ფეხბურთი

23:41 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალმა” რუმინეთიდან სასურველი ფრე “წამოიღო”

თბილისის და ბათუმის “დინამოებს”, რომელთაც უეფა-ს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული სტარტი აიღეს, მხარი “ცხინვალმაც” აუბა. ევროთასებზე პირველად მოთამაშე ქართულმა კლუბმა რუმინულ “ბოტოშანთან” გასვლით მატჩში ყაიმი (1:1) დააფიქსირა და განმეორებითი შეხვედრის წინ, შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი შეინარჩუნა.

გასულ მატჩში, რომელიც ბოტოშანის მუნიციპალურ სტადიონზე შედგა, მასპინძლებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ. რუმინელებმა კარისკენ დარტყმებში მეტოქეს 23:6 აჯობეს და კუთხურებში 14:2 იმარჯვეს, თუმცა, კახა კაჭარავას შეგირდების თავდადებულმა თამაშმა შედეგი გამოიღო. განსაკუთრებით აღსანიშნავი ქართული კლუბის მეკარე და კაპიტან გიორგი ნადირაძის გარჯაა, რომელმაც ბოტოშანელები არაერთხელ გააწბილა.

ნადირაძე უძლური ერთადერთ ეპიზოდში იყო, როდესაც გადმოვარდნილ ბურთზე საჯარიმოს ფარგლებიდან პეტრე ივანოვიჩი ურტყამდა და იმ ეპიზოდში რეაქციის მოხდენა შეუძლებელი იყო. ეს 21-ე წუთზე მოხდა და პირველ ტაიმში რუმინელი ფეხბურთელები დიდი ძალებით უტევდნენ, თუმცა, ცხინვალმა შესვენებაზე ერთბურთიანი ჩამორჩენით გასვლა მოახერხა.

აი, მე-2 ტაიმი კი ისე დაიწყო, ქართველები უკეთესს ვერც ინატრებდნენ. 46-ე წუთზე შეტევაში გიორგი ცერცვაძე ჩაერთო და საჯარიმოში ნიკა კაჭარავა მოსძებნა. ამ დროს რუმინელთა ბულგარელმა გოლკიპერმა პლამენ ილიევმა მოძრაობა მარჯვნივ გააკეთა, ცხინვალის მთავარი მწვრთნელის ვაჟმა კი საპირისპირო მიმართულებით დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

“ბოტოშანს” გამარჯვების მოსაპოვებლად სრული ტაიმი რჩებოდა და ტერიტორიულ უპირატესობას ნამდვილად ფლობდა, თუმცა, დასკვნით ეპიზოდებში მასპინძელ ფეხბურთელებს კლასის ნაკლებობა აშკარა ეტყობოდათ. ეს გასაკვირიც არ ყოფილა: რუმინეთის ჩემპიონატის მერვედგილოსნისგან მაღალი დონის ასპარეზობა მოულოდნელიც კი იქნებოდა.

თავის მხრივ, ცხინვალმა სასურველი შედეგის დაფიქსირება შესძლო და გუნდისთვის პირველ, ისტორიულ ევროთასზე წარმატებული სტარტი აიღო. ახლა, მთავარია კახა კაჭარავას შეგირდებმა 9 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაგეგმილი განმეორებითი მატჩიც აღმაფრენით ჩაატარონ და მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის საგზური მოიპოვონ. შეგახსენებთ, რომ რუმინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, “ცხინვალს” პოლონური “ლეგია” ელის.

უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. “მუნიციპალი” (ბოტოშანი), რუმინეთი

ბოტოშანი (რუმინეთი) – ცხინვალი (საქართველო) 1:1 (1:0)

ბოტოშანი: ილიევი, კორდოში, პლამადა, კროიტორუ (ბრატა, 74), ივანოვიჩი (ბატინი, 86), ვაშვარი, მარტინუსი, ბრაუნი, კოსტინი, ხოდნოდი (რომანი, 46), დიმიტროვი.

მწვრთნელი: ლეონტინ გროზავუ.

ცხინვალი: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, ცერცვაძე, ლეკვთაძე (შულაია, 63), გიგაური (ბურძენაძე, 77), კაჭარავა, ივანიშვილი (კაჭკაჭიშვილი), კაკუბავა, ცაცკრიალაშვილი, ქარდავა, კილასონია.

მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

გოლები: 1:0 ივანოვიჩი (21), კაჭარავა 1:1 (46).

გაფრთხილება: ლეკვთაძე (34), კილასონია (83), ნადირაძე (90), ქარდავა (90+3).

მსაჯი: ლორენც იემინი (ალბანეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127669