ფეხბურთი

19:58 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაჭარავა: “მთავარი პრობლემა შეუთამაშებლობაა”

საფეხბურთო კლუბმა “ცხინვალმა” ევროპის ლიგის მოახლოებული თამაშების წინ ახალი ფეხბურთელები წარადგინა. სასტუმრო “ბომონდ გარდენში” გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ცაბაძემ და მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ისაუბრეს. პრესკონფერენცია დავით ცაბაძემ დაიწყო.

“მოგეხსენებათ საფეხბურთო კლუბი ცხინვალის “ცხინვალი” ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენი საფეხბურთო კლუბი ევროტურნირზე იასპარეზებს ცხინვალის სახელით, რაც დადასტურებაა იმისა, რომ სამაჩაბლო საქართველოა.

1 ივლისს მივემგზავრებით რუმინეთში, გამგზავრებამდე კი ახალი ფეხბურთელების წარდგენა გადავწყვიტეთ. ჩვენს გუნდში ითამაშებს მეკარე ომარ მიგინეიშვილი და მინდვრის ფეხბურთელები: ლევან კაკუბავა, ლაშა ჯაფარიძე, აკაკი შულაია, დავით ბოლქვაძე, ზვიად ლობჯანიძე და მერაბ გიგაური. მათ უკვე გააფორმეს კონტრაქტი და გუნდის სრულუფლებიანი წევრები არიან.

გუნდი ჩარტერული რეისით ოთხშაბათს გაემგზავრება რუმინეთის ქალაქ იაშიში, რადგან ქალაქ ბოტოშანში არ არის აეროპორტი. ჩაფრენის შემდეგ კი ქალაქ ბოტოშანისკენ ავტობუსით ავიღებთ გეზს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ავიაკომპანია “აირზენას”, რომელიც საკმაოდ შეღავათიან ფასებში მოგვემსახურება” – აღნიშნა ცაბაძემ.

“ცხინვალის” მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას აზრით, გუნდი გაძლიერდა, თუმცა არსებობს შეთამაშების პრობლემა.

“გუნდი საკმაოდ გაძლიერდა. ვფიქრობ შეთამაშების შემთხვევაში შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

“ვნახე “ბოტოშანისა” და “კრასნოდარის” ამხანაგური შეხვედრა, თუმცა დასკვნების გამოტანა გამიჭირდება, რადგან რუსულმა კლუბმა ორი წამყვანი ფეხბურთელის გარდა პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით ითამაშა, რუმინელთა შორის კი ექვსი ახალი მოთამაშე იყო.

რა თქმა უნდა არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ევროპა ლიგას მოვიგებთ და დიდი მიზნები გვექნება. “ქართულ მენტალიტეტს” თავი უნდა დავანებოთ და რეალურად ვიმსჯელოთ. გვსურს შემდეგ ეტაპზე გასვლა, თუმცა გვესმის “ბოტოშანის” დამარცხების სირთულეც.

ცხინვალისთვის” დიდი მიღწევაა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა. ჩემი გუნდის ფეხბურთელთა ნაწილი მგონი პირველად მიემგზავრება უცხოეთში, ვფიქრობ გვაკლია გამოცდილება. ასევე კარგი იქნებოდა თუ უფრო ადრე დავიმატებით ხსენებულ მოთამაშეებს, რადგან გუნდი უფრო მეტად შეთამაშებული იქნებოდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი გვექნებოდა.

პრაქტიკულად ექვს თვეში ერთხელ მიხდება ახალი გუნდის გაკეთება, რაც ძალიან დიდი დისკომფორტია. მით უმეტეს, როცა ევროტურნირზე გიწევს ასპარეზობა” – განაცხადა კახა კაჭარავამ.

პრესკონფერენცია დავით ცაბაძემ დაასრულა.

“საპასუხო მატჩთან დაკავშირებით გვაქვს იდეა. გვსურს გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის მთელი რაოდენობა 13 ივლისს დაზარალებულთა ფონდში გადავრიცხოთ. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ ერთობლივად მიიღო.

ასევე გვსურს ცხინვალიდან ჩამოვიყვანოთ გულშემატკივრები და ქართველებმა და ოსებმა ერთად ვუგულშემატკივროთ “ცხინვალს” – დაასრულა ცაბაძემ.

შეგახსენებთ, 2 ივლისს “ბოტოშანისა” და “ცხინვალის” პირველი მატჩი რუმინეთში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. როგორც რუმინული, ასევე ქართული კლუბი ევროტურნირებზე პირველ მატჩს ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.157718