ფეხბურთი

22:26 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: "იღბალი ჩვენს მხარეს იყო"

საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალში თბილისის "დინამომ" საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკოფერენციაზე მხოლოდ გამარჯვებული გუნდის მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე გამოცხადდა, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"პირველ ყოვლისა ვიტყოდი, რომ არადამახასიათებელი ფინალი იყო. ვფიქრობ, მესამე გოლმა თამაშზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. "სამტრედია" საკმაოდ გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, თუმცა დღეს იღბალი აშკარად ჩვენს მხარეს იყო. ამის მიუხედავად არ მინდა ჩემს ფეხბურთელებს გარჯა და კარგი თამაში დავუკარგო. პირადად ჩემთვის თასის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ ისეთი კაცის სახელს ატარებს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, არამარტო მე, არამედ მთელი საქართველო.

- მას შემდეგ, რაც "დინამო" თქვენ ჩაიბარეთ, გუნდმა ორ თამაშში 8 გოლის გატანა მოახერხა. ხომ არ მიუთითებს ეს იმაზე, რომ თქვენი გუნდის შემტევი პოცენტიალი საკმაოდ დიდია და ევროტურნირებისთვის გაძლიერებას უფრო სხვა რგოლები საჭიროებენ?

- გუნდში ახალი მოსული ვარ და აქამდე მხოლოდ ამ ორ თამაშზე ვიყავი კონცენტრირებული. ახლა ნამდვილად არ შემიძლია იმის თქმა, თუ რომელი რგოლში უფრო გვჭირდება გაძლიერება.

- 2004 წელს იმავე "დინამოსთან" ერთად თასის ფინალში ქუთაისის "ტორპედოს" აჯობეთ. შეგიძლიათ შეადაროთ ეს ორი თამაში?

- მაშინ სხვა გუნდი იყო, სხვა ფეხბურთელები იყვნენ, ახლა კი სხვა გუნდი და ფეხბურთელებია. შედარების გაკეთება რთულია.

"სამტრედიას" მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე პრესკონფერენციაზე არ გამოცხადებულა.

0.128746