ფეხბურთი

13:00 | 10.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დამარცხებული და შეურაცხყოფილი ქართველები

თამაში

თბილისის "დინამო" ევროპა ლიგას გაბალაში დაემშვიდობა. სამწუხაროდ, დიდი ისტორიის მქონე ქართულმა კლუბმა ევროსეზონი 9 ივლისს დაასრულა, რასაც აქვს გარკვეული მიზეზები, "გაბალას" გამარჯვებაში ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს.

როგორც აზერბაიჯანული, ასევე ქართული გუნდი შეთამაშების პროცესშია. ამ პრობლემის წინაშე ორივე გუნდის მწვრთნელი იდგა, თუმცა აქაც იყო განსხვავება. "გაბალას" შემადგენლობაში გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, თბილისური კლუბი კი ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. განსაკუთრებით შეტევით ხაზში, სადაც შედეგიანი თამაში გამარჯვების აუცილებელი პირობაა. ალბათ ამითაც აიხსნება გია გეგუჩაძის გადაწყვეტილება ალექსანდრე იაშვილის ძირითად შემადგენლობაში დაყენებასთან დაკავშირებით. ასევე აქ სხვა ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. 37 წლის ვეტერანს აზერბაიჯანში თამაშის გამოცდილება აქვს, გასულა "გაბალას" სტადიონზეც. სავარაუდოდ, გეგუჩაძემ ეს მომენტიც გაითვალისწინა.

ზოგადად გეგუჩაძის გუნდები ასეთ ფეხბურთს არ თამაშობდნენ, თუმცა ძალიან ძნელია პირველი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ ევროტურნირებზე კარგად გამოსვლა. ახალ მწვრთნელს ყოველთვის სჭირდება დრო, მით უმეტეს მაშინ, როცა მეტოქეს გამოცდილებით ჩამორჩები.

პირველი თამაშიდან გამომდინარე "დინამოს" აქცენტი სწრაფ და ტექნიკურ თამაშზე უნდა გაეკეთებინა, თუმცა საპასუხო მატჩის პირველი ტაიმი "გაბალას" სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. გამოსაყოფია გიორგი ქვილითაიას თამაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა. ის ხშირად იგებდა საჰაერო ორთბარძოლას, ბურთის მიღების შემდეგ მასპინძლებს ქართველ ფორვადთან ართმევაზე თამაში უჭირდათ. როდესაც გიჭირს შეტევაში გადასვლა, ამ დროს ამ ტიპის ფორვარდი მეტოქის დაცვას პრობლემებს უქმნის და მეტოქის ნახევარზე გადადიხარ.

აზერბაიჯანელი მოთამაშეებიდან გამოსარჩევია რუმინელი ფლორესკუ, რომელიც ცენტრალური მცველების წინ მოქმედებდა და შეტევაში ხშირად მონაწილეობდა. პირველ ტაიმში მისი ძლიერი დარტყმა ოდნავ ასცდა ჰრდლიჩკას კარს.

ძალიან რთულია მსაჯის გადაწყვეტილებებზე საუბარი. ამ დროს უკეთესია საეჭვო ეპიზოდების განმეორებით ნახვა. თოთაძისა და მეტოქე ფეხბურთელის ორთბარძოლისას წესებს ქართველი მცველი არღვევს. მეორე საკითხია იმსახურებდა თუ არა წითელ ბარათს. როგორც განმეორებით ეპიზოდში გამოჩნდა თოთაძე სულ ორჯერ ურტყამს მეტოქეს ფეხში, პირველად როცა ბურთზე თამაშს ცდილობს და მეორედ განზრახ. ამ შემთხვევაში შესაძლოა თოთაძეს ნერვებმა უმტყუნა ან ზედმეტი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, მაგრამ ფაქტია მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებას საფუძველი ჰქონდა. მატჩის დაძაბულობიდან, თამაშის სურათიდან გამომდინარე ფრანგ არბიტრს შეეძლო ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება არ მიეღო.

