კარიერის გაკეთება შეუძლია...

“საბურთალოსგან” განსხვავებით წარუმატებელი სტარტი გამოუვიდა თბილისის “ლოკომოტივს”. “რკინიგზელებმა” ივანწმინდაში “ჩიხურასთან” მომენტები მრავლად შექმნეს, მაგრამ ვერ გაიტანეს და საკუთარ კარში გაუშვეს. “ჩიხურა” კი ალბათ, ისევ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა ნებისმიერი გუნდისთვის, თუმცა დიდ სიურპიზებს საჩხერელებისგან მაინც არ უნდა ველოდეთ.

ტურში ერთადერთი ფრე დაფიქსირდა – “ევგრაფი შევარდნაძეზე” “გურიამ” და “სიონმა” ერთმანეთს თითო გოლი აკმარეს. არავინ იცის ხვალ რა იქნება, მაგრამ დღევანდელი ფინანსური და თუნდაც საკადრო შესაძლებლობებით, კახი გოგიჩაიშვილისა და ვარლამ კილასონიაც გუნდები აუტსაიდერთა ზოლში უნდა მოვიაზროთ.

სასიამოვნო დასაწყისი გამოუვიდა “სამტრედიას”. გასული სეზონის დასაწყისში იმერულმა გუნდმა გამოცდილი ფეხბურთელები იხმო და მაღალი მიზნებიც დაისახა, თუმცა საბოლოოდ, მათ მხოლოდ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს უწიეს და იქ რაც გადახდათ თავს, კარგად მოგეხსენებათ... ამჯერად სამტრედიაში ხედვა შეიცვალეს და აქცენტი ნიჭიერ და ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთეს, მწვრთნელიც შესაბამისი მიიწვიეს – გია ცეცაძე. პირველ ტურში ამ პატარა ქალაქის ამბიციურმა გუნდმა შედეგი ნამდვილად დადო, რამაც ამბიციური სამტრედიელი ქომაგი სამომავლო იმედით აღავსო...

ტურის ყველაზე ხმაურიანი მატჩი კი ქობულეთში ჩატარდა, სადაც ჯერ კიდევ უსტადიონო ბათუმის “დინამომ” “ზუგდიდს” შავი დღე აყარა – 5:0. ზღვისპირელები აღებულ ტემპს თუ შეინარჩუნებენ ვინძლო, სეზონის ბოლოს შარშანდელი შედეგიც გააუმჯობესონ... ჰეთ-თრიქით გამოირჩა ფორვარდი გიორგი ბერიაშვილი. მის გარდა, ურიგოდ არც გიორგი გაბედავა და პორტუგალიელი ახალწვეული ლუის ალბერტო მედინა გარჯილან... მოკლედ, ბათუმში საჩემპიონო ამბიცია აქვთ და დაველოდოთ...

დასასრულს ერთს დავამატებდი, რომ ფეხბურთის ყურება სასიამოვნო საღამოს განათებაზეა. უფრო მეტად კი ასეთ დროს თამაში თვითონ ფეხბურთელებისთვისაა ხელსაყრელი და ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე მოგებული რჩება... პირველ ტურში გამართული რვა მატჩიდან კი სამწუხარო რეალობის გათვალისწინებით საღამოს მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა (ქუთაისში და თბილისში). დანარჩენ გუნდებს კი აგვისტოს მწველ მზეში მოუწიათ ბურთის გორება... ამ პრობლემის წინაშე ქართული ფეხბურთი უკვე წლებია დგას და სამწუხაროა, რომ კლუბები ვერაფრით ახერხებენ მცირედი ნაბიჯის წინ გადადგმას. არადა, ბევრად ლამაზი სანახავია ფეხბურთი საღამოს...

საბოლოოდ, 2015-2016 წლების სეზონის სასტარტო ტურის 8 მატჩში 22 გოლი გავიდა. 6 შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს, ერთი ფრედ, ხოლო ერთიც სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა.

წინ კი ამჯერად მეორე ტურია გამორჩეული მატჩით – “დილა” ბათუმის “დინამოს” ხვდება. ანუ, ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ...

0.102473