ფეხბურთი

17:46 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის შეჯამება – “ატლეტიკო”

განვაგრძობთ ესპანეთის 2014/2015 წლების სეზონის ჩემპიონატის მიმოხილვას. შემდეგი კლუბი, რომელზეც ვისაუბრებთ მადრიდის “ატლეტიკოა”, რომელმაც აწ უკვე დასრულებულ ლა ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა.


ტრანსფერები

2013/2014 წლების სეზონი გუნდმა საოცრად ჩაატარა. მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე წამები დააკლდა. ზაფხულში კლუბში ბევრი რამ შეიცვალა. “როხიბლანკო” არაერთმა ძლიერმა ფეხბურთელმა დატოვა, რომელთაც გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ტიბო კურტუამ, ფელიპე ლუისმა და დიეგო კოშტამ ლონდონის “ჩელსის” მიაშურეს, ტობი ალდერვეირელდი “საუთჰემპტონში” წავიდა იჯარით, ადრიანი და ოლივერ ტორესი (არენდით) “პორტოში” გადავიდნენ, მანკილიო “ლივერპულში”, ხოლო დავიდ ვილიამ აშშ-ში განაგრძო კარიერა. მათ გარდა, “ატლეტიკო” დატოვა დანიელ არანსუბიამ, ლეო ბაპტიშაომ, სერხიო ასენხიომ, ჯოშუა გუილავოგიმ და ემილიანო ინსუამ, თუმცა მათი წასვლა სერიოზულ დანაკლისად ნამდვილად არ ითვლება. ასევე იჯარის ვადა გაუვიდათ ხოსე სოსას და დიეგოს, რომელთა დარჩენაც ვერ მოხერხდა.

სანაცვლოდ, მადრიდულმა გრანდმა საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები დაიმატა. მეკარეები: იან ობლაკი და მიგელ ანხელ მოია. მცველები: ხესუს გამესი, კრისტიან ანსალდი, გილერმე სიკეირა. ნახევარმცველები: ანტუან გრიზმანი, ალესიო ჩერჩი. თავდამსხმელები: ანხელ კორეა, მარიო მანძუკიჩი და რაულ ხიმენესი.

სიმეონემ თავიდანვე განაცხადა

სეზონი “ატლეტიკომ” ძალიან კარგად დაიწყო და ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის “რეალს” აჯობა (1:1;1:0). ასეთი დასაწყისის შემდეგ, ბევრს მიაჩნდა, რომ “ატლეტიკო” კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა, თუმცა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი საამსეზონოდ სამეულში შესვლა იქნებოდა, გიგანტებთან ჭიდილი გაუჭირდებოდათ და მათი კონკურენტები უფრო “ვალენსია” და “სევილია” იქნებოდნენ. პრინციპში, არგენტინელი სპეციალისტი მართალი გახლდათ, რადგან ზაფხულში მომხდარი ცვლილებების შემდეგ გუნდს შეთამაშება, ხოლო ახალ მოთამაშეებს კლუბის სათამაშო სტილთან შეგუება სჭირდებოდა.

თავიდანვე გამოჩნდა, რომ მწვრთნელი სიტუაციას რეალურად აფასებდა. საწყის 6 ტურში მადრიდულმა გრანდმა 2 მატჩის მოგება ისეთ კლუბებთან ვერ შეძლო, როგორებიც “სელტა” (შინ 2:2) და “რაიო ვალეკანო” (გასვლა 0:0) არიან. სამაგიეროდ, სიმეონეს შეგირდებმა გასვლაზე “რეალს” აჯობეს (2:1), ხოლო “ვისენტე კალდერონზე” “სევილია” გაანადგურეს (4:0). მიუხედავად ამისა, აშკარა გახლდათ, რომ “ატლეტიკოს” სტაბილურობა და შეთამაშება აკლდა.

მე-7 ტურში მადრიდელებმა უკვე პირველი მარცხიც იგემეს. ისინი “ვალენსიასთან” “მესტალიაზე” დამარცხდნენ (1:3).