თოთაძის გაძევებამდე "დინამომ" თამაში გამოასწორა. გიორგი ქვილითაიამ მეტოქის შეცდომით ისარგებლა და გოლიც გაიტანა, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა, რადგან ქართველ ფეხბურთელს ხელზე მოხვდა. სხვა მომენტებში "დინამო" უფრო ხშირად აკონტროლებდა ბურთს და თითქოს თამაში გათანაბრდა კიდეც, მაგრამ 10 კაცით დარჩენილმა გუნდმა მატჩის წარმატებით დასრულება ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "გაბალამ" შექმნა რეალური საგოლე მომენტები, ერთ-ერთ მათგანს კი გოლი მოჰყვა. თავური დარტყმით ზენჟოვმა გაიტანა. გია გეგუჩაძე ზენჟოვის გუნდს მეორედ დაუპირისპირდა და ამჯერადაც დამარცხდა. პირველ შემთხვევაში ესტონელი ფორვარდი ლვოვის "კარპატში" თამაშობდა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაცი ეტაპიდან გია გეგუჩაძის "ზესტაფონი" გამოთიშა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ 26 წლის თავდამსხმელს "ზესტაფონისთვის" არ გაუტანია, "დინამოს" კი გაუტანა.

მარცხის მიუხედავად "დინამო" ბრძოლისუნარიანად თამაშობდა. 10 კაცით დარჩენილი ქართველი ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ და სახიფათო შეტევაც განავითარეს. მარჯვენა ფლანგზე კიტეიშვილმა იაქტიურა, საჯარიმოში ჭანტურიშვილის მისამართით გააკეთა პასი, თუმცა ადრესატის დარტყმას სიზუსტე დააკლდა.

ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ბრაზილიელმა რენე ფერეირამ, რომელიც გარკვეულ ეპიზოდებში ცდებოდა, თუმცა ძალიან ხშირად დაცვაში საიმედოდ მოქმედებდა. ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელი დაცვის ხაზს ალაგებდა და მეტოქის შეტევებს შლიდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსამზადებელი ეტაპის დიდი ნაწილი არ გაუვლია, მისი თამაში დადებითად უნდა შეფასდეს.

სამწუხაროდ გეგუჩაძის გუნდის თამაშში ვერ დავინახეთ ის, რამაც საშინაო მატჩში დაგვაიმედა. კერძოდ ტექნიკური შესაძლებლობების ხარჯზე თამაშის ინიციატივის მოპოვება, ბურთის კონტროლი, თუმცა გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია და ორი ოფიციალური მატჩის მიხედვით მწვრთნელი დარჩენა-არდარჩენაზე საუბარი მართებული არ უნდა იყოს.

თამაშის გარდა

თამაშის მიმდინარეობისას ადგილობრივმა გულშემატკივრებმა ბანერები გამოფინეს, რასაც საქართველოს დროშის დაწვა მოჰყვა.

პირველ გამოფენილ ბანერზე გამოსახული იყო აზერბაიჯანის რუკა, რომლის მიხედვითაც ზაქათალა, კახი და მარნეული აზერბაიჯანის ტერიტორიას წარმოადგენდნენ. პირველ შემთხვევაში სამართალდამცავებმა დროულად იმოქმედეს, თუმცა რამდენიმე წუთში ერთდროულად რამდენიმე ახალი ბანერი გაჩნდა, რომლებზეც გამოსახული იყო საქართველოს ტერიტორიაში შემავალი ქალაქების დმანისის, რუსთავისა და გარდაბანის აზერბაიჯანული დასახელებები. ასევე იყო ბანერი, რომელლიც მიხედვითაც ბორჩალო აზერბაიჯანის ისტორიულ მხარეს წარმოადგენდა.

პირველი გოლის შემდეგ გახარებულმა აზერბაიჯანელმა მზარეულმა ქართველ ჟურნალისტებს თავზე წყალი გადაგვასხა. ისედაც დამწუხრებულებმა, მასპინძელთაგან ამგვარი ცინიკური საქციელი მივიღეთ, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

მატჩის მიმდინარეობისას, განსაკუთრებით კი პირველი გოლის შემდეგ აზერბაიჯანელთაგან იგრძნობოდა ცინიკური დამოკიდებულება. თამაშის დასრულების შემდეგ თბილისის "დინამოს" ოფიციალური ფან-კლუბის "გლადიატორების" ავტობუსს "გაბალას" გულშემატკივრებმა ქვები დაუშინეს და დააზიანეს.

შეგახსენებთ, თბილისური მატჩის დროს "დინამო არენას" ტრიბუნებზე მასპინძელთა გუნდის ქომაგებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენენ, თუმცა სამართალდამცავთა, მატჩის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ბანერი დროის მოკლე პერიოდში ჩამოხსნეს, საპასუხო მატჩის დროს კი "გაბალას" გულშემატკივართა მიერ გამოფენილი ბანერების შემდეგ ანალოგიურად არ უმოქმედია აზერბაიჯანულ მხარეს, რაც უეფას წესებს ეწინააღმდეგება და სანქციებს აუცილებლად საჭიროებს.

დიმა შარიქაძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის გაბალადან

სტატისტიკა
0.259862