ფეხბურთი

16:10 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავა: "რუბინიდან" წამოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე"
"მინდა ყველა ქართულმა გუნდმა გამარჯვება იზეიმოს"

9 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე "ცხინვალი" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში რუმინულ "ბოტოშანს" დაუხვდება და შემდეგ ეტაპზე გასვლას ეცდება. ამ გუნდთა პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. იმ შეხვედრაში ცხინვალელთაგან ერთადერთი გოლი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ნიკა კაჭარავამ გაიტანა. 21 წლის ფორვარდი ამით "ცხინვალის" ისტორიაშიც შევიდა - იგი გახდა პირველი ფებხურთელი, ვინაც ამ გუნდის რიგებში ევროსარბიელზე გოლის გატანა შეძლო.

საერთოდ, ნიკას პროგრესი ბოლო დროს თვალშისაცემია. მან ყაზანის "რუბინი" წელიწადნახევრის წინ დატოვა და ტრავმის მოშუშების შემდეგ ნელ-ნელა სათამაშო ფორმა აკრიფა. გასულ სეზონში ნიჭიერმა ფორვარდმა თავი 12-ჯერ გამოიჩინა. ახლა კი გარდა "ბოტოშანთან" გატანილი გოლისა, მან 21-წლამდე ნაკრებშიც დუბლის შესრულება მოახერხა.

"მსოფლიო სპორტი" ახალგაზრდა ფეხბურთელს დაუკავშირდა და გარდა "ბოტოშანთან" დაპირისპირებისა, სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

- "ბოტოშანთან" პირველ შეხვედრაში რამდენად ელოდით დადებით შედეგს და თქვენი გუნდის თამაშს როგორ შეაფასებთ?

- ჩვენი მიზანი იყო არ წაგვეგო, რაც მოვახერხეთ და თანაც, გოლის გატანაც შევძელით. ეს კი მეორე თამაშის წინ გარკვეულ უპირატესობას გვანიჭებს. თამაშს რაც შეეხება, ველოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. მითუფრო, რომ ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილება ჩვენ აქამდე არ გვქონია.

- საპასუხო თამაშში რის ხარჯზე აპირებს "ცხინვალი" წარმატების მიღწევას, რა შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი კოზირი?

- ის რაც აქამდე იყო ჩვენი პლიუსი - დისციპლინა და ბრძოლა მოედნის ყველა მონაკვეთში. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე და რა თქმა უნდა ქომაგი, რომლის ძალიან დიდი იმედი მაქვს. რუმინეთში გამართულ მატჩში "ბოტოშანს" გულშემატკივრის უპირატესობა ჰქონდა. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულან, რაც დამატებით მოტივაციას აძლევდა გუნდს, მაგრამ თბილისში დარწმუნებული ვარ, ჩვენ უფრო დიდი მხარდაჭერა გვექნება, ვიდრე "ბოტოშანს" ჰქონდა და მჯერა, ეს ჩვენს თამაშზეც აისახება.

- ნიკა, თქვენ, "ცხინვალის" ისტორიაში შეხვედით. გახდით პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ გუნდის მაისურით ევროტურნირებზე გოლი გაიტანა...

- რა თქმა უნდა უდიდესი პატივია, მაგრამ ჩემი და გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელის მიზანია, შევიდეთ ისტორიაში ფეხბურთელებად, რომლებმაც "ცხინვალი" პირველად გაიყვანეს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

- როგორ ფიქრობთ, ამ მიზნის შესრულება რამდენად რეალურია?

- სავსებით შესაძლებელია თუ ბოლომდე დავიხარჯებით. დაუმარცხებელი გუნდები არ არსებობენ.

- ნიკა, ბოლო დროს პროგრესს განიცდით. ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიგიწვიეს და გოლები გაიტანეთ. რამდენად გმატებთ ეს თავდაჯერებულობას?

- რაღა თქმა უნდა თავდამსხმელის პირველი მოვალეობა გოლის გატანაა. მეც, როგორც ყველა ფეხბურთელს, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს გოლის გატანა, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სახეობაა და შედეგიც გუნდურია. მირჩევნია, გუნდმა მოიგოს, ვიდრე გოლი გავიტანო და წავაგოთ. როდესაც მოედანს გამარჯვებული ტოვებ, ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა.

