ფეხბურთი

22:45 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალის” ევრორომანი რომანმა დაასრულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან პირველი გუნდი, რომელმაც ევროთასებზე იასპარეზა “გაგრა” იყო. 2011-2012 წლების სეზონში გაგრელები ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის “ანორთოსისს” შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში დამარცხდნენ (0:3, 2:0).

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსების დაცვა “ცხინვალს” მოუწია. ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა რუმინეთში ფრედ (1:1) დაასრულეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი დაიტოვეს.

თუმცა, რუმინელებს საერთოდ არ დატყობიათ, რომ სტუმრად თამაშობდნენ და ინიციატივას პირველი წუთიდან დაეუფლნენ, რაც შედეგშიც ასახეს და საბოლოოდ, მეორე ეტაპზე გააღწიეს.

მატჩის დებიუტში “ბოტოშანის” ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფორვარდი პეტრე ივანოვიჩი მარჯვენა ფრთაზე ვასიკო ბაჩიაშვილს გასცდა, მაგრამ საჯარიმოში შესულს წინ გამოსულმა გიორგი ნადირაძემ დაასწრო და ბურთს დაეუფლა.

რუმინელებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს, როდესაც ბიძინა მახარობლიძემ თავისი ნახევარზე ბურთი ისე დაკარგა, რომ დან რომანის მისამართით პასი გამოუვიდა, ხოლო რუმინელმა საჯარიმოს ხაზიდან “ცაციათი” ნადირაძეს აუღებლად დაურტყა – 0:1.

ცოტა ხანში, რომანს დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც მარჯვენა ფრთიდან ივანოვიჩის “რბილი” გადაცემის მერე, თავით ბურთი ხარიხას გაარტყა.

პირველი ტაიმის შუაწელში მერაბ გიგაურის პასის შემდეგ, მახარობლიძე მეტოქის საჯარიმოს ოდნავ შიგნით კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მის დარტყმულს ანდრეი კორდოშმა “დააფარა”.

38-ე წუთზე, ნიკა კაჭარავას და კორდოშის ორთაბრძოლისას რუმინელი დაეცა. მსაჯმა ჩათვალა, რომ ქართველმა მეტოქეს იდაყვი სახეში განძრახ ჩაარტყა და მეორე ყვითელი ბარათი მისცა, რაც ავტომატურად “წითლად” გადაიქცა - მასპინძელთა ფორვარდმა მოედანი დატოვა. ამან “ცხინვალის” მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ტაიმის მიწურულს რომანმა საჰაერო ორთაბრძოლა ვარლამ კილასონიას მოუგო, ხოლო ნადირაძესთან პირისპირ გასულმა ივანოვიჩმა ვიზავის ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო, მაგრამ “ცხინვალის” გოლკიპერმა იყოჩაღა და სტუმრები მხოლოდ კუთხურს გამორჩნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში მახარობლიძემ მარცხენა ფლანგზე პლამადას სისწრაფეში აჯობა და სტუმართა მცველმა მეტოქე წააქცია. მსაჯმა რუმინელს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და “ბოტოშანიც” 10 კაცით დარჩა.

ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში მახარობლიძე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და დაარტყა, მაგრამ პლამენ ილიევი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.

“ბოტოშანის” პასუხმა არ დააყოვნა და მარცხენა ფლანგიდან გაბრიელ ვარშვარმა “ცხინვალის” საჯარიმოში რომანი მოძებნა, რომელმაც დუბლი შეასრულა – 0:2.

რუმინელს ჰეთ თრიქის გახერხებაც შეეძლო, როდესაც გიორგი ცერცვაძემ თავის საჯარიმოს ახლოს ბურთი დაკარგა და რაშიდ ბროუნის პასის შემდეგ, კარის წინ მდგომ რომანს ბურთი ფეხებში “აებლანდა”.

კაჭარავამ შეცვლაზე აკაკი შულაია შეუშვა და ამ ნაბიჯმა გაამართლა. ახალგაზრდა ნახევარმცველი “ბოტოშანის” საჯარიმოში მარცხნიდა შეიჭრა, სადაც შტელიან კუკუმ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვარლამ კილასონიამ შეასრულა – 1:2.

“ცხინვალს” სიხარული არ დასცალდა, რადგან პაულ ბატინიმ სისწრაფეში კილასონიას აჯობა და მასპინძელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ნადირაძის კარის ბადე მესამედ შეარხია – 1:3.

მატჩის მიწურულს ნადირაძესთან ერთი-ერთზე ბატინი გავიდა, მაგრამ “ცხინვალის” მეკარე “ბოტოშანის” ფორვარდს ფეხებში ჩაუვარდა და ბურთი აართვა.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში რუმინელთა საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მყოფმა გიორგი ივანიშვილმა დაარტყა და ბურთს რუმინელი მცველი გადაეფარა.

ცხინვალი – ბოტოშანი (რუმინეთი) 1:3 (0:1) VIDEO

9 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

ცხინვალი: ნადირაძე (კ), ბაჩიაშვილი, ვარლამ კილასონია, კაკუბავა, ცაცკრიალაშვილი (ბურძენაძე, 79), ქარდავა (ზვიად ლობჯანიძე, 72), ცერცვაძე, გიგაური (შულაია, 63), მახარობლიძე, ნიკა კაჭარავა, ივანიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

ბოტოშანი: ილიევი, კორდოში (კ), პლამადა, ივანოვიჩი (ბატინი, 46), ვაშვარი, მარტინუსი (კროიტორუ, 52), კუკუ, პატაჩე, რომანი (ჰაგნაგი, 75), ბროუნი, კოსტინი.

მთავარი მწვრთნელი: ლეონტინ გროზავუ.

გოლები: 0:1 რომანი (6), 0:2 რომანი (59), 1:2 კილასონია (66), 1:3 ბატინი (69).

გაფრთხილება: კაჭარავა (8), კაჭარავა (38), პლამადა (38), ივანოვიჩი (42), მარტინუსი (47), პლამადა (50), კუკუ (65), კაკუბავა (79), კროიტორუ (54).

გაძევება: კაჭარავა (38), პლამადა (50)

მთავარი მსაჯი: ნიკოლაი იორდანოვი (ბულგარეთი).

0.139956