ბაქოში პირველი ევროპული თამაშები მიმდინარეობს, რაც აზიელებს ნაკლებად აინტერესებს და მათთვის მნიშვნელოვანი ამბებით არიან დაკავებულნი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩინეთს, კონკრეტულად კი პეკინს გულში ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ამოუჭრია.
ამ მოტივით, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ლიუ იანდონგმა, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მუზეუმში, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის გამართვის ერთ-ერთი პრეტენდენტის, პეკინის, პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. მან და დედაქალაქის მერმა ვანგ ანშუნმა იმ დადებით მომენტებზე ისაუბრეს რომელიც პეკინს გააჩნია.
“თუ პეკინს, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზების უფლებას მიანიჭებენ, ვფიქრობთ, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. ქალაქს უკვე აქვს ზაფხულის თამაშების მასპინძლობის გამოცდილება 2008 წელს და ალბათ ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ოლიმპიადების ისტორიაში. ჩვენთან თავი მსოფლიოს უძლიერესმა ათლეტებმა მოიყარეს. ისევე როგორც შვიდი წლის წინ ჩვენ ქვეყნის ხელისუფლების უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს”, - განაცხადა ვან ანშუნმა.
ჩინეთის დელეგაციის მიერ წარმოდგენილმა საილუსტრაციო მასალებმა ცხადყო, რომ პეკინი ოლიმპიური სულისკვეთებითაა გაჯერებული. თვის დასაწყისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მონიტორინგის ჯგუფმა ორივე ქალაქის მიერ წარდგენილი პროგრამის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მასში ხაზი ჰქონდა გასმული, რომ ჩინეთმა წარმატებით უმასპინძლა როგორც ზაფხულის 2008 წლის ოლიმპიადას, ასევე – 2014 წლის ახალგაზრდულ თამაშებსაც. ეს უკანასკნელი ნანძინში გაიმართა, რაც 2022 წლის თეთრი ოლიმპიადის ორგანიზებაზე პეკინის მასპინძლობის შანსებს საკმაოდ ზრდის.
www.geonoc.org.ge







