ფეხბურთი

15:23 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენციაში ძველი ნაცნობი გაახსენდათ

ფლორენციის "ფიორენტინას" შესაძლოა მომავალი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს. ამის შესახებ იტალიური მედია აქტიურად იუწყება. ფლორენციაში გუნდის ამჟამინდელი თავკაცის ვინჩენცო მონტელას მუშაობით კმაყოფილნი არ არიან.

"იებმა" სეზონის წინ დასახული ამოცანა ვერ შეასრულეს და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩნენ. იტალიის თასსა და ევროპის ლიგას კი ნახევარფინალური ეტაპიდან დაემშვიდობნენ.

იტალიელი ჟურნალისტები მონტელას შემცვლელად ორ კანდიდატურას აქტიურად ასახელებენ. საუბარი ლუჩანო სპალეტისა და ჩეზარე პრანდელიზეა. სპალეტი სანქტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" წამოსვლის შემდგომ უმუშევარია, ხოლო პრანდელი სტამბოლის "გალათასარაიდან".

აღსანიშნავია, რომ პრანდელი "არტემიო ფრანკიზე" 2005-2010 წლებში მუშაობდა და საკმაოდ წარმატებითაც. მან "ფიორენტინა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ გაიყვანა, ერთხელ კი მერვედფინალიც ათამაშა. 2007-2008 წლების სეზონში კი მისი ხელმძღვანელობით "იები" უეფას თასის ნახევარფინალშიც გავიდნენ.

"ფიორენტინა" სერია A-ს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 61 ქულით მეხუთე ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზური გარანტირებული აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124044