ფეხბურთი

18:11 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის შეჯამება – “ბარსელონა”

მაშ ასე, დასრულდა ესპანეთის 2014/2015 წლების სეზონის ჩემპიონატი, რომელმაც “ბარსელონას” ტრიუმფით ჩაიარა. დღეიდან, ახალი სეზონის დაწყებამდე შემოგთავაზებთ ლა ლიგის ყველა კლუბის საამსეზონო გამოსვლის მოკლე მიმოხილვას. აწ უკვე განვლილი სეზონის შეჯამებას რასაკვირველია ჩემპიონი “ბარსელონათი” ვიწყებთ.

ტრანსფერები

“ბარსელონას” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მეტად ნაყოფიერი კამპანია გამოუვიდა. კლუბმა ჟერემი მატიე, ტომას ვერმაელენი, დუგლასი, კლაუდიო ბრავო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ივან რაკიტიჩი და ლუის სუარესი დაიმატა. ერთადერთი, ვიზეც შეიძლება ითქვას, რომ ვერ გაამართლა – დუგლასია, ხოლო ტომას ვერმაელენს უბრალოდ თამაში არ დასცალდა ტრავმების გამო და მისი როლი კატალონიურ გრანდში მომავალ სეზონში გამოჩნდება. რაც შეეხება ტერ შტეგენს, გერმანელ კიპერს ლა ლიგაში თამაში არ უწევს, თუმცა თავის მაღალ კლასს ჩემპიონთა ლიგაზე და ესპანეთის თასზე ამტკიცებს. კატალონიელთა რიგებში მოხდა სამწვრთნელო ცვლილებაც, ხერარდო მარტინო ლუის ენრიკემ შეცვალა.

სეზონის დასაწყისი

“ბლაუგრანას”, რომელსაც სეზონის სტარტზე დისკვალიფიცირებული ლუის სუარესი აკლდა, შთამბეჭდავი სტარტი ჰქონდა. “ბარსამ” საწყისი რვა შეხვედრა საკუთარი კარი მშრალად შეინახა და ქულები მხოლოდ “მალაგასთან” გასვლაზე დაკარგა (0:0). ურუგვაელი ვარსკვლავის არყოფნის გამო, თამაში ხშირად უწევდათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სანდრო რამირესსა და მუნირ ელ ჰადადის, რომლებიც ლუისის გამოჩენის შემდეგ კვლავ მეორე გუნდში გადაბარგდნენ. კლაუდიო ბრავოს მშრალი სერია მე-9 ტურში “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეწყდა, “ბარსელონა” საძულველ მეტოქესთან “რეალთან” დამარცხდა (1:3). აღსანიშნავია, რომ ელ კლასიკოში შედგა ლუის სუარესის დებიუტი, რომელმაც 69 წუთი დაჰყო მინდორზე და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მცირე კრიზისი და მრისხანე ტრიოს შექმნა

“რეალთან” წაგებულ მარცხს “ნოუ კამპზე” ვიგოს “სელტასთან” მარცხი მოჰყვა (0:1). შემდგომ სამ მატჩში “ბლაუგრანამ” იმარჯვა (“ალმერიასთან”, “სევილიათან” და “ვალენსიასთან”), თუმცა ანდალუსიელებთან შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, “ბარსას” ძალიან უჭირდა. მე-15 ტურში “ბლაუგრანამ” გასვლაზე “ხეტაფეს” დაშორდა უგოლოდ, ხოლო მე-17 ტურში გასვლაზე “სოსიედადთან” წააგო, რასაც ლუის ენრიკეს შესაძლო გაშვებაზე საუბარი მოჰყვა პრესაში და მომდევნო მატჩში “ატლეტიკოსთან” მოგება (3:1) რომ არა, არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ორიოდე სიტყვა კვლავ ლუის სუარესზე უნდა ვთქვათ, ურუგვაელი თავიდანვე კარგად მოერგო კლუბს და ხუთი საგოლე გადაცემით გამოირჩა, თუმცა პირველი გოლი მხოლოდ მე-16 ტურში გაიტანა. ლუისმა სადებიუტო გოლი “კორდობას” გაუტანა. იგი ნელ-ნელა ეწყობოდა ლიონელ მესის და ნეიმარს. ცხადი იყო, რომ ნელ-ნელა სამეული თამაშდებოდა და სულ მალე ტრიოს შეჩერება წარმოუდგენლად რთული იქნებოდა. პირველი წრის შემდეგ “ბარსელონა” მე-2 ადგილზე იყო და მადრიდის “რეალს” ქულით ჩამორჩებოდა.

