ფეხბურთი

18:46 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეების წარდგენა - "ომონია"

ბათუმის "დინამო" ევროსარბიელს 17-წლიანი პაუზის შემდგომ უბრუნდება. ზღვისპირელთა მეტოქე ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიიის "ომონია" იქნება. ეს გუნდი კვიპროსში საკმაო ტრადიციებით გამოირჩევა.

"ომონია" 1948 წელს ნიქოზიაში დაარსდა. კვიპროსის უძლიერესი გუნდის სახელი კი პირველად 1961 წელს ირგუნა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კოსტას კაიაფასია, რომელიც გუნდს 2014 წლის მარტის თვიდან მოყოლებული წვრთნის. "ომონიას" ღირსებას საქართველოს ნაკრების წევრი უჩა ლობჟანიძე იცავს, ვინაც კუნძულს ერთი წლის წინ მიაშურა. მან კვიპროსის ჩემპიონატში გამართულ 24 მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა.

"ომონიამ" 2014-2015 წლების სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ნიქოზიელებმა გათამაშება 39 ქულით დაასრულეს და ჩემპიონ "აპოლონს" 9 ქულით ჩამორჩნენ. საუკეთესო ბომბარდირი კი ბენინელი თავდამსხმელი მიკელ პოტე გახდა 17 გოლით. "ომონია" ლეგიონერთა ნაკლებობას არ უჩივის. მის რიგებში შეხვდებით ესპანელ, პორტუგალიელ, ხორვატ, სლოვაკ, ფრანგ და მალტელ ფეხბურთელებს.

ქვეყნის ჩემპიონატი "ომონიას" 20-ჯერ აქვს მოგებული (ბოლოს 2010 წელს), თასს 14 გზის დაეუფლა, ხოლო კვიპროსის სუპერთასი 16-ჯერ მოიპოვა. "ომონია" ევროსარბიელზე განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიკვეხნის. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს ეს გუნდი არ გასცილებია. გასულ სეზონში კი გუნდი ევროპის ლიგის პლეიოფის ეტაპზე გავიდა და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დააკლდა. მოსკოვის "დინამოსთან" კვიპროსელებმა ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგეს (2:2, 1:2).

ბათუმის "დინამო" ნიქოზიის "ომონიას" 2 და 9 ივლისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10353