ფეხბურთი

13:06 | 10.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტიას გოლი, გოგიას დებიუტი ჩემპიონშიპში

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-4 ტურში, ლვოვის “კარპატის” საყრდენი ნახევარმცველის ბუბა დაუშვილის მსგავსად, თავი ლუგანსკის “ზორიას” შემტევმა ჯაბა ლიპარტიამ გამოიჩინა.

“ზორიამ” ზაპოროჟიეში, სადაც საშინაო მატჩებს ატარებს, დონეცკის “ოლიმპიკი” მიიღო და 4:0 აჯობა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ის 54-ე წუთზე შეცვალეს. მეკარე ზაურ მახარაძემ დონეცკელებში სრულად ითამაშა. “ზორია” 7 ქულით 14 გუნდში მეოთხეა, ხოლო “ოლიმპიკი” ერთი ქულით - მეთორმეტეა.

დნეპროპეტროვსკის “დნიპრო” თავის მოედანზე კიევის “დინამოსთან” 1:2 დამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკელთა რიგებში მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და შესვენებაზე შეცვალეს. “დნიპრო” 5 ქულით მეშვიდეა.

ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” გასვლაზე უჟგოროდის “ჰოვერლასთან” 1:1 ითამაშა. უკრაინის მოქალაქე ვალერიან გვილიამ 90 წუთი ითამაშა და 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ჰოვერლა” 3 ქულით მეთერთმეტეა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში, მოსკოვის “სპარტაკმა” სტუმრად სამარას “კრილია სოვეტოვს” 2:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოველთა სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “სპარტაკი” 10 ქულით 16 გუნდში მეოთხეა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის პირველ ტურში არნემის “ვიტესი” ტილბურგში ადგილობრივ “ვილემ II”-ს შეხვდა და გუნდები ფრეზე (1:1) გაიყარნენ. “ვიტესს” ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ პირველიდან ბოლო წუთამდე უკაპიტნა. შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი სასტარტოში იმყოფებოდა და 71-ე წუთზე შეცვალეს.

ინგლისის ჩემპიონშიპში გერმანიის მოქალაქე აკაკი გოგიას დებიუტი შედგა. პირველ ტურში, “ბრენტფორდმა” შინ “იფსვიჩთან” 2:2 ითამაშა და ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 90 წუთი იასპარეზა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის სტარტზე ბაქოს “ინტერი”, რომელსაც ზაურ სვანაძე წვრთნის, “ხაზარ-ლენქორანს” ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ბაქოელებში ცენტრალური მცველები ზურაბ ხიზანიშვილი და ლაშა კასრაძე 90-90 წუთი გაისარჯნენ. ამ უკანასკნელმა ყვითელი ბარათი მიიღო. მათ მსგავსად სასტარტოში ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირიც იყო, რომელიც მე-16 წუთზე გააფრთხილეს და მე-80 წუთზე შეცვალეს. მეკარე გიორგი ლომაია თადარიგში იჯდა და 55-ე წუთზე გააფრთხილეს.

აზალ-მა სტუმრად “ზირასთან” 0:1 წააგო. ნახევარმცველმა ნუგზარ კვირტიამ სრულად ითამაშა.

უზბეკეთის უმაღლეს ლიგაში ზედიზედ მეორე ტურია კახა მახარაძე მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ტაშკენტის “ფახთაქორმა” შინ “კოკანდს” 4:1 სძლია და მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე წერტილი დასვა. “ფახთაქორი” 44 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.

“ქიზილქუმი” “ბუნედკორს” ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. მარცხენა მცველმა გიორგი კვეისიეშვილმა წაგებულთა შორის ორი ტაიმი ითამაშა. “ქიზილქუმი” 21 ქულით მეათეა.

ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) “კუოპიონ პალასეურამ” ჰიფკი მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ მასპინძლებში ორი ტაიმი დაჰყო. “კუოპიონ პალასეურა” 27 ქულით 12 გუნდში მეშვიდეა.

კტპ-მ გასვლაზე “ილვესთან” 0:2 წააგო. მცველი გიორგი ოსიტაშვილი წაგებულთა თადარიგში ჯდომით შემოიფარგლა. კტპ 16 ქულით მეთერთმეტეა.

ნორვეგიის ელიტსერიენის (უმაღლესი ლიგა) მე-19 ტურში, “სტაბეკმა” სტუმრად “სტორმსგოდსეტს” 2:0 მოუგო. ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ გამარჯვებულებში მეორე ტაიმი ითამაშა. “სტაბეკი” 28 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა და ლიდერ “რუსენბორგს” 7 ქულით ჩამორჩება.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის პირველ ტურში “ჟილ ვისენტემ” შინაურ გარემოში “მაფრასთან” მხოლოდ ქულა აიღო – 1:1. მასპინძლებში ქართველმა ლეგიონერმა ავთო ებრალიძემ პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა.

“ფეირენსემ” სტუმრად “სპორტინგ B”-სთან 0:0 ითამაშა. მეკარე გიორგი მაკარიძემ ფეირენსელებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა.

ესტონეთის მეისტრილიგის 22-ე ტურში, ტალინის “ფლორამ” “ტრანსს” უმასპინძლა და 2:3 წააგო. შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა დამარცხებულებში სრულად ითამაშა. “ფლორა” 48 ქულით 10 გუნდში მესამეა.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში, “თრაკაიმ” გასვლაზე “შტუმბრასს” 5:0 მოუგო. მცველი ნიკა აფაქიძე გამარჯვებულთა თადარიგში იმყოფებოდა, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. “თრაკაი” 47 ქულით 10 გუნდში მეორეა.

სომხეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში, ერევნის “ულისმა” გიუმრიში “შირაქს” 3:2 სძლია. გამარჯვებულებში მცველმა დავით ლომაიამ და თავდამსხმელმა ბესიკ ჩიმაკაძემ შეუცვლელად ითამაშეს. “შირაქი” 6 ქულით 8 გუნდში მეორეა.

“მიკა” სახლში “არარატთან” 0:1 დამარცხდა. ნახევარმცველმა ირაკლი კვეკვესკირმა მასპინძლებში 90 წუთი დაჰყო. “მიკა” ერთი ქულით მეექვსეა.

“განძასარი” “ალაშკერტს” ესტუმრა და ქულა აიღო – 0:0. თავდამსხმელი გოგიტა გოგატიშვილი განძასარელთა თადარიგში იჯდა და არ უთამაშია. “განძასარი” ერთი ქულით მეხუთეა.

გერმანიის თასის პირველ რაუნდში “ფრაიბურგმა” სტუმრად ქვედალიგელ “ბარმბეკს” 5:0 მოიგო. ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, “ფრაიბურგში” 77-ე წუთიდან ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130964