ფეხბურთი

17:24 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა - ნახევარფინალების შემდეგ

უეფას ევროპის ლიგის ფინალისტები გაირკვა. ვარშავაში ერთმანეთს ესპანური "სევილია" და უკრაინული "დნიპრო" დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალებში მათ იტალიური გუნდები, "ფიორენტინა" და "ნაპოლი" დაამარცხეს. ამ თამაშების შემდეგ საკმაოდ საინტერესო სტატისტიკური მონაცემები დაგროვდა.

"სევილიამ" ფლორენციის "ფიორენტინა" ორი მატჩის ჯამში 5:0 გაანადგურა. ევროპის ლიგაზე კი აქამდე ნახევარფინალში ხუთბურთიანი სხვაობით არავის მოეგო. საუკეთესო შედეგი სამბურთიანი განსხვავება იყო ("პორტუ" - "ვილიარეალი" 7:4 2010-2011, "ატლეტიკო" - "ვალენსია" 5:2 2011-2012, "ჩელსი" - "ბაზელი" 5:2 2012-2013).

"სევილია" მესამე გუნდი გახდა, "ატლეტიკოსა" და "ბენფიკას" შემდეგ, რომელიც ევროპის ლიგის ფინალში მიჯრით მეორედ გავიდა.

"დნიპრომ" თავის ისტორიაში ევროტურნირების ფინალში გასვლა პირველად მოახერხა.

"სევილიას" შეუძლია ესპანეთს მეექვსე ევროპის ლიგის ფინალიდან მეოთხე მოაგებინოს. აქამდე ესპანურ გუნდებს ფინალში სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან მარცხი არ განუცდიათ.

თუ უეფას თასის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ფინალში (15) იტალიური გუნდები გასულან და ყველაზე მეტჯერვე მოუგიათ (9-ჯერ), მათთვის ევროპის ლიგაზე პირიქით ხდება - იტალიურ გუნდს ჯერჯერობით ფინალში არ გაუღწევია.

მიმდინარე სეზონის ფინალში ერთმანეთს ის მწვრთნელები დაუპირისპირდებიან, რომელთაც ევროპის ლიგაზე ყველაზე მეტჯერ გაუწვრთნიათ გუნდები - უნაი ემერისთვის ფინალი 50-ე მატჩი იქნება, ხოლო მირონ მარკევიჩისთვის - 42-ე.

კარლოს ბაკამ "ფიორენტინასთან" მატჩში ევროპის ლიგაზე მე-10 გოლი გაიტანა. იგი გახდა 21-ე ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირზე გატანილი გოლების მხრივ ორნიშნა ციფრს უწია.

"სევილიას" მიმდინარე სეზონში უკვე 26 გატანილი გოლი დაუგროვდა და "ნაპოლის" გაუთანაბრდა. თავის მხრივ, თავისივე შარშანდელი შედეგი (22 გოლი) გააუმჯობესა.

იური სელეზნიოვმა და აკრლოს ბაკამ, რომელთაც ორივე ნახევარფინალურ მატჩში გაიტანეს გოლები, ერთგვარი ტრადიცია გააგრძელეს - აქამდეც ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ორივე შეხვედრაში გატანას ყოველ წელს ახერხებდნენ. წლევანდლამდე ეს დიეგო ფორლანს (2009-2010), რადამელ ფალკაოს და კანის (2010-2011), ადრიან ლოპესს (2011-2012), ვიქტორ მოზესსა და დავიდ ლუიზს (2012-2013), სტეფან მბიას (2013-2014) მოუხერხებიათ.

0.13555