ფეხბურთი

15:30 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი თევზაძე: "ესპანეთში სიამოვნებით ვითამაშებდი"
"ქართულ გუნდებს ევროტურნირებზე წარმატებებს ვუსურვებ"

დამდეგი სეზონიდან საქართველოს უმაღლეს ლიგას თბილისის "საბურთალოს" სახით დებიუტანტი ეყოლება. გია ჭიაბრიშვილის გუნდის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ერთ-ერთი მათგანი კი გიორგი თევზაძე გახლავთ. იგი 19 წლის ჯერ კიდევ არ გამხდარა, თუმცა უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს.

გასული სეზონის მეორე ნახევარი იმედისმომცემმა მცველმა "სამტრედიაში" გაატარა, რომლის რიგებშიც უმაღლეს ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, ხოლო საქართველოს თასზე ერთხელ ითამაშა და იმ მატჩში გამარჯვების გოლიც გაიტანა.

თევზაძე უდავოდ გამორჩეული იყო საქართველოს 19-წლამდე ნაკრების რიგებში, მაისის თვეში თბილისში ჩატარებულ ელიტ რაუნდში, სადაც მან ესპანეთისა და თურქეთის ნაკრების კარში ორი გოლის გატანა მოახერხა.

"მსოფლიო სპორტი" ნიჭიერ ფეხბურთელს დაუკავშირდა და "საბურთალოს", ელიტ რაუნდისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

- როგორ ემზადება "საბურთალო" და რა განწყობაა გუნდში ახალი სეზონის წინ?

- მზადება უკვე დავიწყეთ. ხვალიდან ამხანაგურ მატჩებს გავმართავთ, ხოლო 23 ივლისს შეკრებაზე გავემგზავრებით. გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა.

- როგორ ფიქრობ, უმაღლეს ლიგაში რამდენად გაგიჭირდებათ, "საბურთალო" ხომ დებიუტანტი და ახალგაზრდული გუნდია...

- "საბურთალოს" უმაღლეს ლიგაში თამაში არ გაუჭირდება. მართალია ახალგაზრდა ფეხბურთელები ვართ შეკრებილნი, მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭებს დიდი შესაძლებლობა და პოტენციალი გააჩნიათ.

- რა იქნება თქვენი მიზანი?

- შევეცდებით, რომ ოთხეულში მოვხდეთ და ევროტურნირების საგზური მოვიპოვოთ.

- შენი აზრით, აღნიშნული მიზნის მიღწევა რთული არ იქნება?

- რთული იქნება, მაგრამ მიუღწეველი არაფერია.

- შენ პირადად, უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება გაქვს. როგორ გაიხსენებ "სამტრედიაში" გატარებულ პერიოდს?

- პირველ ყოვლისა მინდა, მადლობა გადავუხადო "სამტრედიას" ხელმძღვანელობას ისეთი კარგი დახვედრისთვის, როგორც მე დამხვდნენ და როგორ ყურადღებასაც მაქცევდნენ. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა, მთლიან სამწვრთნელო შტაბს ზაზა ზამთარაძის მეთაურობით. დებიუტი "ზესტაფონთან" მქონდა, როცა მოედანზე 20 წუთით შემიყვანეს. ვფიქრობ, ნორმალურად ვითამაშე. შემდეგ ძირითადში "ტორპედოსთანაც" დამაყენეს. მერე კი იყო სათასო მატჩი საჩხერის "ჩიხურასთან", რომელშიც გამარჯვების გოლი გავიტანე და რომლის წყალობითაც მოვიგეთ.

- "სამტრედიაში" გამოცდილ ფეხბურთელებთან მოგიწიათ ვარჯიში და თამაში. რა მოგცა მათ გვერდით გატარებულმა პერიოდმა?

- ჩემი აზრით, ყველაზე მეტად თავდაჯერება შემძინა.

- 19-წლამდელთა ელიტ რაუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყავი. როგორ გაიხსენებ ამ ტურნირს და შენს მიერ გატანილ გოლებს?

- ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა პორტუგალიის, ესპანეთისა და თურქეთის სახით. პირადად ჩემთვის საფინალო თამაშები იყო. მე ვფიქრობ, ყველა თამაშზე საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენი ჩემპიონატიდან გამომდინარე ბევრ ფეხბურთელს ხშირად თამაში არ გვიწევდა და ამან გავლენა ელიტ რაუნდზე იმ მხრივ იქონია, რომ მატჩების ბოლოს ვიღლებოდით, სირბილი გვიჭირდა... ჩემს გოლებს რაც შეეხება, ლამაზი და კარგი გოლები გამოვიდა და ძალიან გამიხარდა. თუმცა ეს არ იყო ჩემთვის დამაკმაყოფილებელი. ჩემი აზრით, მეტის გაკეთება შემეძლო ამ ტურნირზე, კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა რომ მქონოდა.

- ალბათ, ეროვნულ ნაკრებში თამაშზეც ფიქრობ...

- დიახ, რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი ოცნება და იმედია, ავიხდენ კიდეც.

- კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე არ ფიქრობ?

- რა თქმა უნდა, ჩემი მიზანიც სწორედ უცხოეთში თამაშია.

- ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში ისურვებდი თამაშს?

- ესპანეთში. ჩემი აზრით, ყველაზე კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ იქ თამაშობენ, მაგრამ თავიდან არც ბელგიაზე ან ჰოლანდიაზე ვიტყოდი უარს...

- შემოთავაზება ხომ არ გაქვს ბელგიიდან და ჰოლანდიიდან?

- დიახ, იყო რაღაც ვარიანტები, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და ამ ეტაპზე ამ თემაზე საუბარი არ მინდა.

- ევროპის ლიგაზე ქართული გუნდების გამოსვლაზე რას იტყვი და მათ შანსებს შემდეგ ეტაპზე გასვლასთან დაკავშირებით როგორ შეაფასებდი?

- სამივე ქართულ გუნდს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან კარგი და დიდი შანსი აქვთ. მინდა, რომ მათ წარმატებები ვუსურვო.

0.111047