წლის ბოლო მატჩი “ვისენტე კალდერონზე” და პირველი წაგება

“ვალენსიასთან” მარცხის შემდეგ, მადრიდელებმა 7 შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 6 მოიგეს (“ესპანიოლთან”, “ხეტაფესთან”, “კორდობასთან”, “მალაგასთან”, “დეპორტივოსთან” და “ელჩესთან”), ხოლო “სოსიედადთან” სტუმრად დამარცხდნენ (2:1). 14 დეკემბერს “როხიბლანკო” 2014 წელს ბოლო საშინაო მატჩს ატარებდა “ვისენტე კალდერონზე” და იმ შემთხვევაში, თუ “ვილიარეალთან” არ დამარცხდებოდა, 2014 წელს წაუგებლად დაასრულებდა შინ. მადრიდელთა სამწუხაროდ ასე არ მოხდა და მოულოდნელად, სტუმრებმა იმარჯვეს. ერთადერთი გოლი ნიჭიერმა არგენტინელმა ფორვარდმა ლუსიანო ვიეტომ გაიტანა, რომელსაც აქტიურად უკავშირებენ “ატლეტიკოს”.

ლეგენდის დაბრუნება

2014 წელი “ატლეტიკომ” კარგად დაასრულა. კლუბმა გასვლაზე “ბილბაო” გაანადგურა (4:1) და რაც მთავარია, ჰეთ-თრიკით გამოირჩა კლუბის ახალწვეული ანტუან გრიზმანი, რომელიც ნელ-ნელა იწყებდა თავის საუკეთესო თვისებების გამოვლენას. 2014 წლის კარგ დასასრულს, 2015 წლის დიდებული დაწყება მოჰყვა. “ატლეტიკომ” და “მილანმა” შეთანხმებას მიაღიეს, რომლის მიხედვითაც ფერნანდო ტორესს და ალესიო ჩერჩის ცვლიდნენ. ამ უკანასკნელმა “ატლეტიკოში” ვერაფრით გამოიჩინა თავი, თუმცა კლუბის ქომაგთა სიყვარული მაინც დაიმსახურა, რადგანაც სწორედ მისი წყალობით ბრუნდებოდა მათი კუმირი შინ.

5 იანვარს ტორესი ოფიციალურად გახდა “ატლეტიკოს” ფეხბურთელი, ხოლო 8-ში ესპანეთის თასზე “რეალის” წინააღმდეგ ითამაშა. 12-ში უკვე ხელმეორე დებიუტი ჰქონდა ლა ლიგაში. მისი გუნდი “ნოუ კამპზე” “ბარსელონასთან” დამარცხდა (1:3). სამაგიეროდ, შემდეგი მატჩი აღმოჩნდა წარმატებული ტორესისთვის. მან “სანტიაგო ბერნაბეუზე” დუბლი შეუსრულა “რეალს” და ესპანეთის თასს გამოთიშა. სულ ფერნანდომ 26 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ნელ-ნელა ეწყობა მშობლიურ კლუბს და მომავალ სეზონში მისი გაცილებით ეიმედებათ.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი დატოვა კრისტიან როდრიგესმა, რომელმაც “პარმას” მიაშურა. გაირკვა, რომ ახალწვეული ანხელ კორეა, რომელსაც გულზე პრობლემები ჰქონდა, მომდევნო სეზონამდე ვერ შეძლებდა თამაშს.

პირველი წრე “ატლეტიკომ” მე-3 ადგილზე დაასრულა. კლუბი ლიდერ “რეალს” 4 ქულით ჩამორჩებოდა, ხოლო მე-4 ადგილოსან “სევილიას” 2 ქულით უსწრებდა.

ისტორიული გამარჯვება დერბიში

მადრიდელებმა მეორე წრე მშვენივრად დაიწყეს. “რაიო ვალეკანოსთან” და “ეიბართან” დაგეგმილ 3-3 ქულას, ისტორიული გამარჯვება მოჰყვა მადრიდულ დერბიში. “როხიბლაკომ” საძულველ მეტოქეს შინ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და ცოტა რომ გამართლებოდა, მეტსაც გაუტანდა. გოლების გატანა ტიაგომ, საულმა, გრიზმანმა და მანძუკიჩმა მოახერხეს. აღსანიშნავია, ფერნანდო ტორესის გადაცემა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა.

მცირე კრიზისი


“რეალის” განადგურების შემდეგ “ატლეტიკომ” მოუკლო და მომდევნო 5 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა “ალმერიასთან” (3:0), წააგო ვიგოში “სელტასთან (0:2), ხოლო “სევილიასთან”, “ვალენსიასთან” და “ესპანიოლთან” ქულები გაიყო, რასაც მე-3 ადგილის დაკარგვა მოჰყვა. 27-ე ტურის შემდეგ “ატლეტიკო” “ვალენსიას” ქულით ჩამორჩებოდა.