- ბუნებრივია, ალბათ, ეროვნულ ნაკრებზეც ფიქრობთ. თქვენი აზრით, რამდენად გაქვთ შანსი, რომ კახა ცხადაძისგან მიწვევა მიიღოთ?

- ყველა ფეხბურთელის მიზანია ეროვნულ ნაკრებში თამაში. შანსი რა თქმა უნდა ყველა მოთამაშეს აქვს. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, თუ გავაგრძელებ პროგრესს, დარწმუნებული ვარ, შრომა დამიფასდება.

- რამდენად მიუძღვის წლვილი თქვენს პროგრესში მამათქვენს, კახას?

- უდიდესი. ყოველთვის ცდილობს, რომ ვარჯიშზე და თამაშზეც მაქსიმალურად დავიხარჯო. არ აქვს ანგარიშს მნიშვნელობა, ყოველთვის ბოლომდე უნდა ითამაშო. თანაც, როცა "რუბინიდან" წამოვედი 6 თვე ვერ ვვარჯიშობდი საზარდულის ტრავმის გამო და ასეთ დროს ძნელია ფეხბურთელს ენდო, თამაშის საშუალება მისცე, თანაც შვილს, მითუმეტეს საქართველოში, სადაც რატომღაც ასე მიღებული, რომ თუ მწვრთნელი ხარ შვილი არ უნდა ათამაშო. ეს პრობლემა იყო 19-წლამდე ნაკრებში, როცა კახა იყო მწვრთნელი.

- რთული არაა საკუთარი მამის ხელმძღვანელობით თამაში? თანაც, ასეთ დროს ყოველთვის არსებობს გარკვეული წნეხი...

- არა. ეს უხერხულობა არ მაქვს, რადგან ვიცი, თუ ღირსი არ ვიქნები და არ დავიმსახურებ, არც მათამაშებს.

- ყაზანის "რუბინთან" კონტრაქტი საბოლოოდ დაგიმთავრდათ?

- დიახ, წელიწადნახევრის წინ ყაზანიდან საბოლოოდ წამოვედი და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მართებული გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც საქართველოში დავბრუნდი.

- რატომ ვერ დაიმკვიდრეთ "რუბინში" თავი და რატომ მიგაჩნიათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ?

- როდესაც გუნდში მივედი მწვრთნელი ყურბან ბერდიევი იყო, ვისგანაც ძალიან ბევრი ვისწავლე და იმ 1 წელიწადით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა და მითხრეს, რომ დუბლებთან ერთად უნდა წავსულიყავი შეკრებაზე. მაშინ 20 წლის ვიყავი და უკვე მაღალ დონეზე უნდა მეთამაშა, ამიტომაც გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება, თანაც ამას ტრავმაც დაემატა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენი ჩემპიონატი დაბალი დონის სულაც არაა. აქ ბევრი კარგი გუნდია, რაც წლევანდელ ევროტურნირებზეც დასტურდება. უბრალოდ, ქართულ ფეხბურთს ტრიბუნებზე გულშემატკივარი აკლია. ვისაც ფეხბურთთან შეხება ჰქონია დამეთანხმება, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა, როცა ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშობ და როცა ტრიბუნები სავსეა...

- მაშინ, როდესაც "რუბინიდან" მიდიოდით, უცხოეთში დარჩენის სხვა ვარიანტები თუ იყო?

- არა, სერიოზული შემოთავაზება არ ყოფილა.

- და ახლა, როცა ათამაშდით და გოლებიც გაგაქვთ, თუ არის დაინტერესება?

- ამაზე ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან ახლა მხოლოდ 9 ივლისს გასამართ მატჩზე ვფიქრობ.

- ვისი თამაში მოგწონდათ ან მოგწონდათ ყველაზე მეტად?

- ყველაზე მეტად სიამოვნებას რონალდინიოს თამაშის ყურება მანიჭებდა.

- რომელიმე გუნდი თუ გყავთ გამორჩეული?

- არა, ასეთი გუნდი არ მყავს.

- და ბოლოს, 9 ივლისს გასამართი შეხვედრიდან რისი მოლოდინი გაქვთ?

- გამარჯვების. მინდა, ყველა ქართულ კლუბს წარმატება ვუსურვო და იმედია, ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

სტატისტიკა
0.302475