ფეხბურთი

19:01 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გაბალა” VS  “დინამო”

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები 9 ივლისს გაიმართება. “დინამო თბილისი” აზერბაიჯანის პრემიერლიგის მესამე ადგილოსან “გაბალას” დაუპირისპირდება.

ინტერნეტში არსებული მონაცემების მიხედვით აზერბაიჯანული კლუბის სტადიონი 1985 წელს აშენდა და 8 00 მაყურებელს იტევს.

მატჩის მთავარი არბიტრი საფრანგეთის ლიგა 1-ის მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობი - 38 წლის ფრანგი ამორი დელერიუ იქნება. მას ასისტენტობას ლორან სტიენი და მიშელ ანომიე გაუწევენ. მეოთხე მსაჯია სებასტიენ მორეირა, უეფას დელეგატი კი რუსეთის წარმომადგენელი ლეონიდ კალოშინია. ინგლისელი პიტერ ჯოუნსი მსაჯთა დამკვირვებლის ფუნქციებს შეასრულებს.

41 წლის ლორან სტეინს საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთი მატჩი უმსაჯია. 2011 წლის 29 მარტს ისრაელის ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას გუნდი 1:0 დაამარცხა, სტიენი კი გვერდითი მსაჯის ფუნქციებს ასრულებდა.

თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული პირველი მატჩის პირველი ტაიმი გოლების გარეშე დასრულდა, 51-ე წუთზე კი მსაჯმა მოედნიდან გიორგი გველესიანი გააძევა. 10 კაცით დარჩენილმა “დინამომ” მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი ერთი მიიღო.

ქართული საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში ძნელად გასახსენებელია მატჩი, რომელიც ათი კაცით დავასრულეთ და მოვიგეთ. ის ფაქტი, რომ “დინამომ” გოლები გველესიანის გაძევების შემდეგ გაიტანა თბილისელთა კარგ ფსიქოლოგიურ მომზადებაზე მიუთითებს.

გია გეგუჩაძე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებით ბრძოლისუნარიან გუნდს აყალიბებს. სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელებით შეძლო გია გეგუჩაძემ დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგის ჩვენება. 2004 წელს ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის გიორგი ნემსაძე თამაშობდა, დღეს კი მის როლს ალექსანდრე იაშვილი ასრულებს. ასე რომ გია გეგუჩაძის ზოგადი სტრატეგია იგივე რჩება. მისი ხედვით წარმატება ევროტურნირზე ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მინიმუმ ერთი გამოცდილი მოთამაშის ნაზავით შესაძლებელია.

პირველი მატჩის წინ დინამოელთა დანაკლისს ოთარ კაკაბაძე და დავით ვოლკოვი შეადგენდნენ. “გაბალასთან” მატჩის მიმდინრეობისას მცირე დაზიანება მიიღო მათე ცინცაძემ, ხოლო როგორც მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძემ აღნიშნა ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრავმის გამო შეცვალა და მისი დაზიანება უფრო სერიოზული ჩანდა. ამ ეტაპზე უცნობია დინამოელთა ზუსტი დანაკლისი.

რომან გრიგორჩუკისა და გია გეგუჩაძის პირველი დაპირისპირების შემდეგ საინტერესო მატჩის მოლოდინია. წარმატებული უკრაინელი მწვრთნელის გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, თბილისელთა მხარეს კი ახალგაზრდული მოტივაციაა.

“გაბალას” ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები და წარმატებული მთავარი მწვრთნელი. 20013 წელს რომან გრიგორჩუკიმ ოდესის “ჩერნომორეცი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირში გაიყვანა, ზღვისპირელებისთვის ჯგუფური ეტაპიც დაძლევადი აღმოჩნდა, 1/16 ფინალში კი “ლიონთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.

თანამედროვე ფეხბურთში წარმატებული კლუბის ჩამოყალიბება გრძელვადიანი პროცესია. განვითარების პროცესს კი ყოველთვის ახლავს ჩავარდნა. ამიტომაც ნებისმიერ შემთხვევაში გია გეგუჩაძის საქმიანობას ხელი არ უნდა შეეშალოს. წარმატებას სჭირდება დრო, შრომა და მოთმინება.

ქართული კლუბი გაბალაში დღეს ჩაფრინდა. მატჩის წინა პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გია გეგუჩაძის ფეხბურთელები “გაბალას” სტადიონზე ივარჯიშებენ.

შეგახსენებთ “გაბალასა” და “დინამოს” მატჩი 9 ივლისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ქართველი ფეხბურთელებიდან “გაბალასთვის” შემდეგ ფეხბურთელებს უთამაშიათ:

გიორგი კრასოვსკი (2006-07), ზურაბ მამალაძე (2007-08), თორნიკე აფციაური (2007-09), გოგა ბერაია (2008-11), რევაზ გეწაძე (2009-10)

გია გეგუჩაძის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში “დინამო თბილსის” ევრომატჩები:

2004-05 წლების სეზონი:

უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ბატე (ბორისოვი) – დინამო (თბილისი) 2:3

დინამო (თბილისი) – ბატე (ბორისოვი) 1:0

უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი

სლავია (პრაღა) – დინამო (თბილისი) 3:1

დინამო (თბილისი) – სლავია (პრაღა) 2:0

უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

ვისლა (კრაკოვი) – დინამო (თბილისი) 4:3

დინამო (თბილისი) – ვისლა (კრაკოვი) 2:1

ჯგუფური ეტაპი

დინამო (თბილისი) – სოშო 0:2

ნიუკასლი – დინამო 2:0

დინამო – სპორტინგი (ლისაბონი) 0:4

პანიონიოსი – დინამო (თბილისი) 5:2

2014/15 წლების სეზონი

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

დინამო (თბილისი) – გაბალა 2:1

ბურთების შეფარდება საკვალიფიკაციო ეტაპზე: 14:11

ბურთების შეფარდება ჯგუფურ ეტაპზე: 2:9

ბურთების საერთო შეფარდება: 16:20

სტატისტიკა
0.281209