გრიზმანი შეუჩერებელი ხდება

სეზონის ბოლოს კიდევ უფრო მოუმატა და შეუჩერებელი გახდა ფრანგი შემტევი ანტუან გრიზმანი. მომდევნო 7 თამაშში მან რვა გოლი გაიტანა და ლა ლიგაში აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამ შვიდ მატჩში “ატლეტიკომ” მხოლოდ “ლა როსალედაზე” დაკარგა ქულები “მალაგასთან”, სადაც გრიზმანი დუბლით გამოირჩა. გრიზმანმა დასრულებულ ლა ლიგაში 37 შეხვედრა ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც ახალწვეულის კვალობაზე დიდებული შედეგია. თანაც, ანტუანი გამოკვეთილი ცენტრფორვარდი არაა.

34-ე ტურის შემდეგ “როხიბლანკო” უკვე 6 ქულით უსწრებდა მე-4 ადგილოსან “ვალენსიას”.

ბოლო ტურები მოუგებლად

ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი “ატლეტიკო” მოდუნდა, რაც კინაღამ მე-3 ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა. საბოლოოდ, მადრიდელებმა 78 ქულა დააგროვეს და ერთი ქულით გაუსწრეს “ვალენსიას”, ხოლო “სევილიას” ორით. 100%-ით გამართლდა დიეგო სიმეონეს წინასასეზონო სიტყვები, “რეალთან” ჩამორჩენამ 14, ხოლო “ბარსასთან” 16 ქულა შეადგინა.

ლა ლიგის ბოლო ოთხ მატჩში “ატლეტიკომ” მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა. ფრეები “ლევანტესთან”, “გრანადასთან” (გასვლაზე) და “ბილბაოსთან” (შინ), ხოლო “ბარსელონასთან” შინ მარცხი. აღსანიშნავია, რომ სწორედ “ატლეტიკოსთან” მატჩში მოიპოვა ჩემპიონობა “ბარსამ”. შეიძლება ითქვას, რომ “ბლაუგრანამ” საჩემპიონო ტიტული წინა გამარჯვებულისგან გადაიბარა, რომელმაც ასევე მეტოქის სტადიონზე გაინაღდა პირველობა.

დასკვნა

“ატლეტიკომ” ის მიზანი შეასრულა, რაც დიეგო სიმეონემ დაისახა სეზონის წინ. წინა ზაფხულში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა და ყველაფრიდან გამომდინარე, შედეგი ურიგო ნამდვილად არაა. კლუბში სერიოზული ინვესტიციები ჩაიდო და როგორც იწერება, ზაფხულში “როხიბლანკო” სერიოზულად გაძლიერდება. ასე რომ, წესით მადრიდელებმა მომავალ სეზონში ტიტულისთვის უნდა იბრძოლონ.

“ატლეტიკოს” სეზონის შეფასება – 8
საუკეთესო ახალწვეული – ანტუან გრიზმანი 37 მატჩი, 22 გოლი და 3 საგოლე გადაცემა
წარუმატებელი ტრანსფერი – ალესიო ჩერჩი 6 მატჩი
საუკეთესო მოთამაშე -ანტუან გრიზმანი 37 მატჩი, 22 გოლი და 3 საგოლე გადაცემა
ყველაზე ცუდი მოთამაშე –კანი 4 მატჩი
მწვრთნელის შეფასება – 8
სეზონის საუკეთესო მატჩი – “ატლეტიკო” – “რეალი” 4:0
სეზონი ყველაზე ცუდი მატჩი – “სელტა” – “ატლეტიკო” 2:0

“ატლეტიკოს” 2014/2015 წლების შემადგენლობა:

მეკარეები


1.მიგელ ანხელ მოია
13.იან ობლაკი

მცველები

2.დიეგო გოდინი
3.გილერმე სიკეირა
15.კრისტიან ანსალდი
18.ხესუს გამესი
20.ხუანფრანი
23.ჟოაო მირანდა
24.ხოსე ხიმენესი
28.ლუკასი

ნახევარმცველები

4.მარიო სუარესი
5.ტიაგო მენდეში
6.კოკე
8.რაულ გარსია
10.არდა თურანი
14.გაბი
17.საულ ნიგუეზი
22.კანი

თავდამსხმელები


7.ანტუან გრიზმანი
9.მარიო მანძუკიჩი
11.რაულ ხიმენესი
19.ფერნანდო ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ასისტენტი: ხერმან ბურგოსი

შენიშვნა – მონაცემები მოყვანილია ლა ლიგის მატჩების მიხედვით

0.122444