ფეხბურთი

12:08 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის “კოლხეთმა” გასული სეზონი შეაჯამა

25 მაისს ფოთის “კოლხეთი 1913” –მა ქალაქის ცენტრალური სტადიონის დარბაზში სეზონის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. გუნდის გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ, მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა და “კოლხეთის” კაპიტანმა ლაშა გოგონაიამ მედიის წარმომადგენლების და “კოლხეთი 1913”-ის გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხეს. პრესკონფერენციას დაესწრნენ ასევე ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები და გუნდის ხელმძღვანელობას თანადგომას და მეტ ყურადღებას დაპირდნენ მომავალ სეზონში.

ზაზა ინაშვილი: (“კოლხეთი 1913”-ის მთავარი მწვრთნელი”) “მოგესალმებით ყველას. დასრულდა 26-ე ეროვნული ჩემპიონატი და დღეს ერთგვარი შეჯამება ხდება განვლილი სეზონის. პირველ რიგში ჩემს ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ მოედანზე არ გვიწევდა თამაში და იყო სხვა სახის პრობლემები, ბოლომდე იბრძოლეს და არცერთ თამაშზე არ დაუზოგავთ თავი. განსაკუთრებით წარმატებული იყო ჩემი მუშაობის მეორე სეზონი. ფეხბურთელები რომლებიც მოვიყვანეთ მეორე სეზონში ყველამ გაამართლა და ყველამ შეიტანა წვლილი “კოლხეთის” წარმატებულ თამაშში. რაც შეეხება მომავალ სეზონს, გუნდს სწორი კურსი აქვს აღებული და შევეცდებით უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. იმედი გვაქვს, ფინანსური კუთხით უფრო მეტი ყურადგება მიექცევა კლუბს და ამას შედეგიც მოჰყვება. ფეხბურთელების უმეტესობას ჩვენთან კონტრაქტი ამოეწურა, ზოგიერთი ფეხბურთელი სხვა კლუბში აპირებს კარიერის გაგრძელებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უმეტესობა კი გააგრძელებს კონტრაქტს “კოლხეთთან”, აუცილებლად იქნება შევსებაც და მაქსიმუმს გავაკეთებთ. ცუდია, რომ ახალი სეზონის დაწყებაც სხვა ქალაქის სტადიონზე მოგვიწევს, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც გვეუბნებიან, ახალ წლამდე შეუძლებელი იქნება ჩვენს სტადიონზე თამაში”.

თემურ ბარქაია: (“კოლხეთი 1913-სი გენერალური დირექტორი) “პირველ რიგში საქართველოს ჩემპიონს გორის “დილას” ვულოცავ ტიტულის მოპოვებას და წარმატებები მინდა ვუსურვო ევროასპარეზზე. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მოგეხსენებათ, მრავალი პრობლემის ფონზე გვიწევდა ასპარეზობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტადიონი არ აქვს გუნდს და იქ ვთამაშობდით, სადაც ცარიელ სტადიონს ვნახავდით. მიუხედავად ამისა ბიჭების სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ მაქსიმუმი გააკეთეს და ძალიან მებრძოლი გუნდი ჩამოყალიბდა. მეორე სეზონში კურსი შევცვალეთ. აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთეთ და ამან გაამართლა. ის საფეხბურთო პირობები, რომ გვქონდა, რაც გუნდს სჭირდება და საკუთარ სტადიონზე რომ გვეთამაშა, თამამად ვიტყვი, რომ გუნდი ხუთეულში მოხვედრასაც შეძლებდა. დაფინანსების კუთხით ჩვენ ერთ-ერთი ბოლო ვიყავით ეროვნული ჩემპიონატის გუნდებიდან. ქალაქის ბიუჯეტს არ გააჩნია შესაბამისი თანხა, რათა უფრო მეტი გამოეყო. აქედან გამომდინარე, ეს წელი დადებითად უნდა შეფასდეს. ჩვენ, როცა პირველი წრის შემაჯამებელი შეხვედრა გავმართეთ გულშემატკივრებთან და მედიის წარმიომადგენლებთან, გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოს იყო და მათ შევპირდი, რომ “კოლხეთი” არ გავარდებოდა. ეს პირობა შესრულებულია. ის, რომ გუნდი სწორ გზაზეა, ამაში ლომის წვლილი მიუძღვის მთავარ მწვრთნელს ზაზა ინაშვილს. ის იმითაც გამოირჩევა, რომ ფეხბურთელებს არ უფერხებს კარიერას და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს აძლევს “კოლხეთში” კარგი თამაშის შემდეგ უცხოეთში წავიდეს და უფრო დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ამის დასტურია შენგელია და ბერიძე”.

