პანტიანში სტარტი აიღო მორიგმა საერთაშორისო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია. კვალიფიკაციაში 4 ქართველი ჩოგბურთელი (გიორგი ლოქაპიშვილი, გიორგი რევაზიშვილი, ალექსანდრე ანდღულაძე, გუგა თავაძე) ჩაება, თუმცა, ძირითად ბადეში ვერცერთმა გააღწია.
პირდაპირ ძირითად ბადეში იყვნენ დაშვებულნი გიორგი ცივაძე, შოთა მეფარიძე, გიორგი ჯავახიშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში და ირაკლი მეტრეველი.
მე-5 ნომრად განთესილმა ცივაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – დანიელ კუზნეცოვს (ავსტრალია) 6:3, 6:0 სძლია და მერვედფინალში უკრაის სახელით მოთამაშე მიხაილო კვანტალიანს გაეჯიბრება. პირველი წრის მატჩი გამართა მეფარიძემაც და ჩეხ მარეკ რეჰაჩეკთან 3:6, 2:6 დამარცხდა.
პანტიანის წინა ტურნირის გამარჯვებულ ალექსანდრე მეტრეველს ამჯერად მე-3 განთესვა გააჩნია და საწყის შეხვედრაში ჯავახიშვილს გაეჯიბრება, ბაკში მე-7 რეიტინგის მქონე ყაზახ რომან ხასანოვს ეთამაშება, ხოლო ირაკლი მეტრეველის მეტოქე რუსი ივან კალინინი იქნება.







