კალათბურთი

23:15 | 9.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით უსტიაშვილი: “მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრებისთვის კადრების შერჩევაა”

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები 8 ივნისიდან 10-დღიან შეკრებას ვაკეშე მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზში გადის.

ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში მოსპარეზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები “ა” დივიზიონის ერთ-ერთი საგზურის მოსაპოვებლად ემზადება. ნაკრების ხელმძღვანელობამ შეკრებაზე 16 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაგან შესარჩევ ტურნირზე 12 გაემგზავრება. თბილისური შეკრების დასრულების შემდეგ ნაკრები 13 კალათბურთელით ლატვიაში, მორიგ 10-დღიან შეკრებას გაივლის, სადაც სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს. ლატვიიდან ლუქსემბურგის გავლით ნაკრების საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობა გეზს უნგრეთისაკენ აიღებს, რომელიც “ბ” დივიზიონის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს.

საქართველოსთან ერთად ჯგუფიდან გამსვლელი 2 ადგილისათვის ჩერნოგორიის, პორტუგალიის, კოსოვოსა და ლუქსემბურგის ნაკრები გუნდები იბრძოლებენ.

გთავაზობთ ინტერვიუს დავით უსტიაშვილთან, რომელიც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების პარალელურად ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვის თანაშემწედ და სუპერლიგის მონაწილე “ბათუმის” მთავარ მწვრთნელად მუშაობს.

-თუ შეიძლება გაგვაცანით ის კალათბურთელები, რომლებიც შეკრებაზე გამოიძახეთ...

-ნაკრების წევრობის კანდიდატები არიან: არჩილ პულუზაშვილი (“ოლიმპი”), იოსებ გოგნაძე (“ოლიმპი”), კახა ტომარაძე (“ოლიმპი”), უჩა გამრეკლიძე (“ოლიმპი”), მაიზერ რევაზაშვილი (“მაკაბი”), გიორგი ტურძელაძე (“მგზავრები-არმია”), გიორგი გუგეშაშვილი (“ოლიმპი”), სოსო მაჭავარიანი (თამაშობს იტალიაში), ლევან მასხულია (თამაშობს ესპანეთში), საბა ჯაყელი (“აკადემია”), ნიკოლოზ ღურწკაია (“აკადემია”), ალექსანდრე ბოლქვაძე (“მგზავრები-არმია”), ლუკა ზარნაძე (“მგზავრები-არმია”), სანდრო სანაძე (“მგზავრები-არმია”), ნუგზარ აბულაძე (“ოლიმპი”), ნიკოლოზ ლომიძე (“არენა 76”).

-რომელ გუნდებს თვლით ჯგუფში ჩვენი ნაკრების უშუალო კონკურენტად?

-ჩვენი მთავარი კონკურენტები ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ქვეყნების, ჩერნოგორიისა და კოსოვოს ნაკრები გუნდები იქნებიან. მათ ხომ ისეთი ძლიერი სკოლა აქვთ გავლილი, როგორიც იუგოსლავიას ჰქონდა.

-როგორია ჯგუფიდან ჩვენი გუნდის გასვლის შანსი?

-სამწუხაროდ, 20-წლამდელთა შორის არ გვყავს იმდენი კარგი კალათბურთელი, რომ ნაკრები მთლიანად ამ ასაკის სპორტსმენებით დავაკომპლექტოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აქცენტი 19 წლის კალათბურთელებზე გავაკეთეთ, რათა 20-წლამდელთა მომავალ ნაკრებს კარგი ცვლა მოვუმზადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში 19-წლამდელები ჭარბობენ, ჯგუფიდან გამსვლელი ერთ-ერთი საგზურისათვის ვიბრძოლებთ. მთავარი მიზანი კი პერსპექტიული კალათბურთელების შერჩევა და მათი ეროვნული ნაკრებისთვის მომზადებაა.

-20-წლამდელთა ნაკრებში ხომ არ არის ისეთი კალათბურთელი, რომელიც ეროვნული ნაკრების კანდიდატად ითვლება?

-ჯერჯერობით არა.

-საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრის აზრით, ევრო-2015-ის ფინალურ ეტაპზე ჩვენს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს. თქვენ თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას?

-ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, რომელსაც ხორვატია მასპინძლობს, რომლის მეექვსე მოთამაშეც გულშემატკივრები იქნებიან. ქომაგთა მხრიდან არანაკლები მხარდაჭერა სლოვენიისა და მაკედონიის ნაკრებ გუნდებს ექნებათ, რომლებიც ხორვატიის მეზობელი ქვეყნები არიან. ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად საბერძნეთს ვთვლი, რომელიც სრული შემადგენლობით იასპარეზებს. ხელწამოსაკრავი გუნდი არც ჯგუფის მეექვსე წევრ ჰოლანდიას ეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თუ ჯანმრთელად, ტრავმების გარეშეEშევიკრიბეთ, პირველ ოთხეულში მოხვედრა და ჯგუფური ეტაპის დაძლევა შესაძლებელია.

-საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ მოწყობილ გამოკითხვაში “ბათუმის” წევრი ბობ ჯეი იანგი 2014-15 წლების სეზონში გიორგი ცინცაძისა (“შსს აკადემია”) და გიორგი გამყრელიძის (“დინამო”) შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა. მომავალ 2015-16 წლების სეზონშიც ხომ არ აპირებთ გუნდში იანგის დატოვებას?

-სეზონის დასრულების შემდეგ “ბათუმთან” კონტრაქტი კალათბურთელებთან ერთად მწვრთნელებსაც დაუმთავრდათ. თუ “ბათუმის” ხელმძღვანელობა კვლავ გამიგრძელებს კონტრაქტს, იანგის გუნდში დატოვებას არ ვაპირებ, რადგან ის ჩემს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მე გუნდური კალათბურთის მომხრე ვარ. იანგი კი ინდივიდუალურ თამაშს ანიჭებს უპირატესობას. ამიტომ არ ვაპირებ იანგის გუნდში დატოვებას.

-მომავალი სეზონისათვის “ბათუმის” მონახაზი თუ გაქვთ გაკეთებული?

-თუ გუნდში დავრჩი, მის დაკომპლექტებაზე ამის შემდეგ ვიზრუნებ. ამჟამად კი მთლიანად 20-წლამდელთა ნაკრებით ვარ დაკავებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104758