ფეხბურთი

13:45 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასის ბილეთების გაყიდვის თარიღი ორი დღით ადრე გამოცხადდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უეფას ევროპის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება.

როგორც “მსოფლიო სპორტს” ფეხბურთის ფედერაციის მედიაოფიცერმა ეკა ელოშვილმა აცნობა, მიმდინარეობს როგორც ბილეთების დასაბეჭდად მომზადება, ასევე უსაფრთხოების გეგმის შემუშავება თბილისის მერიასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. მისივე თქმით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპეციალურად მოეწყობა დიდი მოცულობის ერთჯერადი სალარო, რომელიც ერთდროულად შეძლებს მოემსახუროს 10-15 ადამიანს. რეგიონებში მცხოვრებ გულშემატკივართა ინტერესის გათვალისწინებით, მას შემდეგ რაც მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება, ბილეთების გაყიდვის თარიღი ორი დღით ადრე გამოცხადდება. გადაწყვეტილია, რომ ბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის სამუშაო დღეებში არ დაიწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერ სიახლეს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს აცნობებს საკუთარი ვებგვერდისა და საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 11 აგვისტოს გასამართ ევროპის სუპერთასზე დასასწრები ბილეთები, უეფასთან კონტრაქტის თანახმად biletebi.ge-ს უნდა გაეყიდა, თუმცა აღნიშნულმა საიტმა ბილეთებზე არსებული დიდი მოთხოვნის შედეგად წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო, მხოლოდ მცირე ნაწილი გაყიდა, რის შემდეგაც სფფ-მ უეფასთან შეთანხმებით ბილეთების სალაროებში გაყიდვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ევროპის სუპერთასისთვის თბილისში ერთმანეთს 2014-2015 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის თასის მფლობელი “სევილია” დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121381