ფეხბურთი

19:35 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" კუადრადოს შეელევა

ლონდონის "ჩელსი" შესაძლოა ზაფხულში კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ დატოვოს. 26 წლის ფეხბურთელი "არისტოკრატებმა" იანვარში ფლორენციის "ფიორენტინადან" 33 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდეს და ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი 6 თვიანი იჯარით იტალიელებს დაუთმეს. თუმცა სამხრეთამერიკელი შემტევი ჟოზე მოურინიოს გუნდს ვერაფრით მოერგო.

კუადრადომ ლონდონელთა ღირსება ჯამში მხოლოდ 13-ჯერ დაიცვა და გოლის გატანა ვერ მოახერხა. ინგლისელი ჟურნალისტების ინფორმაციით, "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რაჰიმ სტერლინგის ან ანტუან გრიზმანის ყიდვას შეეცდება, რაც კუადრადოს გუნდიდან წასვლის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.

ინგლისის ჩემპიონი კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელს დღეისათვის 25 მილიონ გირვანქად აფასებს. ალბიონური მედიის ცნობით, ფეხბურთელი კარიერას ისევ იტალიაში ან ესპანეთში გააგრძელებს.

0.116163