ფეხბურთი

12:04 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

triplo ან triple

ფეხბურთის გულშემატკივრებს ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ლოდინი უჩვეულოდ დიდხანს მოუხდათ. უმთავრესი ევროპული საკლუბო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი ასე გვიან ერთადერთხელ გაიმართა. 1956 წელს, ჩემპიონთა თასის პირველი გათამაშების ფინალი, 13 ივნისს ჩატარდა.

ამჯერად, ფინალური დაპირისპირება 6 ივნისს გაიმართება და მას ბერლინის “ოლიმპიაშტადიონი” უმასპინძლებს, ერთმანეთის პირისპირ კი იტალიისა და ესპანეთის საუკეთესო კლუბები, ტურინის “იუვენტუსი” და კატალონიის “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში სრული თანაფარდობაა, მაგრამ უკანასკნელი დაპირისპირება კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს მწარედ ახსოვთ. ჩემპიონთა ლიგის 2002/03 წლების გათამაშების 1/4-ფინალში, ტურინში გუნდებმა 1:1 ითამაშეს. გოლები პაოლო მონტერომ და ხავიერ სავიოლამ გაიტანეს. ბარსელონაში გამართულ განმეორებით მატჩში ანგარიში პაველ ნედვედმა გახსნა, ხოლო ჩავი ერნანდესმა გაათანაბრა. ძირითადი დროის დასრულებამდე 11 წუთით ადრე მოედნიდან სტუმართა ნახევარმცველი ედგარ დავიდსი მოედნიდან გააძევეს, მაგრამ ტურინელებმა თამაშის დამატებით ტაიმში გადაყვანა მოახერხეს, ხოლო 114-ე წუთზე მარსელო სალაიეტას მიერ გატანილი გოლით მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ.

გუნდების ამჟამინდელმა კაპიტნებმა, ჯანლუიჯი ბუფონმა და ჩავი ერნანდესმა 12 წლის წინათ გამართული ორივე თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს. ასევე ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ლუის ენრიკემ, რომელიც დღეს კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელია.

უეფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე “იუვე” და “ბარსა” ერთმანეთს 6-ჯერ შეხვდნენ. ორივე მათგანის ანგარიშზე 2 მოგებაა, ორი თამაში კი ფრედ დასრულდა.

პირველი დაპირისპირება 1986 წელს, ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში შედგა. “ბარსამ” შინ 1:0 მოიგო, ხოლო ტურინში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა.

5 წლის შემდეგ, თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/2-ფინალში, “ბარსამ” შინ კვლავ მოიგო, ამჯერად 3:1 და მართალია სტუმრად 0:1 წააგო, მაგრამ ფინალში მაინც კატალონიელები გავიდნენ.

ბოლო ოფიციალური შეხვედრა კი 2003 წელს, ლიგის 1/4-ფინალში შედგა და 2 მატჩის ჯამში “იუვემ” 3:2 მოიგო.

მას შემდეგ, “ბარსელონა” და “იუვენტუსი” ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ამანაგურად დაუპირისპირდნენ. 2005 წელს, გამპერის თასზე 2:2 დასრულებული თამაშის შემდეგ, ტურინელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვეს. ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო “ბარსელონას” ამჟამინდელი ლიდერისთვის, ლიონელ მესისთვის. მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის ფეხბურთელს პირველი სერიოზული გაბრწყინება სწორედ “იუვენტუსთან” ამხანაგურ მატჩში ჰქონდა და თამაშის შემდეგ ტურინელთა მთავარი მწვრთნელისგან, ფაბიო კაპელოსგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.

“იუვენტუსს” ესპანეთის წარმომადგენლებთან სულ 46-ჯერ უთამაშია. ტურინელებს 16 მოგება, 12 ფრე და 18 მარცხი დაუგროვდათ. ბურთების შეფარდება – 52:50.

“ბარსელონას” იტალიურ გუნდებთან უკეთესი შედეგი აქვს. კატალონიელებმა, 43 შეხვედრიდან, 21 მოიგეს, 13 ფრედ დაასრულეს და 9 დათმეს. ბურთების შეფარდება – 71:43.

მიმდინარე სეზონი ორივე გუნდისთვის ძალზე წარმატებით წარიმართა. როგორც “იუვენტუსმა”, ასევე “ბარსელონამ”, შიდა ასპარეზზე ორივე ტიტული მოიგო. ტურინულ გუნდს ასეთი შედეგი 1995 წლის შემდეგ პირველად აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში “ბებერი სინიორა” იტალიის თასის მოგებას ვერ ახერხებდა, მაგრამ ნავსი წელს გატყდა.