ლაშა გოგონაია: (“კოლხეთი 1913”-ის კაპიტანი): “მოგესალმებით, უპირველესად ჩვენ ერთგულ გულშემატკივარს მადლობა მინდა გადავუხადო, იმისთვის რომ ყველგან დაგვყვებიან და მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს. რაც შეეხება ჩვენს მიერ ნაჩვენებ შედეგს, ათეულში მოვხდით და იმ პრობლემების ფონზე, რაც გუნდს ჰქონდა, ვფიქრობ ნორმალური შედეგია და იმედი გვაქვს, მომავალ სეზონში მეტი ყურადღება ექნება გუნდს და ჩვენც შევეცდებით, ვიბრძოლოთ და მეტი წარმატება მოვიპოვოთ”.

“კოლხეთი 1913” მომავალ წელს ევროტურნირებისთვის იბრძოლებს

თემურ ბარქაიამ დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ მომავალ სეზონში “კოლხეთი” ევროსაგზურისთვის იბრძოლებს. “ყველა გუნდს აქვს ამბიცია და მეტის გაკეთების სურვილი. ბუნებრივია, ყოველ წელს არ ვიფიქრბთ, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. გუნდის მიერ ჩატარებულმა მეორე სეზონმა დაგვანახა, რომ “კოლხეთი 1913”-ს აქვს იმის რესურსი თუ დაფინასნების კუთხით გამოსწორდა სიტუაცია, ევროტურნირებისთვის იბრძოლოს და მომავალ სეზონში ეს იქნება ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი”.

“კოლხეთში 1913”-ში კენიის ნაკრების ფეხბურთელი ითამაშებს

“კოლხეთი 1913”-ის სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობიაა. ის თანამშრომლობს ბელგიურ სამენეჯერო კოპმანიასთან. ეს ხელს უწყობს “კოლხეთი 1913”-ში მოთამაშე ფეხბურთელების სამომავლოდ უცხოეთში თამაშის გაგრძელებას. ამის მაგალითია შენგელია და ბერიძე, რომლებიც სინჯებზე არიან და უცხოეთში რომ გააგრძელებენ კარიერას, თითქმის გადაწყვეტილია. ზაზა ინაშვილის თქმით, “კოლხეთი 1913” გაძლიერებასაც აპირებს და საუბარია 2 მაღალი დონის უცხოელი ფეხბურთელის დამატებაზე, მათ შორის ერთ-ერთი კენიის ეროვნული ნაკრების წევრია.

ფოთში ფანშოპის კულტურა დაინერგება

ფოთში 15 ივნისამდე გაიხსნება კლუბის ფანშოპი, გულშემატკივრებისთვის მაღაზია, სადაც იქნება ყველა სახის პროდუქცია ხელმისაწვდომი ფასებით, იქნება კლუბის ორიგინალი მაისურები, შარფები და ყველა ის ატრიბუტიკა, რაც ქომაგს აინტერესებს და სჭირდება.

“კოლხეთი 1913” ქველმოქმედებისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა

საქველმოქმედო ფონდ “თანადგომა 2014”-ის დირექტორმა ედემ ელერჯიამ საფეხბურთო კლუბი ფოთის “კოლეხთი 1913” მადლობის სიგელით დააჯილდოვა, გუნდის მიერ ფონდისადმი გაწეული დახმარებისთვის და თანადგომისთვის. საქველმოქმედო ფონდი “თანადგომა 2014” სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ეხმარება, ფოთის “კოლხეთი 1913” და მისი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი პირველი გამოეხმაურა ფონდს და “კოლხეთი 1913” და მისი ხელმძღვანელობა, ყოველთვიურად თავიანთი ხელფასიდან შეგროვებული თანხით ეხმარებიან ფონდს.

0.113634