ფეხბურთი

18:46 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიჭინავამ ბილეთების შეძენის გეგმა თავად განმარტა

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა "მიხეილ მესხის" სტადიონზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ევროპის 2015 წლის სუპერთასის ბილეთების გაყიდვის გეგმა დეტალურად აუხსნა.

ბილეთების გაყიდვის რიგი ვაკის პარკში ჩასასვლელი კიდეებიდან დაიწყება. ამ მანძილიდან სპეციალურად მოწყობილ სალაროებამდე ადამიანს გასავლელად, როგორც თავად სიჭინავამ თქვა, 2:30 წუთი სჭირდება. გზის ნაპირებზე კი განლაგებულნი იქნებიან პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად მომზადებული სტიუარდები, რომლებიც გააკონტროლებენ იმას, რომ ვინმე ურიგოდ არ გავიდეს, ანაც დაუშვებელი ადგილიდან არ ჩადგეს ბილეთების რიგში.

სალაროებამდე მისვლამდე სტადიონის შესასვლელთან ბილეთების მსურველებს სტიუარდები დახვდებიან, რომლებიც კარს გაუღებენ და ისე შეატარებენ სალაროებთან.

სალაროში კი მყიდველს საშუალება ექნება მისთვის სასურველი რიგისა და ადგილის ბილეთი შეიძინოს შესაბამის ფასში. სალაროსთან დამონტაჟებული იქნება სპეციალური მონიტორი, რომელზეც გამოსახულია "დინამო არენა". იგივე სახის გამოსახულება მოლარესაც ექნება და შეეძლება მყიდველის სურვილი ადვილად დააკმაყოფილოს. სალაროებთან მისვლის შემდეგ სიჭინავას განცხადებით, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ფულის გადაცემის შემდეგ გულშემატკივარი ბილეთს მიიღებს და მიმდებარე ტერიტორიას გასასვლელიდან დატოვებს, რომელიც სალაროების გვერდით იქნება გახსნილი.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება და მისი ღირებულება 18, 35 და 75 ლარი იქნება, ერთ ადამიანს 4 ბილეთის შეძენა შეეძლება.

ასევე იხილეთ ვიდეოინსტრუქცია

0.11376