ჭაბუა ამირეჯიბის გმირების - ბუდარა და ბუდარეხასი არ იყოს, ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი, ლუიშ ფიგუ და მისი მეუღლე, ელენ სვედინი ყველგან ერთად დადიან და მათი განუყრელობა ევროპის ბულვარული პრესისათვის უკვე კარგა ხანია საქილიკო და სახითხითო ამბადაა ქცეული.
ელენ სვედინი რბილად რომ ვთქვათ, მაინცა და მაინც სუფთა წარსულით არ გამოირჩევა და იგი ერთ დროს პორნომსახიობიც კი გახლდათ, თუმცა ახლა ჭეშმარიტი მეუღლისა და მეოჯახე ქალის ამპლუა შესანიშნავად აქვს მორგებული და როცა კი ამის შანსი მიეცემა, ლუიშ ფიგუსადმი დიდ, ამოუწურავ და მთრთოლვარე სიყვარულზე საუბრობს.
ამ წყვილის განუყრელობა კარგად გამოიყენა ნატურალური წვენების მწარმოებელმა ერთ-ერთმა ესპანურმა კომპანიამ და ლუიშსა და ელენს გაუფორმა საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი. კონტრაქტის მიხედვით, მათ კომბინირებული (სხვადასხვა ხილისგან დამზადებული) წვენის ქაღალდის პაკეტებზე დაახატებენ, როგორც ამ ინგრედიენტების ერთად მომზადების სიმბოლოს.







