ფეხბურთი

19:36 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაჭარავა: “გრიგალავასა და მერებაშვილს თუ ენდომებათ...”

კახა კაჭარავას გაწვრთნილმა “ცხინვალმა” 10 დღე დაისვენა და ვარჯიში განაახლა. ასე ადრე რატომაც განაახლეს, გასაგებია: გუნდს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ექნება. სასტარტო თამაშამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი.

მზადება ჯერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” მიმდინარეობს. ერთ კვირაში გუნდი უცხოეთში წავა შეკრებაზე.

ცხინვალში ივარჯიშეს გიორგი მერებაშვილმა, გია გრიგალავამ და ექსვიტჯორჯიელმა ნიკოლოზ მაისურაძემ. მერებაშვილი ბერძნული ოფი-დან წასვლის შემდეგ, უკლუბოდაა და სხვადასხვა ვარიანტი აქვს, თუნდაც იგივე საბერძნეთიდან. რაც შეეხება გრიგალავას, წელიწადია, არ უთამაშია: “ანჟიში” იყო და ახლა უკლუბოდაა.

კაჭარავამ გვითხრა, რომ თუ ეს ფეხბურთლები ევროპის ლიგაზე “ცხინვალში” თამაშს მოინდომებენ, მხოლოდ მიესალმება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სურვილია, რომ გუნდში დარჩნენო, თქვა მწვრთნელმა.

“ცხინვალიდან” წავიდნენ ლაშა შინდაგორიძე (ქუთაისის “ტორპედოში”), გიორგი ფანცულაია (“საბურთალოში”) და ლაშა კემუხტაშვილი - მისი მომავალი კლუბი ჯერ გაურკვეველია.

ამასთან, “ცხინვალს” ევროტურნირების წინ, შესაძლოა, თანხით დაეხმარნონ. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს ამ საკითხზე. კომიტეტი საქართველოს მთავრობას კლუბისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოსაყოფად მიმართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112071