კლუბების საამსეზონო წარმატება იმას ნიშნავს, რომ ორივე მათგანს სეზონის სამივე ტიტულის მოგების შანსი აქვს. თუ დღეს “იუვემ” იმარჯვა, ტურინელები triplo-ს(სწორედ ასე ჟღერას იტალიურად სამმაგი შედეგი) შეასრულებენ, ხოლო თუ კატალონიელებმა მოიგეს, ისინი სეზონს triple-თი დაასრულებენ.“ბარსელონას” შანსი აქვს გახდეს პირველი ევროპული კლუბი, რომელიც “ჰეთ თრიქს” მეორედ შეასრულებს. კატალონიელებმა პირველად ეს 2008/09 წლების სეზონში მოახერხეს.

დღევანდელ შეხვედრას დამატებით ინტრიგას ლუის სუარესისა და ჯორჯო კიელინის დაპირისპირება სძენდა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, ურუგვაისა და იტალიას შორის გამართულ შეხვედრაში, სუარესმა კიელინის მხარზე უკბინა, თუმცა, საბოლოოდ, თავად უფრო დაზარალდა, რადგან 4-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ბოლო ინფორმაციით, ამ ფეხბურთელების ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაპირისპირება ვერ მოხდება, რადგან კიელინი თამაშს ტრავმის გამო ტოვებს.

დაცვის ხაზში “იუვენტუსის” პრობლემები კიელინის ტრავმით არ ამოიწურება. გუნდს დიდი ხანია ვერ ეხმარება “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი მარტინ კასერესი, ხოლო ანდრეა ბარძალის თამაში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კატალონიური კლუბი ფინალს უდანაკარგოდ ხვდება. ანდრეს ინიესტას მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ის სრულად გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

შეხვედრის მთავარი არბიტრი თურქი ჯიუნეით ჩაქირი იქნება. მას, როგორც “იუვენტუსის”, ასევე “ბარსელონას” მატჩში მონაწილეობა 3-ჯერ მიუღია. ჩაქირის მიერ განსჯილ მატჩებში “იუვენტუსმა” “შტურმი” 2:1 და “ჩელსი” 3:0 დაამარცხა, ხოლო “ბენფიკასთან” ტურინელებმა 1:2 წააგეს. “ბარსელონამ” კი, “რუბინთან” და “ჩელსისთან” ფრედ ითამაშა (1:1 და 2:2), ხოლო “ბენფიკასთან” 2:0 მოიგო.

  • ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ფინალი ივნისის თვეში ისტორიაში პირველად ჩატარდება;
  • “იუვენტუსი”, ისევე, როგორც “ბარსელონა”, ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ფინალში მეხუთედ ითამაშებს. ამაზე უკეთესი შედეგი (6 ფინალი) მხოლოდ “მილანს” აქვს;
  • “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 ფინალი წააგო, “ბარსელონამ” კი უკანასკნელი 3 მოიგო;
  • ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში იტალიურ-ესპანური ფინალი მეშვიდედ გაიმართება. წინა 6 შემთხვევიდან იტალიელებმა მხოლოდ 2 მოიგეს;
  • ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2 ისეთი გუნდი გავიდა, რომლებსაც მიმდინარე სეზონში ქვეყნის ჩემპიონატიც და თასიც უკვე მოგებული აქვთ. ასეთი რამ აქამდე ერთადერთხელ, 2010 წელს მოხდა, როდესაც ფინალში ერთმანეთს “ინტერი” და “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ;
  • პატრის ევრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეხუთედ ითამაშებს და ამ მხრივ კლარენს ზეედორფსა და ედვინ ვან დერ სარს გაუთანაბრდება. უფრო მეტი (6) ფინალი მხოლოდ პაოლო მალდინის აქვს ნათამაშები;
  • ლიონელ მესის, ჩავის, ანდრეს ინიესტასა და ხერარდ პიკეს შანსი აქვთ ჩემპიონთა ლიგა (1992 წლიდან) მეოთხედ მოიგონ და რეკორდსმენ კლარენს ზეედორფს გაუთანაბრდნენ;
  • ლიონელ მესის შანსი აქვს გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელსაც გოლი ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) სამ ფინალში ექნება გატანილი;
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონას” მიერ გატანილი 28 გოლიდან 25 ლეო მესის, ნეიმარისა და ლუის სუარესის ანგარიშზეა;
  • ლეო მესიმ, ნეიმარმა და ლუის სუარესმა, მიმდინარე სეზონში, 120 გოლი გაიტანეს. ესპანური ფეხბურთის ისტორიაში არცერთ სხვა ტრიოს ასეთი შედეგი არ ჰქონია;
  • “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 12-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. ამ 12 წლის განმავლობაში “ბარსელონამ” ეს ტურნირი 3-ჯერ მოიგო. “ბებერი სინიორას” ამჟამინდელ შემადგენლობას 2003 წლის ფინალში მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელი, ჯანლუიჯი ბუფონი შემორჩა;
  • “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლოს 2011 წელს ითამაშა. იმ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებიდან კატალონიურ გუნდში კვლავ ირიცხებიან დანი ალვესი, ხერარდ პიკე, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, ხავიერ მასკერანო, სერხიო ბუსკეტსი, პედრო როდრიგესი და ლიონელ მესი;
  • ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც “ბარსელონას” მაისურით ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” გოლი გაუტანია, კატალონიელთა ამჟამინდელი დამრიგებელი ლუის ენრიკეა;
  • ბერლინის ოლიმპიური სტადიონი ჯანლუიჯი ბუფონისთვის, ანდრეა პირლოსთვის და ანდრეა ბარძალისთვის იღბლიანი არენაა. 2006 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, მათ ამ სტადიონზე საფრანგეთის დაამარცხეს. პირლომ, თერთმეტმეტრიანების სერიაში, გოლიც გაიტანა;
  • “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მერვედ თამაშობს. წინა 7 შემთხვევიდან ტურინელებმა მხოლოდ 2 მოიგეს. ამ ტურნირის ისტორიაში 6 ფინალი არავის წაუგია;
  • “იუვენტუსის” მსგავსად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონაც” მერვედ ითამაშებს. კატალონიელებს 4 მოგება და 3 წაგება აქვთ;
  • “იუვენტუსის” ოთხ ფეხბურთელს, ანდრეა პირლოს, კარლოს ტევესს, პატრის ევრასა და ალვარო მორატას, ჩემპიონთა ლიგის მოგების გამოცდილება აქვს;
  • “იუვენტუსს”, ჩემპიონთა ლიგაზე, 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ამ 9 შეხვედრიდან 5-ში ტურინელებმა კარი მშრალად შეინახეს;
  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 10 თამაშიდან 9 მოიგო;
  • იმ შემთხვევაში, თუ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა, ისტორიის გათვალისწინებით, უპირატესობა “ბარსელონას” ექნება. “იუვენტუსმა”, ევროტურნირებზე გამართული თერთმეტმეტრიანების 6 სერიიდან 3 მოიგო, “ბარსელონა” კი, ამდენივე მცდელობიდან, გამარჯვებული 5-ჯერ გამოვიდა;
  • ლეო მესიმ, იტალიურ გუნდებთან გამართულ ბოლო 5 თამაშში 7 გოლი გაიტანა;
  • “იუვენტუსის” დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი, სამწვრთნელო კარიერის დროს, “ბარსელონას” 8-ჯერ დაუპირისპირდა. მის ანგარიშზე 1 მოგება, 3 ფრე და 4 მარცხია;
  • “ბარსელონას” ამჟამინდელი მწვრთნელი ლუის ენრიკე, ფეხბურთელობის დროს, “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგიდან 2-ჯერ გამოაგდო. პირველად ეს 1995/96 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ენრიკე “რეალში” თამაშობდა, ხოლო მეორედ 2002/2003 წლების სეზონში, როდესაც ის უკვე “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო;
  • “რომას” მწვრთნელობის დროს, ლუის ენრიკე “იუვენტუსს” 3-ჯერ შეხვდა. მის ანგარიშზე 1 ფრე და 2 წაგებაა. ბურთების შეფარდება – 1:8. იტალიაში მუშაობის დროს ენრიკე მასიმილიანო ალეგრის “მილანს” 2-ჯერ შეხვდრა და ესპანელი ორივეჯერ დამარცხდა;
  • ესპანეთში თამაშის დროს, ფერნანდიო ლიორენტე “ბარსელონას” 20-ჯერ დაუპირისპირდა და მის აქტივში მხოლოდ 1 მოგება და 3 გოლია;
  • “რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, ალვარო მორატას “ბარსელონას” წინააღმდეგ 2-ჯერ უთამაშია. მისმა გუნდმა ერთხელ მოიგო და ერთხელ წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა, პირლო, მარკიზიო, პოგბა, ვიდალი, მორატა, ტევესი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, სუარესი, ნეიმარი.

მსაჯი: ჯიუნეით ჩაქირი (თურქეთი).

0.133676