იდეალური მეორე წრე

სეზონის პირველი ნახევარი საკმარისი გამოდგა ახალწვეულების შესათამაშებლად და მეორე ნახევარში კატალონიური გრანდი კიდევ უფრო შეიკრა და გაძლიერდა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა მეორე წრეში ჩატარებული 19 მატჩიდან 16 მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და შინ “მალაგასთან” წააგეს (0:1). ისიც უნდა ითქვას, რომ საჭირო ქულები მხოლოდ “მედუზებთან” და “სევილიასთან” (2:2) დაიკარგა, ხოლო “დეპორტივოსთან” (2:2) ბოლო ტურში კატალონიელების ჩემპიონობა გადაწყვეტილი გახლდათ და ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ მეტოქეს თავი აღარ შეაკლეს და საკუთარი მიზნის განხორციელების საშუალება მისცეს. “ნოუ კამპის” მკვიდრმა “სევილიას” გარდა, მეორე წრეში ყველა ძლიერი კლუბი: “რეალი” (2:1), “ატლეტიკო” (1:0), “ვალენსია” (2:0), “ვილიარეალი” (3:2) და “ბილბაო” (5:2) დაამარცხა. გოლების გატანა დაიწყო ლუის სუარესმა და ლიონელ მესისთან და ნეიმართან ერთად შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. ტრიომ საბოლოო ჯამში 81 გოლი გაიტანა: მესიმ – 43, ნეიმარმა – 22, ხოლო სუარესმა – 16. სულ კატალონიურმა გრანდმა 110 გოლის გატანა მოახერხა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ “რეალს” ჩამორჩა, რომელმაც 8 გოლით მეტი გაიტანა, თუმცა 17 ბურთით მეტი გაუშვა.
აღსანიშნავია, ლა ლიგის ბოლო ტურში ორი ფეხბურთელის ტომას ვერმაელენისა და ხორდი მასიპის დებიუტი. მათი პირველი ნაბიჯების საპირისპიროდ, დასრულდა ლეგენდარული ხავი ერნანდესის “ბარსელონური” კარიერა. 35 წლის ფეხბურთელმა “ბლაუგრანას” რიგებში 765 შეხვედრა ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა. “დეპორტივოსთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდგომ, მან საჩემპიონო ტიტული ჩაიბარა და თვალცრემლიანი დაემშვიდობა “ნოუ კამპზე” შეკრებილ პუბლიკას. ხავიმ “ბარსელონას” 23-ე საჩემპიონო თასი აღმართა. აღნიშვნის ღირსია, კლაუდიო ბრავოსა და დაცვის ხაზის საიმედო თამაში. “ბარსამ” მხოლოდ 21 გოლი გაუშვა და აქედან 19 ბრავომ, რითაც ზამორას სახელობის პრიზი დაიმსახურა.

“ბარსელონას” სეზონი შეფასება – 9.5/10
საუკეთესო ახალწვეული – ლუის სუარესი 26 მატჩი, 16 გოლი და 17 საგოლე გადაცემა
წარუმატებელი ახალწვეული – დუგლასი 2 მატჩი
საუკეთესო მოთამაშე – ლიონელ მესი 38 მატჩი, 43 გოლი და 21 საგოლე გადაცემა
ყველაზე ცუდი მოთამაშე – მარტინ მონტოია 8 მატჩი
სეზონის აღმოჩენა – სანდრო რამირესი 7 მატჩი, 2 გოლი
მწვრთნელის შეფასება – 9.5
სეზონის საუკეთესო მატჩი – “ბარსელონა” – “სევილია” 5:1
სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი – “ბარსელონა” – “მალაგა” 0:1

“ბარსელონას” 2014/2015 წლების სეზონის შემადგენლობა:

მეკარეები


13.კლაუდიო ბრავო
1.მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
25.ხორდი მასიპი

მცველები

2.მარტინ მონტოია
3.ხერარდ პიკე
15.მარკ ბარტრა
16.დუგლასი
18.ხორდი ალბა
21.ადრიანო
22.დანი ალვეში
23.ტომას ვერმაელენი
24.ჟერემი მატიე

ნახევარმცველები

4.ივან რაკიტიჩი
5.სერხიო ბუსკეტსი
6.ხავი ერნანდესი
8.ანდრეს ინიესტა
12.რაფინია ალკანტარა
14.ხავიერ მასკერანო
20.სერხი რობერტო

თავდამსხმელები

7.პედრო როდრიგესი
9.ლუის სუარესი
10.ლიონელ მესი
11.ნეიმარი
29.სანდრო რამირესი
31.მუნირ ელ ჰადადი

მწვრთნელი

ლუის ენრიკე


შენიშვნა – მონაცემები მოყვანილია ლა ლიგის მატჩების მიხედვით

0.154207